შაქრიანი დიაბეტი

ახალი კორონავირუსი COVID-19 და დიაბეტი

COVID-19 არის ახალი დაავადება, რომლის შესახებ ცნობების დაგროვება ყოველდღიურ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეისთვის არსებული მონაცემები ვირუსის მახასიათებლების შესახებ ემყარება მსოფლიოში უკვე დაფიქსირებული შემთხვევების მუდმივ კვლევას და ანალიზს. შაქრიან დიაბეტთან მიმართებაშიც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ამ მომენტისთვის არის ცნობილი მეცნიერებისთვის.

რა უნდა იცოდეს დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტმა ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესახებ (ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით):

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები არ არიან ვირუსით დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი:

პრობლემა, რომლის წინაშეც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში დიაბეტით დაავადებულები დგანან, არის არა ის, რომ მათი ინფიცირება უფრო ადვილად ხდება, არამედ ის, რომ ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში დიაბეტის არმქონე პირებთან შედარებით უფრო მაღალია რისკი COVID-19 -ს ჰქონდეს მძიმე მიმდინარეობა და განვითარდეს სერიოზული გართულებები. სწორედ ასეთი ტენდენცია აჩვენა ჩინეთში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ანალიზმა.

რისკების სწორად განსაზღვრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის სტატუსს. თუ ეს ქრონიკული დაავადება არის კარგად მართული ანუ შაქრის მაჩვენებელი სისხლში სტაბილურად დარეგულირებულია და არ არის სახეზე დიაბეტის გართულებები, ასეთ შემთხვევაში COVID-19-თან დაკავშირებული რისკებიც ზუსტად ისეთივეა, როგორც დიაბეტის არმქონე პირებში. ხოლო როდესაც ადგილი აქვს მის ცუდ მართვას, შაქრის მაჩვენებელი მუდმივად მაღალია და ამის გამო უკვე განვითარებულია დიაბეტის თანმხლები გართულებები, სწორედ ასეთი პაციენტი ხვდება მაღალი რისკის ჯგუფში, რადგან ერთ-ერთი ასეთი გართულება – გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტისგან დამოუკიდებლადაც COVID-19 -ის მძიმე გამოსავლის რისკს წარმოადგენს.

ვირუსის გავლენა თანაბარია დიაბეტი ტიპი 1-ის და ტიპი 2-ის შემთხვევებში:

ამ ეტაპზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ვირუსის მოქმედება განსხვავებულია დიაბეტის ტიპობრივი კუთვნილების მიხედვით. მთავარია ახლავს თუ არა შაქრიან დიაბეტს თავისი გართულებები.

COVID-19 არ არის უბრალო სეზონური გრიპი:

ზოგადად ყველა ვირუსული თუ ბაქტერიული შეტევის დროს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორგანიზმს ნაკლები რესურსი აქვს შეებრძოლოს ინფექციურ პროცესებს, ამიტომ მცირედი ასეთი ინფექციაც შესაძლოა პრობლემური გახდეს. COVID-19 კი არის გაცილებით უფრო სერიოზული და მძიმე დაავადება, ვიდრე სეზონური გრიპი. ამიტომ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისგან თავის მაქსიმალურად დაცვას.

მთავარი რეკომენდაცია არის სოციალური დისტანცირება – სახლის ფარგლებში დარჩენა და სხვა პირებთან, მათ შორის ოჯახის წევრებთანაც, კონტაქტის მინიმუმამდე შემცირება.

როგორ უნდა მოემზადოს დიაბეტით დაავადებული სახლში გახანგრძლივებული ყოფნისთვის:

ყურადღება მიაქციეთ, რომ ხელთ გქონდეთ:

  • მკურნალი ექიმის ტელეფონის ნომერი;
  • დანიშნულების ფურცელი: სჯობს შეძლებისდაგვარად წინასწარ შეიქმნათ მისაღები პრეპარატების გარკვეული მარაგი, რათა მინიმალურად მოგიწიოთ სახლის დატოვება აფთიაქში წასასვლელად, ან ისარგებლეთ გამოძახების სერვისებით;
  • მარტივი ნახშირწყლები, როგორიცაა ტკბილი სასმელი, თაფლი, ჯემი, შოკოლადი _ იმ შემთხვევისთვის, თუ შაქრის დონე ძალიან დაბლა დაიწევს;
  • ჰიგიენური საშუალებების საკმარისი რაოდენობა: სპირტიანი ხსნარი და საპონი ხელების დასამუშავებლად;
  • საკვები პროდუქტები: სახლიდან გასვლის საჭიროების მინიმუმამდე შესამცირებლად.

წინასწარ გაიარეთ თქვენს ექიმთან საკითხები, თუ როგორ მოიქცეთ სახლში ყოფნისას, რა შემთხვევაში დაურეკოთ მას, რამდენად ხშირად გაიზომოთ შაქარი, რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და თქვენთვის საინტერესო სხვა დეტალები.

შეასრულეთ ყოველდღიური მოთხოვნები:

  • მაქსიმალურად მოერიდეთ სახლიდან გასვლას;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით დაცემინების, დახველების, ცხვირის მოწმენდის, საჯარო სივრცეში ყოფნის შემდეგ;
  • თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, გარეთ ყოფნისას თან იქონიეთ მინიმუმ 60% სპირტის შემცველი ხსნარი ხელების დასამუშავებლად;
  • რამდენადაც შესაძლებელია მოერიდეთ სახლის გარეთ შიშველი ხელით შეეხოთ სხვადასხვა ზედაპირებს, როგორიცაა: ლიფტის ღილაკები, კარის სახელურები, მოაჯირები. გამოიყენეთ ხელსახოცი, ან ნებისმიერი სახის ქსოვილი შესახებად, თუნდაც ტანსაცმლის ნაწილი. ნუ ჩამოართმევთ ხელს შემხვედრ ნაცნობს; თუ მაინც მოგიწიათ შეხებამ, დაიბანეთ ან დაიმუშავეთ ხელები როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ;
  • შეეცადეთ არ შეეხოთ სახეს: ცხვირს, პირს, თვალებს;
  • ხშირად დაალაგეთ სახლი სათანადოდ: დეზინფექცია გაუკეთეთ იმ ზედაპირებს, რასაც ხშირად ეხებით დღის განმავლობაში: სახელურებს, შუქის ჩამრთველებს, ტელევიზორის გადამრთველს, მაგიდის ზედაპირს, ტუალეტს, მობილურ ტელეფონს;
  • განსაკუთრებულად მოერიდეთ ისეთ დახურულ სივრცეში მოხვედრას, სადაც ბევრი ხალხია თავმოყრილი და არ ხდება განიავება;
  • მოერიდეთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ვირუსული დაავადების სიმპტომები;
  • უარი თქვით მგზავრობაზე, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არის.
  • დაუკავშირდით თქვენს ექიმს კორონავირუსზე საეჭვო ამ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში: ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ამ ნიშნებთან ერთად გამოხატულია ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება გულ-მკერდის მიდამოში, მომატებული ძილიანობა, სახის და ტუჩების სილურჯე. ან დარეკეთ ნომრებზე:

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001