ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურად მომატებული აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭიროზე ბევრად მეტი რაოდენობის ჰორმონებს: თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რაც იწვევს თირეოტოქსიკოზის სახელით ცნობილ გამოვლინებათა ერთობლიობას.

ჰიპერთირეოზის ნიშნები არასპეციფიკურია და ხშირად ემთხვევა სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს, რაც რიგ შემთხვევებში ართულებს დიაგნოსტირების პროცესს. ეს გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს:

– წონაში კლება აუხსნელი მიზეზით ნორმალური ან გაძლიერებული მადის ფონზე;

– საერთო სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება;

– სითბოს გაძლიერებული აუტანლობა;

– გულისცემის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია  >100 დარტყმა/ წუთში); არითმია;

– კუჭის მოქმედების გახშირება – ფაღარათი;

– მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

– კანის გათხელება, თმის სტრუქტურის ცვლილება;

– ადვილად გაღიზიანებადობა, ემოციური ლაბილურობა;

– გაძლიერებული ოფლიანობა;

– ხელების კანკალი (ტრემორი);

– ფარისებრი ჯირკვლის გადიდება – ჩიყვი, რაც გამოიხტება კისრის ქვედა ნაწილში გამობერილობით.

ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლინება ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება მკვეთრად გამოხატული იყოს მხოლოდ ერთი სიმპტომი, ან რამდენიმე, ან უმეტესი მათგანი სხვადასხვა ხარისხით. ამასთან, ახალგაზრდებში დაავადება მწვავედ იწყება და ვითარდება, ხოლო ასაკოვან პაციენტებში უფრო ნელი ტემპით პროგრესირებს და სიმპტომებიც ნაკლები რაოდენობით და სიმძაფრით ვლინდება.

ჰიპერთირეოზით მიმდინარე დაავადებებია:

1) გრეივსის დაავადება (სინონიმებია ბაზედოვის დაავადება და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი): ეს არის აუტოიმუნური ხასიათის პათოლოგია, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის მიმართ წარმოქმნილი ანტისხეულები იწვევს მისი მოქმედების გაძლიერებას;

2) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურად აქტიური კვანძები: ტოქსიკური კვანძოვანი ჩიყვი ან ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი;

3) თირეოიდიტები: ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა გენეზის ანთებითი დაავადებები.

გამოკვლევა და დიაგნოსტიკა

– ხდება პაციენტის გამოკითვა სიმპტომების აღმოსაჩენად, ფარისებრი ჯირკვლის ხელით გასინჯვა, ხელების კანკალის დაფიქსირება, რეფლექსების შემოწმება, პულსის დათვლა;

– ლაბორატორიული გამოკვლევა: თირეოტროპული ჰორმონი (TSH), თავისუფალი თიროქსინი (fT4) და ზოგჯერ თავისუფალი ტრიიოდთირონინიც  (fT3). გრეივსის დაავადების დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ასევე თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა (TSHrAb).

– ინსტრუმენტული გამოკვლევები: ფარიებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია, სცინტიგრაფია.

მკურნალობა

ჰიპერთირეოზის მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს, კონკრეტული პაციენტისთვის შესაფერისი ვარიანტის შერჩევა ხდება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ესენია: გამომწვევი დაავადება, პაციენტის ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, პროცესის სიმძიმე, პირადი არჩევანი.

ეს მეთოდებია:

ფარისებრი ჯირკვლის აბლაცია რადიოაქტიური იოდით: კაფსულის სახით მიღებული რადიოაქტიური იოდი შთაინთქმება ფარისებრი ჯირკვლის მიერ და იწვევს მის განადგურებას რამდენიმე თვის განმავლობაში. საბოლოოდ უმეტეს შემთხვევაში ყალიბდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა – ჰიპოთირეოზი, რაც მოითხოვს თიროქსინის ტაბლეტებით მუდმივ მკურნალობას.

თირეოტოქსიკოზის მკურნალობა ანტითიროიდული პრეპარატებით: ეს მედიკამენტები ამცირებენ ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების გამოყოფას. მათი გამოყენება შესაძლოა მოხდეს რადიოაქტიური იოდით ან ოპერაციული მკურნალობის წინა მოსამზადებელ პერიოდში ან მკურალობის მიზნით ხანგრძლივად, განსაკუთრებით გრეივსის დაავადების შემთხვევაში.

ქირურგიული მკურნალობა: ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა მთლიანად ან ნაწილობრივ ოპერაციული გზით. ოპერაციის შემდგომი ჰიპოთირეოზი ასევე საჭიროებს თიროქსინის პრეპარატებით თერაპიას.

მკურნალობის გარეშე დატოვებული ჰიპერთირეოზი იწვევს სერიოზულ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს, რაც ძირითადად გულის დაავადებებთან ასოცირდება:

– არითმია – გულის რითმის დარღვევა, კერძოდ, წინაგულოვანი ფიბრილაცია;

– გულის გადიდება, რასაც ახლავს კუნთოვანი კედლის გათხელება, ეს კი იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას;

– არტერიული წნევის მომატება.

არანამკურნალები ჰიპერთირეოზის გართულებაა ასევე ოსტეოპოროზი, ანუ მდგომარეობა, როდესაც ძვლებიდან იდევნება კალციუმი და ფოსფორი. შედეგად ძვალი ხდება მყიფე, ნაკლებად მყარი, რის გამოც იზრდება მოტეხილობების რისკი.