ორსულობა, ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპოთირეოზი და ორსულობა

რა არის ჰიპოთირეოზი:

ჰიპოთირეოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობით ჰორმონებს: თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის მუშაობაზე, აქედან გამომდინარეობს სიმპტომების მრავალფეროვნება, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდში სხვადასხვა ხარისხით და თანხვედრით გამოვლინდება დაავადების სხვადასხვა ეტაპზე. ესენია: დაღლილობის შეგრძნება, სიცივის მიმართ აუტანლობის მომატება, ყაბზობა, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, წონაში მატება ან წონის კლების გაძნელება, გულის რიტმის შენელება – ბრადიკარდია, ხმის შეცვლა, ქუთუთოების შეშუპება, წარბის გარეთა მესამედის გათხელება/ გაცვენა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია. უფრო ვრცლად ჰიპოთირეოზის შესახებ იხილეთ სტატიაში: ჰიპოთირეოზი

უშლის თუ არა ჰიპოთირეოზი ხელს დაორსულებას:

ჰიპოთირეოზის შედეგად ფერხდება საკვერცხეების გამართული მუშაობა, კერძოდ, ირღვევა ოვულაციის პროცესი (კვერცხუჯრედის გამონთავისუფლება ფოლიკულიდან), რის გარეშეც ნაყოფის ჩასახვა შეუძლებელია, ამიტომ უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი პირველი საფეხურია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის აღმოჩენა და გამოსწორება. თუ ჰიპოთირეოზის კორექციის მიუხედავად მაინც რჩება უშვილობის პრობლემა, უნდა გაგრძელდეს გამოკვლევები სხვა შესაძლო მიზეზების დასადგენად და აღმოსაფხვრელად.

უსაფრთხოა თუ არა ჰიპოთირეოზის ფონზე დაორსულება:

ჰიპოთირეოზის მკურნალობისთვის გამოყენებული პრეპარატი – ჰორმონ თიროქსინის სინთეზური ანალოგი, სრულიად უსაფრთხოა ჩანასახისთვის და სათანადო მონიტორინგის და მართვის პირობებში ჰიპოთირეოზის ფონზე ორსულობა ყოველგვარი დამატებითი რისკების გარეშე მიმდინარეობს.

რა უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ნაყოფზე მკურნალობის გარეშე დატოვებულ ჰიპოთირეოზს:

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები კრიტიკულ როლს ასრულებს მუცლადყოფნის პერიოდში თავის ტვინის განვითარებაში. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ჩამოყალიბდება საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი, ნაყოფის ორგანიზმი მთლიანად არის დამოკიდებული დედის თირეოიდულ ჰორმონებზე. ამიტომ მისი ნაკლებობა შეიძლება განვითარების მძიმე და შეუქცევადი შეფერხების მიზეზი გახდეს.

იწვევს თუ არა ჰიპოთირეოზი ორსულობის შეწყვეტას:

მკურნალობის გარეშე დატოვებული ჰიპოთირეოზი, გარდა მსუბუქი შემთხვევებისა, შეიძლება გახდეს პირველ ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის მიზეზი.

როგორ მიმდინარეობს ჰიპოთირეოზის მკურნალობა/ მართვა ორსულობის პერიოდში:

მას შემდეგ, რაც დგება ორსულობა, ფარისებრ ჯირკვალს უწევს გაუმკლავდეს როგორც ნაყოფის, ასევე თავად დედის ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებას თირეოიდული ჰორმონების მიმართ. ჯანმრთელი ჯირკვალი უპრობლემოდ ართმევს თავს ამ დავალებას, მაგრამ თუ აღინიშნება ჰაშიმოტოს თირეოიდიტის საწყისი ეტაპი, როცა ჯირკვლის ფუნქცია ჯერ შენარჩუნებულია, ან მსუბუქი ჰიპოთირეოზი, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა, დაორსულების შემდეგ ასეთ ქალებს უკვე მანიფესტირებულ ჰიპოთირეოზთან უწევთ გამკლავება.

ჰიპოთირეოზის მართვა ორსულობის პერიოდში:

რაც შეეხება უკვე ჰიპოთირეოზის დიაგნოზის მქონე პირებს, ორსულობის დადასტურებისთანავე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ მკურნალ ენდოკრინოლოგს; უნდა მოხდეს ლევოთიროქსინის პრეპარატის დოზის გაზრდა; საჭიროა მთელი ორსულობის განმავლობაში ფუნქციური ტესტების ხშირი კონტროლი – ყოველ 6 კვირაში ერთხელ და წამლის დოზის შესაბამისი ცვლილებები; ხოლო მშობიარობის შემდეგ დოზა ისევ მცირდება.

სკრინინგი:

უნდა ჩაუტარდეს თუ არა ყველა ორსულს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა რუტინულად, ექიმებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს, თუმცა ჰიპოთირეოზთან ასოცირებული სერიოზული რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია არა თუ ორსულებში, არამედ დაორსულებამდეც გამოირიცხოს პათოლოგიის არსებობა.