შაქრიანი დიაბეტი

შობა-ახალი წელი და დიაბეტი

ახალი წლის დღეები განსაკუთრებული პერიოდია ყველასთვის. ამ დღესასწაულს ქმნის ოჯახური გარემო, ლამაზი დეკორაციები, საჩუქრები და რა თქმა უნდა, გემრიელი და მრავალფეროვანი საკვები, რაც დიაბეტის მქონე ადამიანისთვის შესაძლოა თავსატეხად იქცეს.

როგორ შევძლოთ ამ დღეების ისე გადატანა, რომ თავი დაჩაგრულად არ ვიგრძნოთ, განწყობა არ გავიფუჭოთ და ორგანიზმსაც არ მივაყენოთ სერიოზული ზიანი?

ბოლოს და ბოლოს ერთი დღით ყველას გვეკუთვნის, რომ სხვადასხვა პროდუქტის მიღების უფლება მივცეთ თავს, მითუმეტეს, თუ მთელი წელი კარგად ვიქცეოდით და სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში ვინარჩუნებდით შაქრის დონეს. მთავარია ზომიერება!

როგორ შევძლოთ ზომიერების შენარჩუნება და ცდუნებასთან გამკლავება, რამდენიმე რჩევას შეუძლია გაგიმარტივოთ ეს ამოცანა:

მოერიდეთ ხანგრძლივ შიმშილს – ძლიერი შიმშილის შეგრძნებას ყოველთვის მოსდევს დიდი რაოდენობით საკვების მიღება. ამიტომ ვიდრე საახალწლო სუფრა გაიშლება და ოჯახის ყველა წევრი შემოუსხდება მას, წაიხემსეთ წინასწარ ცილოვანი ან ისეთი ბოსტნეულის კერძით, რომელიც არ შეიცავს სახამებელს. ასეთი საკვები ნელა გადამუშავდება ორგანიზმის მიერ და იძლევა დანაყრების შეგრძნებას.

მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი ჭამის წინ – კუჭის წყლით შევსება დაგეხმარებათ ნაადრევად დანყრებაში, მადის შემცირებაში და შესაბამისად, შეამცირებს ზედმეტი საკვების მიღების რისკს.

წინასწარ დაგეგმეთ კვება – კარგი იქნება, თუ ოჯახური საახალწლო მენიუდან წინასწარ დაგეგმავთ, თუ როდის რომელ საკვებს დააგემოვნებთ. ამასთანავე, უზრუნველყავით, რომ საკვების უმეტეს ნაწილს შეადგენდეს ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს. აქვე მცირე გზამკვლევი:

  • სახამებლის შემცველი ბოსტნეული: კარტოფილი, სიმინდი, ბარდა, გოგრა.
  • ბოსტნეული სახამებლის გარეშე: კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ბროკოლი, ხახვი, ბოლოკი, სალათის ფურცელი, ბადრიჯანი, სოკო, სატაცური.

მიირთვით რაც შეიძლება ნელა – ეს დაგეხმარებათ არ გამოგეპაროთ დანაყრების მომენტი და არ მიირთვათ ზედმეტი.

რა თქმა უნდა, პერიოდულად მცირე რაოდენობით საყვარელი ნამცხვრის მირთმევაც შეიძლება და ეს გამონაკლისი დღე სწორედ ახალ წელს შეგვიძლია დავამთხვიოთ. არ დაივიწყოთ, რომ ულუფის სიმცირე მთავარია! ამ შემთხვევაშიც ნელი ტემპით მირთმევა და ასევე ძირითად საკვებზე დესერტად დაყოლება დაგეხმარებათ, რომ მცირე რაოდენობით დაკმაყოფილდეთ.

გადამალეთ საკვები – სასურველია საკვები მუდმივად თვალთახედვის არეში არ ხვდებოდეს. ეს დაგეხმარებათ თავი შეიკავოთ კვებათა შორის პერიოდში. საჭმლის ყურება ყოველთვის აღძრავს მისი მიღების სურვილს.

ჩანაცვლება გასეირნებით – თუ ძალიან მოგშივდათ, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრი გაქვთ მიღებული და ჯერ მომდევნო კვების დროც არ მოსულა, სცადეთ სანაცვლოდ სუფთა ჰაერზე გასეირნება. 20 წუთი საკმარისია კმაყოფილების ჰორმონების: ენდორფინის და სეროტონინის გამომუშავებისთვის.

იკონტროლეთ შაქრის შემცველობა შედარებით ხშირად – რათა საქმის კურსში იყოთ, ძალიან ზედმეტი ხომ არ მოგდით და დროულად შეჩერდეთ.

არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტივობა! პირიქით, შეძლებისდაგვარად გაზარდეთ მისი ინტენსივობა, ეს დაეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს ზედმეტ გლუკოზას და კალორიებს. სადილის შემდეგ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

და ბოლოს,

ნუ დაიდანაშაულებთ თავს – თუ ვერ შეძელით და ერთი დღით დაარღვიეთ გეგმა, ეს ხომ ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორია. ერთეული გამონაკლისები დასაშვებია. გახსოვდეთ, რომ მომდევნო დღე ყველაფრის გამოსწორების შანსს იძლევა.

დიაბეტი და ალკოჰოლი

ალკოჰოლი სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

ალკოჰოლის დღიური დასაშვები რაოდენობა, რომელიც არ ცვლის სიხლში შაქრის დონეს, არის: 100 მლ ღვინო, 330 მლ ლუდი.

უფრო მეტი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს გლიკემიის ჯერ მომატება, შემდეგ კი მკვეთრი დაქვეითება, რაც საზიანოა ორგანიზმისთვის.

ჰიპოგლიკემიის საფრთხე განსაკუთრებით მაღალია ინსულინოთერაპიაზე მყოფი პირებისთვის.

სიმთვრალის სიმპტომები თავის მხრივ წააგავს ჰიპოგლიკემიის სიმპტომებს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შაქრის დაქვეითება ხდება სმის შეწყვეტიდან 16 და მეტი საათის გასვლის შემდეგ.

როგორ შევამციროთ რისკები:

  • არ მიიღოთ ალკოჰოლი ცარიელ კუჭზე და კვების წინ! დალიეთ მხოლოდ საკვებთან ერთად.
  • ალკოჰოლის მიღების შემდეგ ძილის წინ წაიხემსეთ დამატებით, რათა არ მოხდეს ალკოჰოლით გამოწვეული შაქრის ვარდნა ძილის დროს.
  • ნუ ამოირჩევთ შაქართან და გაზირებულ სითხესთან შერეულ ალკოჰოლს, უპირატესობა მიანიჭეთ მშრალ წითელ ღვინოს.
  • გაზარდეთ შაქრის დონის თვითკონტროლის სიხშირე.
  • ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში, მისი სწრაფი კუპირებისთვის გამოიყენეთ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი, მცირე ზომის შოკოლადი ან სხვა მარტივი ნახშირწყლის შემცველი პროდუქტი.
  • შეისწავლეთ წინასწარ როგორ მოქმედებს ალკოჰოლი თქვენს ორგანიზმზე, რათა მზად დახვდეთ მის შესაძლო უარყოფით ზემოქმედებას. ამაში დაგეხმარებათ დალევამდე და მის შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში შაქრის დონის ხშირი გაზომვა.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

გაეცანით ასევე: