ზოგადი, ნახშირწყლოვანი ცვლა, ფარისებრი ჯირკვალი, შაქრიანი დიაბეტი

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

კ: რას ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების (TPO-Ab და TG-Ab) მომატება მაშინ, როდესაც სხვა ანალიზები ნორმაშია?

პ: ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის მიმართ (TPO-Ab და TG-Ab) მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებაზე, რომელიც ცნობილია ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და/ან ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის სახელწოდებებით. ეს ანტისხეულები აზიანებენ ჯირკვლის უჯრედებს და დროთა განმავლობაში იწვევენ მისი ფუნქციის დარღვევას, რაც კლინიკურად გამოვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობით ანუ ჰიპოთირეოზით. შეუძლებელია წინასწარ პროგნოზირება, თუ რა დრო შეიძლება დასჭირდეს ჯირკვლის იმ დონემდე დაზიანებას, როცა ეს პროცესი უკვე კლინიკურ ზეგავლენას მოახდენს ორგანიზმზე, ამიტომ ანტისხეულების მომატებული რაოდენობის დაფიქსირების შემთხვევაში პიროვნება უნდა იმყოფებოდეს მუდმივი დაკვირვების ქვეშ, რაც გამოიხატება იმაში, რომ პერიოდულად, კერძოდ, 6-12 თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს შესაბამისი გამოკვლევებით ჯირკვლის ფუნქცია, რათა დროულად მოხდეს ჰიპოთირეოზის აღმოჩენა და ორგანიზმის დაცვა მისი უარყოფითი ზეგავლენისგან. იშვიათ შემთხვევაში ჰაშიმოტოს თირეოიდიტის ფონზე შეიძლება ჰიპოთირეოზი არც განვითარდეს.

კ: საჭიროა თუ არა მკურნალობის გაგრძელება მას შემდეგ, რაც TSH ანალიზი ნორმაში ჩადგება?

პ: ჰიპოთირეოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ანალიზების მაჩვენებლების ნორმაში ჩადგომისთანავე ხშირად პაციენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე მიიჩნევს, რომ მკურნალობის მიზანი უკვე მიღწეულია და აღარ არის საჭირო თიროქსინის მიღების გაგრძელება. ამ დროს წამლის შეწყვეტა კი არის ყველაზე დიდი და ამავე დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რადგან ანალიზის ნორმალურ მაჩვენებელს უზრუნველყოფს სწორედ თიროქსინის ის დოზა, რომლის მიღების ფონზეც კეთდება გამოკვლევა. ასეთ დროს თერაპიის შეწყვეტა იწვევს ჰორმონის დეფიციტის აღდგენას ორგანიზმში და დაავადება უბრუნდება საწყის ეტაპს. საჭირო ხდება მკურნალობის კურსის თავიდან დაწყება, ეს კი ზრდის დროის, ორგანიზმის რესურსების, ფინანსურ დანახარჯებს. ჰიპოთირეოზის მკურნალობა ზოგადად ხანგრძლივი პროცესია, ზოგიერთი გამომწვევი დაავადების დროს კი მისი მართვა მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ამიტომ მოითხოვეთ მაქსიმალური ინფორმაცია თქვენი მდგომარეობის შესახებ ექიმის კაბინეტიდან გამოსვლამდე და ნუ იმოქმედებთ თვითნებურად.

კ: შესაძლებელია თუ არა სხვადასხვა დასახელების მქონე თიროქსინის პრეპარატების ერთმანეთით ჩანაცვლება?

პ: ფარმაცევტულ ბაზარზე ხელმისაწვდომია რამდენიმე სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სინთეზური ანალოგი. მნიშვნელოვანია, რომ ჰიპოთირეოზის მკურნალობის პროცესში არ მოხდეს ცვლილება და მუდმივად გამოყენებული იქნას ერთი დასახელების მედიკამენტი. თუმცა ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო (სადაზღვევოს მოთხოვნა, დროებითი ხელმიუწვდომლობა) მომხმარებელი დგება დაბრკოლების წინაშე და ჩნდება კითხვა, შეუძლია თუ არა ჩაანაცვლოს ერთი პრეპარატი მეორით. ჩანაცვლება შესაძლებელია და უმეტეს შემთხვევაში ეს არ ქმნის რაიმე სახის პრობლემას, თუმცა ამავდროულად აუცილებელია მკურნალი ექიმის საქმის კურსში ჩაყენება, რადგან სხვა დასახელების მედიკამენტზე გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს ერთი შეხედვით აუხსნელი ცვლილებები დაავადების მართვის მიმდინარეობაში. ეს განპირობებულია იმით, რომ მოსალოდნელია განსხვავებული იყოს ზოგიერთი ორგანიზმის მგრძნობელობა და ათვისების უნარი მეორე პრეპარატის მიმართ. ასევე შესაძლოა სხვადასხვა დასახელების, მაგრამ იდენტური დოზირების ტაბლეტში რაოდენობრივად არ ემთხვევოდეს მთავარი ნივთიერების შემცველობა. ამის გამო, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება დამატებითი საკონტროლო გამოკვლევა, რათა მოხდეს დოზის კორექტირება და ორგანიზმის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ან უკიდურეს შემთხვევაში ისევ პირველ მედიკამენტზე დაბრუნება.

კ: საშიშია თუ არა თიროქსინის დოზის გამოტოვება და როგორ უნდა იმოქმედოთ?

პ: მედიკამენტის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, დასაშვებია მისი მიღება დღის განმავლობაში, შემდეგი წესების დაცვით: ბოლო კვებიდან გასული უნდა იყოს 3 საათზე მეტი და საკვების მიღება არ უნდა მოხდეს მომდევნო 45-60 წუთის განმავლობაში, რადგან საკვებთან შერევით მედიკამენტის ეფექტი საგრძნობლად ქვეითდება. თუ დღის განმავლობაშიც ვერ მოხერხდა წამლის მიღება, ეს საგანგაშო არ არის, გააგრძელეთ მეორე დღიდან ჩვეული დოზით. ნუ დალევთ ორმაგ დოზას! დოზის ერთჯერადად გამოტოვებას არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა დაავადების მართვაზე, მთავარია, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი.

კ: როგორია სისხლში შაქრის შემცველობის ნორმა ბავშვებისთვის?

პ: სისხლში შაქრის მაჩვენებლების ნორმა ბავშვებისთვის არ განსხვავდება მოზრდილთა ნორმისგან და შეადგენს: უზმოზე _ 70-99 მგ/დლ (3.9-5.5 მმოლ/ლ) და ჭამიდან 2 საათში <140 მგ/დლ (7,8 მმოლ/ლ).

კ: რას ნიშნავს როცა ჭამის შემდეგ უფრო დაბალია შაქრის მაჩვენებელი, ვიდრე უზმოზე?

პ: ორგნიზმში შაქრის დონის რეგულაციის მექანიზმები რამდენადამე განსხვავებულია უზმოზე და ჭამის შემდეგ. გარდა ამისა, მიღებული საკვების შემადგენლობასთან ერთად სისხლში შაქრის რაოდენობაზე კიდევ ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, ამიტომ განსხავებული მაჩვენებლების მიღება ჩვეულებრივი მოვლენაა, მთავარია ის რჩებოდეს ნორმის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ გლუკოზას დონე მხოლოდ უზმოზე აჭარბებს ნორმას, ეს აიხსნება იმით, რომ დიაბეტის განვითარების საწყის ეტაპზე უმეტესად პირველ რიგში ირღვევა სწორედ უზმოზე შაქრის რაოდენობის რეგულაციის პროცესი, რის შედეგადაც ხშირია ნორმაზე მაღალი მაჩვენებლის მიღება იმ დროს, როცა ჭამის შემდეგ შემცველობა რჩება ნორმის ფარგლებში და უფრო დაბალია. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ მწყობრიდან გამოდის კვების შემდგომი რეგულაციის პროცესებიც და უკვე აქაც ფიქსირდება ციფრების მატება.

კ: შესაძლებელია თუ არა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს შაქრის ნორმალიზების შემდეგ მკურნალობის და დიეტის შეწყვეტა?

პ: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ფიზიკური აქტივობა, დიეტა, მედიკამენტების მიღება. დაავადება თავისი ხასიათით არის ქრონიკული და ამავე დროს პროგრესული. თუმცა, ზოგჯერ ორგანიზმის თავისებურებანი იძლევა იმის საშუალებას, რომ სწორი მიდგომების შედეგად მოხდეს დაავადების რემისია – მისი პროგრესირების გადავადება (დროებით შეჩერება). რემისიის დროს აღარ აღინიშნება დიაბეტის სიმპტომები და შესაძლებელი ხდება მედიკამენტების მიღების შეჩერება, მაგრამ დიაბეტის დაბრუნების რისკი ძალიან მაღალია და ამიტომ დიეტა, ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ყველაზე ხშირად რემისიის მიღწევა ასოცირებულია სწორედ წონის სერიოზულ კლებასთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინსულინის მოქმედებას ორგანიზმში. სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული ბარიატრიული ქირურგიის დადებითი შედეგებიც. რემისიის მიღწევის შესაძლებლობა უფრო მაღალია დიაბეტის საწყის ეტაპზე, ვიდრე პანკრეასს ჯერ კიდევ არ აქვს დაკარგული ინსულინის გამოყოფის უნარი, ხოლო პრედიაბეტის სტადიაზე აქტიური მკურნალობის დაწყებას შეუძლია არა მხოლოდ რემისიის გამოწვევა, არამედ დაავადების განვითარების თავიდან აცილებაც. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ პირების იდენტიფიცირება, ვისაც აქვს დიაბეტის მომატებული რისკი და მათი პერიოდული მონიტორინგი დარღვევის ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად.

შეძლებს თუ არა ორგანიზმი დიაბეტის უკუქცევას, ამის წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია.ზოგისთვის ეს მიღწევადია, ზოგისთვის – არა, ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი შეიძლება იყოს ის, თუ რამდენად არის შენარჩუნებული პანკრეასის მიერ ინსულინის პროდუქციის უნარი. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მცირედი დარღვევის აღმოჩენისთანავე ყველაფერი უნდა გაკეთდეს სისხლში შაქრის ნორმალური დონის დასაბრუნებლად და შესანარჩუნებლად.