ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები

სიმსივნე არის კვანძოვანი წარმონაქმნი, რომელიც ფორმირდება გადაგვარებული უჯრედების უკონტროლო გამრავლების შედეგად. ის შეიძლება ნებისმიერ ორგანოში აღმოცენდეს და გამოიწვიოს ამ ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. სიმსივნის გაჩენის ზუსტი მიზეზები უმეტეს შემთხვევაში ჯერ კიდევ დაუდგენელია.

კონკრეტულად ფარისებრ ჯირკვალში ბევრი სხვადასხვაგვარი კვანძი შეიძლება განვითარდეს, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა კეთილთვისებიანია, საერთო შემთხვევების 5%-ში კი დგინდება მისი ავთვისებიანობა. მთავარი, რაც ასეთ კვანძს განასხვავებს კეთილთვისებიანისგან არის ის, რომ ხდება მისი გაცდენა საწყისი ორგანოს ფარგლებს გარეთ, ვრცელდება სხვა ორგანოებშიც და აზიანებს მათ.

სახეობები და მათი დახასიათება

რადგან ფარისებრი ჯირკვალი აგებულია რამდენიმე ტიპის უჯრედისგან, თავად ავთვისებიანი სიმსივნეებიც განსხვავადება ერთმანეთისგან თვისობრივად იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი უჯრედების მუტაციის ანუ გადაგვარების შედეგად წარმოიქმნებიან ისინი. პროგნოზი და მკურნალობის მეთოდებიც სიმსივნის სხვადასხვა სახეობისთვის განსხვავებულია. გამოვლენის სიხშირის მიხედვით ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • პაპილარული;
  • ფოლიკულური;
  • მედულარული;
  • ანაპლასტიური;
  • სხვა იშვიათი ფორმები (ლიმფომა, სარკომა, ჰარტლის უჯრედოვანი სიმსივნე).

პაპილარული კარცინომა ჩნდება ფოლიკულური უჯრედებიდან. ეს უჯრედები შეადგენს ფარისებრი ჯირკვლის ძირითად მასას და სწორედ აქ ხდება იოდისგან თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) ჰორმონების სინთეზი. ამ სახეობის სიმსივნის სიხშირე 80%-ს შეადგენს, იზრდება ნელი ტემპით და მოგვიანებით ეტაპზე ახასიათებს გავრცელება კისრის ლიმფურ კვანძებში, თუმცა გავრცელების ამ სტადიაზეც კი მისი მკურნალობა 98%-ში წარმატებულია. ზოგადად სიმსივნის ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე განკურნებადი სიმსივნეა ონკოლოგიაში.

ფოლიკულური კარცინომა ასევე ფოლიკულური უჯრედიდან ვითარდება. შემთხვევათა სიხშირე 10%-ია. უფრო მეტად გამოვლინდება იოდის დეფიციტის რეგიონებში. კისრის ლიმფურ კვანძებში გავრცელება არ ახასიათებს, მაგრამ გადადის ძვლებსა და ფილტვებში. წარმატებული მკურნალობის სიხშირე პაპილარულ სიმსივნესთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც უმეტეს შემთხვევაში პროგნოზი კარგია.

მედულარული სიმსივნე წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის C უჯრედებიდან. ეს უჯრედები გამოყოფს ჰორმონ კალციტონინს, რომელიც არეგულირებს კალციუმის ცვლას ორგანიზმში. ამ ტიპის სიმსივნეს ახასითებს საკმაოდ ადრეულ ეტაპზე გავრცელება კისრის ლიმფურ კვანძებში, ფილტვებსა და ღვიძლში, ზოგჯერ ეს მეტასტაზები დიაგნოსტირდება იმაზე ადრეც კი, ვიდრე თავად ფარისებრ ჯირკვალში მოხდება სიმსივნის აღმოჩენა. ხშირია ოჯახური შემთხვევები, ანუ გენეტიკურად მშობლებიდან გადაცემის ალბათობა ძალიან დიდია.

სიმპტომები და დიაგნოსტიკა

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დამახასიათებელი სიმპტომები ადრეულ ეტაპზე არ ვლინდება და ჩნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კვანძი მიაღწევს იმდენად დიდ ზომას, რომ გამოიწვიოს ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ზეწოლა, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება.

ამიტომ უმეტესად სიმსივნე აღმოჩნდება შემთხვევითი გამოკვლევის დროს. შესაძლებელია პაციენტმა თავად შეამჩნიოს კისრის მიდამოში გამობერილობა, ან კვანძის არსებობა გამოვლინდეს ულტრაბგერითი გამოკვლევით. პირველი ეჭვი სწორედ დამახასიათებელი ულტრაბგერითი ნიშნების საფუძველზე მიიტანება ავთვისებიანობაზე, ასეთ შემთხვევაში დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ასპირაციული ბიოფსიის დახმარებით (ნემსით ნიმუშის აღება კვანძიდან და შემდგომი გამოკვლევა). კარგად უნდა დათვალიერდეს ასევე კისრის ლიმფური კვანძებიც და ყოველ საეჭვო შემთხვევაში მოხდეს მისი ბიოფსიაც. ფარისებრი ჯირკვლის სრულყოფილი გამოკვლევის ფარგლებში მოწმდება მისი ფუნქციური მდგომარეობაც. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება (ნორმალური TSH და fT4) თავის მხრივ, არ გამორიცხავს სტრუქტურული დარღვევების არარსებობას, ამიტომ ყველა შემთხვევაში უნდა ინახოს ჯირკვლის ექოსკოპიური სურათიც.

მიზეზები და რისკ-ფაქტორები

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. თუმცა გამოვლენილია რამდენიმე მაღალი რისკის შემცველი ფაქტორი, როგორიცაა:

იოდის დეფიციტი: რაც იწვევს კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვის ჩამოყალიბებას, მათგან კი შესაძლოა მოგვიანებით ეტაპზე სიმსივნე განვითარდეს.

რადიაცია: იმ შემთხვევაში, თუ წარსულში, განსაკუთრებით კი ბავშვთა ასაკში, მოხდა თავის და კისრის მიდამოში რადიაციული დასხივება.

თანდაყოლილი გენეტიკური სინდრომები: ზოგიერთი მათგანი ასოცირებულია მედულარული კიბოს განვითარების მომატებულ რისკთან.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ შედარებით იშვიათია 30 წლამდე და რაც უფრო გვიან გამოვლინდება, მით მეტია აგრესიულობის რისკი.

პრევენცია

შესაძლებელია თუ არა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის პრევენცია?

სიმსივნის პრევენცია შეუძლებელია. მაგრამ, რადგან ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში ცნობილია რამდენიმე რისკ-ფაქტორი, შესაძლებელია მათი გათვალისწინებით გარკვეული ზომების მიღება. კერძოდ:

  • მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნას აცილებული რადიაცია, რის გამოც რენტგენის სხივებით აღარ ხდება სხვა ნაკლებად სერიოზული დაავადებების მკურნალობა, როგორც ეს წარსულში იყო მიღებული პრაქტიკა. ბავშვებში რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩატარდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
  • უნდა მოხდეს იოდის დეფიციტის პრევენცია იოდიზირებული მარილის გამოყენებით, ან საჭიროების შემთხვევაში იოდის პრეპარატების საშუალებით.
  • მედულარული კარცინომის დიაგნოზის შემთხვევაში, დაავადებულის ოჯახის წევრებში შეიძლება ჩატარდეს გენეტიკური ტესტირება, რითიც დადგინდება სიმისვნის გენის არსებობა. ამ შემთხვევაში პრევენცია მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის პროფილაქტიკურ ამოკვეთას.

მკურნალობა

მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა სახისაა სიმსივნე, რომელი სტადიაა, როგორია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, და როგორია თავად პაციენტის არჩევანი.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უმეტეს შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევა და ჯირკვლის ამოკვეთა მთლიანად ან ნაწილობრივ. რასაც თან ახლავს ირგვლივმდებარე კისრის მიდამოს იმ ლიმფური კვანძების მოცილებაც, რომელთაც შეცვლილი აქვთ სტრუქტურა.

აქტიურად გამოიყენება რადიოაქტიური იოდით მკურნალობა ოპერაციდან დააახლოებით 5-6 კვირის შემდეგ შემდეგ. ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედები პრაქტიკულად ერთადერთია ორგანიზმში, რომელიც აქტიურად შთანთქავს იოდს, ხოლო შთანთქმული რადიოაქტიური იოდი ანადგურებს ყველა დარჩენილ ფოლიკულურ უჯრედს ორგანიზმში ყოველგვარი ტკივილის, თმის ცვენის თუ სხვა დისკომფორტის გარეშე, ასევე არ იწვევს სხვა ორგანოების დაზიანებას. მისი გამოყენება შეზღუდულია მედულარური კარცინომის დროს, რადგან იმ C უჯრედებს, საიდანაც ეს სიმსივნე ვითარდება, არ აქვს იოდის შთანთქმის უნარი.

მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია ასევე რადიაციული დასხივება გარედან, მას მიმართავენ, როცა სხვა მეთოდების გამოყენება შეზღუდულია.

ქიმიოთერაპია იშვიათად ხდება საჭირო, უმეტესად ანაპლასტიური სიმსივნის დროს, რადგან ის ნაკლებად ემორჩილება სხვა მეთოდებით მკურნალობას.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ უნდა დაიწყოს თიროქსინის პრეპარატების მიღება, რადგან ორგანიზმს აღარ აქვს ფარისებრი ჯირკვალი, მისი ჰორმონების გარეშე არსებობა კი მას არ შეუძლია.

ძირითადი მკურნალობის შემდეგ პერიოდული დაკვირვებისა და გამოკვლევების გეგმა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.