პროფესიონალებისთვის

ვიტამინ D დეფიციტის კავშირი მეტაბოლურ სინდრომთან პოსტმენოპაუზურ ქალებში

უახლესი კვლევის თანახმად, D ვიტამინის დეფიციტის მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში უფრო მაღალია მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი, ვიდრე ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობით არსებობის პირობებში. 25-ჰიდროქსივიტამინ-D [25(OH)D]-ს დონე 20 ნგ/მლ-ზე ნაკლები ასევე ასოცირებული აღმოჩნდა ტრიგლიცერიდების მომატებისა და HDL ქოლესტერინის შემცირების მაღალ ალბათობასთან.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მიღებული შედეგები უჩვენებს, რომ პოსტმენოპაუზურ ქალებში D ვიტამინის დეფიციტის შევსებით შესაძლებელია მეტაბოლური სინდრომის განვითარების და მასთან ასოცირებული კარდიოვასკულური დაავადებებისა და სიკვდილობის რისკის შემცირება.

კვლევაში, რომლის შედეგებიც 2018 წლის იანვარში გამოქვეყნდა, მონაწილეობა მიიღო 463-მა ქალმა, 45-75 ასაკობრივი ჯგუფიდან, რომელთაც არ ჰქონიათ მენსტრუალური ციკლი სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არ მიუღიათ ვიტამინი D და ჰქონდათ კარდიოვასკულური დაავადების დიაგნოზი. კვლევის ავტორებმა გამოიკვლიეს მათი ტოტალური ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდების, გლუკოზას, ინსულინის და 25(OH)D-ს დონე.

ვიტამინ D -ს დონე 20 ნგ/მლ-ზე ნაკლები განისაზღვრა, როგორც დეფიციტი; 20-29-მდე – როგორც არასაკმარისი; ხოლო 30-ზე მეტი – როგორც საკმარისი.
მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზისთვის მოთხოვნილი იყო ხუთი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამის არსებობა: წელის გარშემოწერილობა 88 სმ-ზე მეტი, ტრიგლიცერიდების დონე მინიმუმ 150 მგ/დლ, HDL დონე 50 მგ/დლ-ზე ნაკლები, არტერიული წნევა 130/85 mm Hg-ზე მეტი და გლუკოზას დონე 100 მგ/დლ-ზე მეტი.

კვლევაში მონაწილე ქალების მხოლოდ 32.0%-ში აღინიშნა D ვიტამინის საკმარისი დონე, თითქმის ამდენივე – 32.6%-ს აღმოაჩნდა ვიტამინის არასაკმარისი დონე, ხოლო დანარჩენ 35.4%-ში დადგინდა D ვიტამინის დეფიციტი. აღნიშნული სამი ჯგუფის წევრები არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფიზიკური აქტივობის დონით, ჰორმონოთერაპიის გამოყენებით, თამბაქოს მოხმარებით, დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის მაჩვენებლებით. ასევე ასაკი, სხეულის მასის ინდექსი ,HDL და LDL, გლუკოზა, წელის გარშემოწერილობა, არტერიული წნევა, მენოპაუზის დაწყების ასაკი და მისი დაწყებიდან გასული დრო შედარებით მსგავსი იყო ყველა ქალის შემთხვევაში.

იმ ქალების ნახევარზე მეტს (57,8%), რომელთაც ჰქონდათ D ვიტამინის არასაკმარისი დონე (<30 ნგ/მლ), დაუდგინდათ მეტაბოლური სინდრომის არსებობა, D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მქონე ქალთა ჯგუფიდან კი 38.9%-ს დაესვა სინდრომის დიაგნოზი. D ვიტამინის დონე <30 ნგ/მლ-ზე ასოცირებული აღმოჩნდა აგრეთვე ტოტალური ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და ინსულინის უფრო მაღალ მაჩვენებლებთან, ასევე ინსულინ რეზისტენტობის სინდრომის არსებობასთან. ამრიგად, კვლევამ ცხადყო D ვიტამინის დეფიციტის პირობებში მეტაბოლური სინდრომის კრიტერიუმებთან თანხვედრის რისკის მატება. ავტორთა განმარტებით, არსებობს რამდენიმე სავარაუდო ფიზიოპათოგენეზური მექანიზმი, რომელიც ახსნიდა D ვიტამინის აღნიშნულ ეფექტს მეტაბოლური სინდრომის კომპონენტებზე, მათგან ყველაზე დამაჯერებელია ის განმარტება, რომ D ვიტამინი გავლენას ახდენს ინსულინის სეკრეციაზე და მის მიმართ მგრძნობელობაზე, რისი დარღვევაც უდებს კიდეც სათავეს მეტაბოლური სინდრომის განვითარებას. ავტორები ასევე მიუთითებენ საზიარო რისკ-ფაქტორების არსებობაზე დიაბეტის და D ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებს შორის, ესენია: ასაკოვნება, ეთნიკური/რასობრივი უმცირესობის კუთვნილება, სიმსუქნე და ფიზიკური აქტივობის დაბალი დონე. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დ ვიტამინის დეფიციტი ძალიან გავრცელებულია, ასაკოვანი პაციენტების შემთხვევაში სახლსგარეთ ფიზიკური აქტივობის შემცირებამ და კანის მიერ D ვიტამინის გამომუშავების შესაძლო ასაკობრივმა დარღვევებმა შესაძლებელია გამოიწვიოს პოსტმენოპაუზურ ქალებში D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევების მატება. მიუხედავად იმისა, რომ ავტორები მიუთითებენ D ვიტამინის დეფიციტსა და ლიპიდური სპექტრის დარღვევებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, ისინი ამახვილებენ ყურადღებას ასევე ამ კორელაციის ალტერნატიულ ახსნაზე და კვლევების საჭიროებაზე სრულყოფილი შესწავლისთვის. კერძოდ, სავარაუდოა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სახლსგარეთ ეწევიან ფიზიკურ აქტივობას და მზის გახანგრძლივებული ზემოქმედების გამო არ აღენიშნებათ D ვიტამინის ნაკლებობა, დიდი ალბათობით, უფრო ცდილობენ ჯანსაღად იკვებონ და ამიტომ ლიპიდური სპექტრის დარღვევებიც ნაკლებად აღენიშნებათ. წყარო: medscape.com ორიგინალი სტატიის გამოქვეყნების თარიღი: 28/03/2018