პროფესიონალებისთვის

EASD-ADA 2018 წლის კონსენსუსის ანგარიში: ჰიპერგლიკემიის მართვა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში

ჰიპერგლიკემიის მართვა შაქრიანი დიაბეტი ტიპი2-ის მქონე პაციენტებში- გაიდლაინის ბოლო ვერსია იქნა მიღებული ამერიკის დიაბეტის ასოციაციისა და ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის მიერ 2018 წლის ოქტომბერში.

ძირითადი სიახლეები, რაც აისახა ამ გაიდლაინში არის:
პაციენტს მიეცეს ცენტრალური როლი მკურნალობის სტრატეგიის შერჩევის პროცესში:
2015 წლის EASD-ADA კონსენსუსის ანგარიშისგან განსხვავებით, ეს ბოლო იძლევა რეკომენდაციას, რომ მეტფორმინის შემდეგ მეორე რიგის პრეპარატი შეირჩეს პაციენტის კარდიოლოგიური სტატუსის გათვალისწინებით და ასევე სამედიცინო საჭიროების არეალის შესაბამისად, რაც მოიცავს წონის დაკლების და ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების საჭიროებას. ხოლო ინექციებში გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი (GLP) 1-ის აგონისტებს მიენიჭოს უპირატესობა ინსულინთან შედარებით.

დოკუმენტში ასევე განსაკუთრებულადაა ყურადღება გამახვილებული ცხოვრების სტილის ცვლილებებზე, კერძოდ, წონის კლებასა და სიმსუქნის მართვაზე, მათ შორის მეტაბოლური ქირურგიის როლზე. კვების შერჩევასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ არ არსებობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ერთი უნივერსალური რაოდენობა, რომელიც სასარგებლო იქნება ყველა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულისთვის. თუმცა, ასევე მითითებულია , რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტის მსგავსი კვების რეჟიმი ასოცირდება საშუალო ხარისხით წონის კლებასთან და გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესებასთან.

მკურნალობის ნებისმიერი სტრატეგიის შერჩევისას მკაცრად რეკომენდირებულია პაციენტის მაქსიმალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მისი აზრის და სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინება.

ახალი გაიდლაინი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტების უმრავლესობისთვის მეტფორმინი საუკეთესო პირველი რიგის პრეპარატია. თუ მეორე შაქრის დამწევი პრეპარატის დამატებაა საჭირო, პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იქნას, აქვს თუ არა პაციენტს ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადება (ASCVD), თირკმლების ქრონიკული დაავადება (CKD) და/ან გულის უკმარისობა (HF).

ASCVD-ს მქონე პაციენტებისთვის რეკომენირებულია GLP-1 აგონისტის ან SGLT2 ინჰიბიტორის დანიშვნა. ხოლო HF ან CKD -ის შემთხვევაში ASCVD-ს თანხლებით ან მის გარეშე, უპირატესობა ენიჭება SGLT2 ინჰიბიტორს.

უმჯობესია გამოყენებული იქნას კონკრეტული პრეპარატები დადასტურებული ეფექტით. ესაა ემფაგლიფლოზინი SGLT2 ინჰიბიტორის ჯგუფიდან და ლირაგლუტიდი GLP-1 აგონისტის ჯგუფიდან.

პაციენტებისთვის, რომელთა ანამნეზშიც არ არის არც ASCVD, არც CKD და HF, მეორე რიგის პრეპარატის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას სამი ფაქტორი: ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მყარი აუცილებლობა; წონის მატების თავიდან აცილების ან წონის დაკლების აუცილებლობა; და პრეპარატის ღირებულება.

ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით თანაბარი წონა ენიჭება SGLT2 ინჰიბიტორის, GLP-1 აგონისტის, DPP4 ინჰიბიტორის და თიაზოლიდინდიონის გამოყენებას. სხეულის მასის კლების მიზნებისთვის SGLT2 ინჰიბიტორის ან GLP-1 აგონისტის გამოყენებაა შესაძლებელი.

მაგრამ თუ ღირებულება არის მთავარი პრიორიტეტი, არჩევნი შეიძლება შეჩერდეს სულფანილშარდოვანას ან თიაზოლიდინდიონის ჯგუფის პრეპარატებზე და გამოყენებულ იქნას მინიმალური ეფექტური დოზა, რასაც თან უნდა ახლდეს პაციენტის მაქსიმალური ინფორმირება, თუ როგორ მოხდეს ისეთი გვერდითი მოვლენების რისკის შემცირება, როგორიცაა ჰიპოგლიკემია და წონაში მატება.

ასევე კონსესუსში მოცემულია რჩევა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ASCVD ან CKD და მათი A1C არის სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში, მაგრამ არ იღებენ SGLT2 ინჰიბიტორსა და GPL-1 აგონისტს, რომელსაც კარდიოპროტექტორული მოქმედება აქვს.

ასეთ შემთხვევაში გაიდლაინი იძლევა სამ არჩევანს: 1) თუ პაციენტი უკვე იღებს ორმაგ ან სამმაგგ თერაპიას, ამოღებული იქნას ერთ-ერთი პრეპარატი; 2) შეთავაზებული იქნას A1C -ს უფრო დაბალი სამიზნე მაჩვენებელი და მისი მიღწევა მოხდეს SGLT2 ინჰიბიტორის ან GLP-1 აგონისტის დამატებით; 3) გაგრძელდეს A1C-ს კონტროლი ყოველ 3 თვეში ერთხელ და თუ მოხდა მისი მომატება, დაინიშნოს
SGLT2 ინჰიბიტორი ან GLP-1 აგონისტი.

დოკუმენტში საუბარია ასევე მეტაბოლური ქირურგიის შეთავაზებაზე პაციენტებისთვის მასის ინდექსით 30-დან 35 კგ/მ2-მდე.

08 ოქტომბერი, 2018 წ
წყარო: medscape.com

კონსენსუსის ანგარიშის ორიგინალი ვერსია