ზოგადი

თმის ცვენა ქალებში

თმის ცვენა არის მდგომარეობა, რომელიც მართალია არ ქმნის სიცოცხლისთვის საფრთხეს, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება.

თავის თმიან საფარველზე დაახლოებით 100 000 თმის ფოლიკულია მოთავსებული. ყოველი მათგანი გადის სიცოცხლის საკუთარ ციკლს, რაც მოიცავს ზრდის პროცესს და დასვენებას.

ყოველ მოცემულ მომენტში თმის ფოლიკულის უმრავლესობა იმყოფება ზრდის ფაზაში, რომელიც 2-დან 6 წლამდე გრძელდება.

ამას მოსდევს მოსვენების ფაზა, როცა თმის ზრდა ჩერდება. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 100 დღეა და ის სრულდება თმის ღერის ფოლიკულიდან მოწყვეტით, სადაც იწყება ახალი ღერის ფორმირება.

ნორმად ითვლება ყოველდღიურად 50-100 ღერი თმის დაცვენა და ეს დანაკარგი მუდმივად ბალანსდება ახალი თმის ამოსვლით.

კაცებში თმის ცვენის შემთხვევათა 90% დაკავშირებულია მემკვიდრეობით სიმელოტესთან, ქალების შემთხვევაში კი თმის ცვენის უკან მრავალი მიზეზი შეიძლება იმალებოდეს. მათ შორის ისეთებიც, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე და მკურნალობას საჭიროებს. ამიტომ უმჯობესია თმის ცვენის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ამ მდგომარეობების გამორიცხვით დაიწყოს, რაც პროცესში ენდოკრინოლოგის აქტიურ ჩართულობასაც გულისხმობს, რადგან ხშირად თმის ცვენა სწორედ ენდოკრინული დარღვევების ერთ-ერთი სიმპტომია.

ანდროგენული ალოპეცია

თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი ქალებში არის მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების სიჭარბე ან მათ მიმართ მგრძნობელობის მომატება, რაც ანდროგენული ალოპეციის სახელით არის ცნობილი.

თმის ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლის მიმდინარეობა ანდროგენების მნიშვნელოვანი ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული. ორგანიზმში არსებული ტესტოსტერონის გარდაქმნით მიღებული ჰორმონი დიჰიდროტესტოსტერონი იწვევს თმის ზრდის ფაზის შემოკლებას და დასვენების ფაზაში დაჩქარებულ გადასვლას, რასაც თან ახლავს თმის ფოლიკულის ცვლილებები, რის შედეგადაც ის ზომაში პატარავდება და ხდება უფუნქციო, ვეღარ წარმოქმნის თმის ახალ ღერს.

ქალის ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. მისი დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია იმდენედაც, რომ თმის ცვენის გარდა აქვს მრავალი უარყოფითი შედეგი: უშვილობა, ინსულინრეზისტენტობის სინდრომი და სხვა.

ანდროგენული ალოპეციის შემთხვევების მეორე დიდი ჯგუფი გენეტიკურია. ამ დროს არ არის აუცილებელი ტესტოსტერონის რაოდენობის მატებას ჰქონდეს ადგილი, რადგან გენეტიკურადაა განპირობებული მის მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა, ისე, რომ ნორმული რაოდენობაც კი მაინც ხდება პრობლემების, მათ შორის თმის ცვენის გამომწვევი.

ასეთი ტიპის გენეტიკური ალოპეციის განკურნება შეუძლებელია. სხვადასხვა ადგილობრივ თუ სისტემურ სამკურნალო საშუალებებს აქვს ეფექტი მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენებისას და მხოლოდ მათი მიღების პერიოდში. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მიღწეული შედეგი ვერ ნარჩუნდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ჩარევა, ვიდრე თმის ფოლიკულში შეუქცევადი ცვლილებები დაიწყება და მისი ფუნქცია ჯერ კიდვ შენარჩუნებულია.

ასევე, თმის ცვენა ვლინდება, როცა ადგილი აქვს ჰორმონული ბალანსის დარღვევას: ტესტოსტერონის სიჭარბე არ არის, მაგრამ სახეზეა ესტროგენების ნაკლებობა.

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან თმის ცვენის გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ჰიპერთირეოზი, ასევე ჰიპოთირეოზი.

თუ ვიცით, რომ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას არ აქვს ხანგრძლივი ანამნეზი და მისი აღმოჩენა დაავადების აღმოცენებიდან მალევე ხდება, მაშინ ნაკლებად სავარუდოა ის თმის ცვენის მიზეზი იყოს.

მაგრამ ხშირად დავადების დიაგნოსტიკა ვერ ხდება თვეების და წლების მანძილზე, ან დიაგნოზის მიუხედავად არ ტარდება სათანადო მკურნალობა დიდი ხნის განმავლობაში. სწორედ ასეთი შემთხვევების დროს ხშირად სიმპტომებს შორის გვაქვს გაძლიერებული თმის ცვენა, რომელიც დიფუზურია, მოცავს თმის მთლიან საფარველს, არ ახასიათებს ერთ კონკრეტულ ადგილას ლოკალიზება და უმეტესად განკურნებადია.

ჰიპერთირეოზის ან ჰიპოთირეოზის წარმატებული კომპენსირების შემდეგ ასევე წარმატებულად ხდება თმის დაკარგული მოცულობის აღდგენა. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ პროცესს შედარებით ხანგრძლივი დრო – რამდენიმე თვემდე შეიძლება დასჭირდეს და სასურველი შედეგის მიღებამდე მკურნალობის პერიოდში მოთმინებას მოითხოვს პაციენტის მხრიდან.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი მახასიათებელი სიმპტომია ასევე წარბის თმის შეთხელება მის გარეთა მესამედში.

ის ფაქტი, რომ თმის ცვენა დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ხდება თვალსაჩინო, განპირობებულია თმის ციკლის თავისებურებებით. ამავე მიზეზით, ზოგჯერ შესაძლებელია თმის ცვენის დასაწყისი დაემთხვეს სხვა სიმპტომების საფუძველზე დიაგნოზის დასმის და მკურნალობის დაწყების მომენტს. ჰიპოთირეოზის მაგალითზე, ასეთ დროს ხშირად შეცდომით ხდება თიროქსინის პრეპარატის დადანაშაულება პაციენტის მხრიდან და მისი მიღების შეწყვეტა, რაც, ცხადია, დიდი შეცდომაა და მომავალში თმის ცვენის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს.

თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აუტოიმუნური ხასიათისაა (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ან გრეივსის დაავადება), შესაძლოა მას ახლდეს სხვა სისტემების აუტოიმუნური დარღვევებიც, მათ შორის ბუდობრივი ალოპეცია, რაც შემოფარგლულ ადგილებში თმის ცვენით გამოიხატება, თუმცა ამ დროს ზოგადად იმუნური სისტემაა დამნაშავე და არა ფარისებრი ჯირკვალი.

პროლაქტინი

პროლაქტინის პირდაპირ გავლენას თმის ცვენის პროცესზე ადასტურებს თმის ფოლიკულებში განლაგებული პროლაქტინის რეცეპტორები.

გარდა ამისა, პროლაქტინი ჩართულია ანდროგენების მეტაბოლიზმშიც და მისი რაოდენობის სიჭარბე იწვევს ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულირებას.

სტრესი

სხვადასხვა წარმომავლობის მწვავე ან ქრონიკული სტრესი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლიდან კორტიზოლის გამოყოფის სტიმულაციას. კორტიზოლი კი თავის მხრივ იწვევს თმის ფოლიკულების საგრძნობი რაოდენობის ნაადრევ გადასვლას ზრდის ფაზიდან მოსვენების ფაზაში, რასაც ასევე საგრძნობი თმის ცვენა მოჰყვება.

სტრესი იწვევს აგრეთვე სხვა მიზეზით გამოწვეულ, მაგალითად, ანდროგენული თმის ცვენის გაუარესებასაც.

სტრესორად შეიძლება განვიხილოთ როგორც სხვადასხვა ფსიქოსოციალური, ასევე ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებაც, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, ტრამვა და ასევე მშობიარობა.

სტრესით გამოწვეული თმის ცვენა არის შედარებით სწრაფად აღმოცენებადი, დიფუზური და დროებითი.

სხეულის მასის სწრაფი შემცირება

დროის მცირე მონაკვეთში გამოხატული კლება წონაში წარმოადგენს სტრესს ორგანიზმისთვის და ის ახდენს შესაბამისი ჰორმონების მობილიზებას, რაც მოქმედებს თმის ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლზეც. მდგომარეობა დროებითია და დაახლოებით 6 თვეში თმის მოცულობა თავისით აღდგება.

ამავე დროს, ხშირად წონაში სწრაფი კლება ხდება არაჯანსაღი კვების რეჟიმით, რაც იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას, ცილების და მისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, რაც თმის ჯანმრთელობაზეც აისახება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კვების რეჟიმის გაჯანსაღება.

ნუტრიენტული თმის ცვენა

  • არასაკმარისი პროტეინის მიღება – ცილა თმისთვის საშენი მასალაა, ამიტომ კვებაში ის საკმარისი რაოდენობით უნდა შედიოდეს.
  • რკინის დეფიციტი – დაბალი რაოდენობით რკინა გულისხმობს დაბალი რაოდენობით ფერიტინს. ეს არის ნივთიერება, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჯანმრთელი თმის ზრდის პროცესში.
  • C ვიტამინი – პირდაპირი გავლენა თმის ფოლიკულებზე ამ ვიტამინს არ აქვს, მაგრამ ის აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვისთვის და შესაბამისად, C ვიტამინის საკმარისი რაოდენობა საჭიროა რკინის დეფიციტით გამოწვეული თმის ცვენის ეფექტური მკურნალობისთვის.
  • A ვიტამინი – მისი როგორც დეფიციტი, ასევე სიჭარბე იწვევს გამოხატულ თმის ცვენას.
  • D ვიტამინის დეფიციტი თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზია.
  • ბიოტინი (ვიტამინი B7) – ხშირად არის რეკომენდირებული ექიმების მიერ თმის და ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევის დროს, თუმცა რანდომიზირებული კვლევებით მისი ეფექტურობა დადასტურებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ბიოტინის პრეპარატები შეიცავს ამ ნივთიერების საჭირო დღიურ დოზაზე ბევრად მეტ რაოდენობას, ბიოტინის ჭარბად გამოყენებამ კი შესაძლოა იმოქმედოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევის შედეგებზე, ამიტომ ანალიზის აღებამდე ბიოტინის მიღება რამდენიმე დღით უნდა შეწყდეს.

ვიტამინებისა და მინერალების ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა უფრო გააუარესოს თმის ცვენა.

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა

მშობიარობიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, დედების უმრავლესობას ეწყება შესამჩნევად გაძლიერებული თმის ცვენა. ეს მოვლენა ფიზიოლოგიურია და განპირობებულია ბავშვის გაჩენის შემდეგ ორგანიზმში ესტროგენების დონის მკვეთრი დაქვეითებით.

მთელი ორსულობის განმავლობაში ესტროგენების დონე მნიშვნელოვნად მაღალია, რის შედეგადაც თმის ზრდის ფაზა ხანგრძლივდება. ამ პერიოდში ცვენა მინიმალურია და ხდება ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლის სინქრონიზაცია, რასაც მოსდევს მშობიარობის შემდეგ ესტროგენის დონის მკვეთრი დაცემის შედეგად თმის ფოლიკულების დიდი რაოდენობის ერთდროული გადასვლა მოსვენების ფაზაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ფაზა გრძელდება 100 დღემდე და სწორედ მშობიარობიდან დაახლოებით 100 დღის შემდეგ იწყება თმის მასიური ცვენა.

დამატებითი მიზეზი თმის ცვენისთვის შესაძლოა ასევე იყოს მშობიარობის სტრესიც.

მართალია, თმის ცვენა ამ დროს ძალიან შემაწუხებელია და ამასთანავე ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებაც აზრს და ეფექტს მოკლებულია, მაგრამ კარგი ამბავი არის ის, რომ მდგომარეობა დროებითია და დედების უმრავლესობა ამჩნევს, რომ თმა უბრუნდება ჩვეულ სისქეს უკვე ბავშვის პირველი დაბადების დღისთვის, ან უფრო ადრეც.

თმის შეთხელებასთან დაკავშირებული უსიამოვნო განცდების შესამსუბუქებლად ამ დროს რეკომენდირებულია ისეთი შამპუნის და თმის მოვლის საშუალებების გამოყენება, რომელსაც აქვს მოცულობის გაზრდის ეფექტი, ასევე ვარცხნილობის დროებით შეცვლა – მოკლე თმა უფრო მოცულობითი სჩანს.

თუ მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ პრობლემა უცვლელია და თმის ცვენა ისევ პროგრესირებს, უკვე სავარაუდოა სხვა პათოლოგიური მიზეზის არსებობა და საჭიროა ექიმთან ვიზიტი მდგომარეობის შესაფასებლად.

თმის ცვენის სხვა ხშირი მიზეზები:

  • ბუდობრივი ალოპეცია
  • სისტემური წითელი მგლურა
  • ქიმიოთერაპია
  • ზოგიერთი მედიკამენტი
  • სპეციფიკური ვარცხნილობები და თმის მოვლის სხვადასხვა ქიმიური საშუალებები
  • ასაკობრივი – 50-60 წლის შემდეგ

ამრიგად, ზოგიერთი ტიპის თმის ცვენა, როგორიცაა ორსულობის შემდგომი და ასაკობრივი თმის ცვენა, უბრალოდ ჩვენი ნორმალური ცხოვრების ნაწილია.

თმის ზრდა ჩარევის გარეშე აღსდგება, თუ:

  • არის მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  • არის პოსტოპერაციული პერიოდი ან მოხდა რაიმე სერიოზული დაავადებისგან გამოჯანმრთელება
  • მოხდა სხეულის მასის მნიშვნელოვანი შემცირება
  • სიმსივნის მკურნალობის შემდეგ
  • თმის ცვენა გამოხატულია სეზონურად და ემთხვევა შემოდგომის პერიოდს

დიაგნოსტიკური გამოკვლევები

თმის ცვენის, ისევე როგორც ყველა სხვა მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისთვის, ცხადია, აუცილებელია პირველ რიგში მიზეზის დადგენა და მისი აღმოფხვრა.

პაციენტის დეტალური გამოკითხვის და სხვა სიმპტომების განხილვის საფუძველზე ექიმი წყვეტს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი გამოკვლევების ჩატარება იქნება მიზანშეწონილი და ეფექტური.

მსგავსი სტატიები: