შაქრიანი დიაბეტი

დიაბეტის მართვა თანდართული ინფექციური დაავადებების დროს

ინფექციური დაავადებები და დიაბეტი

დიაბეტის მქონე პირებსაც სხვების მსგავსად პერიოდულად უწევთ გამკლავება ისეთ ჩვეულ და ხშირ დაავადებებთან, როგორიცაა, მაგალითად, გაციება (მწვავე რესპირატორული ინფექცია), გრიპი, ნაწლავური ინფექცია თუ სხვა.

ნებისმიერი ასეთი ავადმყოფობის შაქრიან დიაბეტზე თანდართვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისხლში შაქრის რეგულირების პროცესზე, რადგან ახალი დაავადების საპასუხოდ ორგანიზმში გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, რომლებიც იწვევენ სისხლში შაქრის დონის მატებას. ამასთანავე, თუ ავადობას თან დაერთო საკვების მიღების შემცირება, გულისრევა და ღებინება, ეს შესაძლოა გახდეს სისხლში შაქრის დონის დაცემის – ჰიპოგლიკემიის მიზეზი.

სისხლში გლუკოზას რაოდენობაზე გავლენის მოხდენა ასევე შეუძლია სიმპტომების შესამსუბუქებლად მიღებულ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ თუ სხვა პრეპარატებსაც.

თავის მხრივ, შაქრიანი დიაბეტის არსებობა მკვეთრად აქვეითებს ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის პოტენციალს, რის გამოც ყველაზე მსუბუქი დაავადებაც შესაძლოა რთულად სამართავი გახდეს.

ამიტომ, ყველა დიაბეტის მქონე პირს გაცილებით დიდი სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა მართებს ასეთი შემთხვევების მიმართ.

ზოგადი სარეკომენდაციო გეგმა, თუ როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი – იმ შემთხვევაში, თუ პირადი ექიმისგან სხვა მითითებები არ აქვს, ასეთია:

პირველ რიგში, სიმპტომების გამოჩენისთანავე აუცილებელია დაიწყოს სისხლში შაქრის ხშირი კონტროლი. თუ დაფიქსირდა მაჩვენებელი 250მგ/დლ-ზე მეტი და ის შენარჩუნდა 8-12 საათზე მეტ ხანს, უნდა მოხდეს შესაბამისი ქმედებების დაწყება.

რა უნდა გაკეთდეს

სისხლში შაქრის გაზომვა

გლიკემია გაკონტროლდეს უკვე ყოველ 2-4 საათში ერთხელ, ვიდრე მაჩვენებელი არ დაიწევს სამიზნე დონემდე.

მედიკამენტები

უნდა გაგრძელდეს დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მიღება ჩვეული რეჟიმით და დოზებით, იქნება ეს ტაბლეტები, თუ ინსულინი, იმ შემთხვევაშიც, როცა დაავადებას თან ახლავს ღებინება ან დიარეა, ან ვერ ხერხდება ნორმალური კვება. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ინსულინოთერაპიაზე მყოფ პირებს. მათ შეიძლება შეცდომით იფიქრონ, რომ რადგან არ იღებენ საკვებს, ინსულინი საჭირო არ არის. სინამდვილეში კი ავადმყოფობის დროს ორგანიზმში ინსულინზე მოთხოვნა იზრდება და შესაძლებელია დოზის გაზრდაც კი გახდეს საჭირო. ასეთი სახის ცვლილება უმჯობესია მკურნალი ექიმის ჩართულობით მოხდეს. ინსულინის ნაკლებობამ, განსაკუთრებით ავადობის დროს, შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულება – დიაბეტური კეტოაციდოზი.

ტკივილგამაყუჩებელი თუ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მათგანი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. მნიშვნელოვანია დიაბეტის კომპენსაციის დონე: თუ დაავადება კარგადაა მართული და გლიკემია სტაბილურად ნორმის ფარგლებშია შენარჩუნებული, დასაშვებია შაქრის შემცველი პრეპარატების მიღება, ხანმოკლე გამოყენებით ისინი ვერ მოახდენენ მნიშვნელოვან ზეგავლენას, ხოლო თუ გლიკემია არ არის მოწესრიგებული, სჯობს ნაკლები შაქრის შემცველი მედიკამენტი შეირჩეს. ზოგადად, ამ თვალსაზრისით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ტაბლეტებს და არა სიროფს, რომელშიც მაღალია ნახშირწყლების და ზოგ შემთხვევაში ასევე ალკოჰოლის შემცველობა; გარდა ამისა, თუ არის შესაძლებლობა, უმჯობესია არჩევანი გაკეთდეს ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებზე: მაგალითად, ნაზალური (ცხვირის) სპრეი სურდოს დროს გაცილებით უკეთესი არჩევანია, ვიდრე ტაბლეტები, ასევე კუნთების ტკივილის დროს – ადგილობრივი მალამო და არა პერორალური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ამ ტიპის პრეპარატები მცირე დოზით და იშვიათად გამოყენების შემთხვევაში არ ქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს, მაგრამ მაინც უმჯობესია წინასწარ შეთანხმდეს ექიმთან, თუ რომელი ვარიანტი უფრო უსაფრთხოა კონკრეტული პაციენტისთვის, რადგან, მაგალითად, იბუპროფენის შემცველი პრეპარატების მიღება უკუნაჩვენებია თირკმლის დაავადებების დროს, ეს უკანასკნელი კი დიაბეტის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა.

სხვა პირის ინფორმირება

თუ მარტო ცხოვრობთ, უზრუნველყავით, რომ ოჯახის წევრმა ან ახლობელმა იცოდეს თქვენი ავად ყოფნის შესახებ, რათა დღეში რამდენჯერმე მოგიკითხოთ და მზად იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ სხვისი დახმარება გახდება საჭირო.

კვება

ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ნახშირწყლების და წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, რათა არ განვითარდეს ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) და დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება).

შეეცადეთ, რომ კვება გაგრძელდეს ნორმალურ რეჟიმში. თუ ეს შეუძლებელია, კვების დროებში მცირე რაოდენობით მიიღეთ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. ეს შეიძლება იყოს: ორცხობილა, მოხარშული ბრინჯი დანამატების გარეშე, კარტოფილის პიურე, ნაყინი არომატიზატორების გარეშე. საჭიროა დაახლოებით 50 გრ ნახშირწყალი ყოველ 4 საათში.

შეეცადეთ საათში ერთხელ დალიოთ მინიმუმ ერთი ჭიქა (250 მლ) წყალი.

თუ საკვების მიღება შეუძლებელია და სისხლში გლუკოზას შემცველობა არ აჭარბებს 250 მგ/დლ -ს, უნდა დალიოთ ერთი ჭიქა ტკბილი სასმელი ყოველ საათში. ეს შეიძლება იყოს ლიმონათი, ხილის წვენი, შაქრით ან თაფლით დამტკბარი სუსტი ჩაი. თუ შაქრის მაჩვენებელი 250 მგ/დლ -ზე მეტია, მიიღეთ მხოლოდ უშაქრო სითხეები: წყალი, დაუმტკბარი ჩაი.

მართალია, მარტივი შაქრის შემცველი პროდუქტები ჩვეულებრივ შეზღუდულია დიაბეტის მქონე პირის ყოველდღიურ რაციონში, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში, როცა ვერ ხდება საკვების მიღება ან შერგება უმადობის და ღებინების გამო, მსგავსი ნახშირწყლების როლი მნიშვნელოვანია – მათი ათვისება ხდება სწრაფად და იოლად, შედეგად ორგანიზმში ხვდება ენერგიის წყარო გლუკოზას სახით და მცირდება ისეთი არასასურველი გართულების რისკი, როგორიცაა ჰიპოგლიკემია.

ამ ზომების მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ კარგად არ გახდებით. ასევე დროებითი ხასიათი აქვს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზის ცვლილებასაც (თუ ეს გახდა საჭირო). გამომჯობინების შემდეგ ისევ მკურნალობის ძველ რეჟიმს დაუბრუნდებით.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, როცა აღინიშნება

  • ძილიანობა, გონების გაფანტვა, დაბნეულობა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ტერფის ჭრილობა და ინფექცია;
  • შეუპოვარი ღებინება, დიარეა, და ან კუჭის ტკივილი;
  • გაუწყლოვნების ნიშნები: სისუსტე, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, დაბნეულობა, შარდვის შემცირება;
  • კეტოაციდოზის ნიშნები: ღებინება, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი სისუსტე, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, შარდვის გახშირება, აცეტონის სუნი ამოსუნთქულ ჰაერში.

ასევე, როცა:

  • სისხლში გლუკოზას დონე მაინც იმატებს იმის მიუხედავად, რომ ასრულებთ გეგმის ყველა პუნქტს;
  • ვერ ხერხდება გლიკემიის შენარჩუნება 70 მგ/დლ -ზე მაღლა;
  • იმდენად ცუდად გრძნობთ თავს, რომ ამ მითითებების შესრულება შეუძლებელია და/ან არ გყავთ დამხმარე;
  • ავადმყოფობა ჭიანურდება და შემსუბუქება არ აღინიშნება 2 დღის შემდეგაც.

მზადყოფნა

წინასწარ იქონიეთ მზად ნაკრები ავადობის დღეებისთვის. მასში უნდა შედიოდეს:

  • სამოქმედო გეგმა;
  • გლუკომეტრი და ტესტ-ჩხირები;
  • დღიური, სადაც მოხდება გლიკემიის ყველა მაჩვენებლის დაფიქსირება;
  • თერმომეტრი;
  • შესაფერისი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მედიკამენტები;
  • მარტივი ნახშირწყლების შემცველი საკვები და სასმელი;
  • ჰიპოგლიკემიის სამკურნალო საშუალება;
  • ექიმის ტელეფონის ნომერი;
  • სადაზღვევო და სხვა საბუთები.

პრევენცია

როგორ უნდა იზრუნოთ თავის დაცვაზე წინასწარ:

  • ჩაიტარეთ ყოველწლიურად აცრა გრიპსა და პნევმონიის გამომწვევ პნევმოკოკზე;
  • დაიცავით ჰიგიენის წესები, რათა შეამციროთ ვირუსებთან და ბაქტერიებთან კონტაქტის ალბათობა;
  • ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ შაქარი სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში, რათა შემცირდეს ინფექციური ავადმყოფობის და მისი გართულებების განვითარების რისკი.

ავტორი: ელგა გიორგაძე