სხვადასხვა

რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად

COVID-19 _ ეს იმ ახალი კორონავირუსის ოფიციალური სახელწოდებაა, რომლის პირველი შემთხვევები ჩინეთში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში და დღეისათვის უკვე გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ავადობა უმეტესად – 80%-ში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა სხვა შემთხვევები შესაძლოა უფრო რთულად წარიმართოს. გართულებების განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია ისეთი ქრინიკული დაავადებების მქონე პირებში, როგორიცაა: დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები (მაგ.: ასთმა), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნე, თირკმლის დაავადებები.

დაინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე პერიოდი მერყეობს 2-დან 10 დღემდე. ეს სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. კორონავირუსის დიფერენცირება სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციისგან სპეციფიკური ანალიზის გარეშე ძალიან რთულია. რიგ შემთხვევებში დაავადებას უსიმპტომო მიმდინარეობაც ახასიათებს.

როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები (WHO-ის რეკომენდაციები):

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, ან რეგულარულად გაიწმინდეთ სპეციალური სპირტის შემცველი ხსნარით. ეს პროცედურა უზრუნველყოფს ხელებზე მოხვედრილი ვირუსის განადგურებას. ხელის დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • დაცემინების და ხველების შემდეგ;
  • ვირუსიან ავადმყოფზე ზრუნვის დროს;
  • საკვების მომზადებამდე და მის შემდეგ;
  • საკვების მიღებამდე;
  • ტუალეტის გამოყენების შემდეგ;
  • როცა ხელებზე ხილული დაბინძურებაა;
  • ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ.

დაიცავით დისტანცია მინიმუმ ერთი მეტრი იმ პირებთან, ვისაც აქვს ვირუსული დაავადების სიმპტომები: ახველებს ან აცემინებს. ამ დროს გამოყოფილი სითხოვანი პატარა წვეთები შეიცავს ვირუსებს, ახლო მანძილზე ყოფნისას კი დიდია ალბათობა მოხდეს მისი შესუნთქვა და დაავადების გავრცელება.

მოერიდეთ შეეხოთ საკუთარ თვალებს, ცხვირს და პირს: ეს არის ეგრეთწოდებული T ზონა, საიდანაც ვირუსი აღწევს ორგანიზმში დღის განმავლობაში დაბინძურებული ხელიდან.

დაიცავით რესპირატორული ჰიგიენა: ეს გულისხმობს ხველების და ცემინების დროს ერთჯერადი ცხვირსახოცის, ან მისი არქონის შემთხვევაში, მოხრილი იდაყვის აფარებას ცხვირზე და პირზე. უნდა მოხდეს ცხვირსახოცის გადაგდება გამოყენებისთანავე და ამის შემდეგ ხელების დამუშავება. ამით შეძლებთ დაიცვათ გარშემომყოფები და შეამციროთ თქვენგან ვირუსის გავრცელების რისკი.

მიირთვით მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი, რათა არ მოხდეს ავადმყოფი ცხოველიდან დასნებოვნება.

დროებით თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან.

ვირუსული დაავადების მსუბუქი სიმპტომების დროს დარჩით სახლში საბოლოო გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ აღგენიშნებათ მაღალი სიცხე, ხველება, სუნთქვის გაძნელება, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე მართებთ მათ, ვინც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა იმ ქვეყანაში, სადაც ვირუსის გავრცელება ფიქსირდება, ასევე მათ, ვისაც ასეთ პირთან ჰქონდა ახლო კონტაქტი.

პირბადის გამოყენების წესები:

ჯანმრთელი ადამიანისთვის ნიღბის გამოყენება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას კონტაქტი აქვს ვირუსის სიმპტომების მქონე პირთან;

გამოიყენეთ ნიღაბი, თუ გაქვთ ხველება ან ცემინება;

ნიღბის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ეფექტური, თუ პარალელურად ხდება ხელების რეგულარული დამუშავება წყლით და საპნით, ან სპირტის შემცველი ხსნარით;

ნიღბის ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელია დაიცვათ მისი გაკეთების, მოხმარების და ასევე გადაგდების წესები:

  • ნიღბის გაკეთებამდე დაიმუშავეთ ხელები საპნით და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით;
  • დაიფარეთ ნიღბით პირი და ცხვირი და დარწმუნდით, რომ მის კიდეებსა და კანს შორის არ არის დარჩენილი თავისუფალი სივრცე;
  • არ შეეხოთ ნიღაბს გამოყენების პერიოდში, თუ მაინც მოგიწევთ, დაიმუშავეთ ხელები საპნით და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით;
  • მოიხსენით ის როგორც კი შეამჩნევთ, რომ ნოტიო გახდა. არ გამოიყენოთ ერთჯერადი ნიღაბი მეორედ;
  • ნიღბის მოსახსნელად: ნუ შეეხებით მის წინა ნაწილს, მოიხსენით სამაგრებით, გადააგდეთ ურნაში, რომელსაც თავი ეხურება, დაიმუშავეთ ხელები საპნით და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

უახლესი მონაცემებით მართალია იზრდება მსოფლიო მასშტაბით ვირუსის გავრცელების არეალი, თუმცა თავად ჩინეთში უკვე აღინიშნება ყოველდღიურად დაფიქსირებული შემთხვევათა რაოდენობის პროგრესული კლება.