ნახშირწყლოვანი ცვლა

რა არის ინსულინრეზისტენტობა

ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის ზოგადი და ძირითადი პროცესები:

რა არის ინსულინ რეზისტენტობა:

ჰორმონი ინსულინი, რომელიც გამომუშავდება პანკრეასში, უზრუნველყოფს უჯრედების მიერ გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს, ათვისებას; 
ინსულინის მიმართ უჯრედების რეზისტენტობა გულისხმობს მათ მიერ ინსულინის არაეფექტურ გამოყენებას;
ამ დარღვევის შედეგად, იმ მიზნით, რომ უჯრედებს არ მოაკლდეს ენერგიის წყარო და სისხლში არ მოიმატოს აუთვისებელი გლუკოზას რაოდენობამ, პანკრეასს უწევს გააძლიეროს ინსულინის გამოყოფა, რათა მისი მოქმედება უფრო ეფექტური გახდეს;

ინსულინის რაოდენობის მომატება იწვევს ინსულინ რეზისტენტობასთან ასოცირებული მდგომარეობების განვითარებას:
🔸სიმსუქნე
🔸ცხიმოვანი ცვლის მოშლა
🔸ათეროსკლეროზი
🔸არტერიული წნევის მატება
🔸პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
🔸უშვილობა

ასევე, დროთა განმავლობაში გარკვეულ პირობებში ინსულინის მაპროდუცირებელი უჯრედების გაძლიერებული მუშაობა იწვევს მის გადაღლას/გამოფიტვას და ჰორმონის გამოყოფა მცირდება, რაც იწვევს გლუკოზის რაოდენობის მატებას სისხლში და ჯერ პრედიაბეტის, ხოლო შემდეგ უკვე დიაბეტი ტიპი 2-ის ჩამოყალიბებას.

პრედიაბეტი არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის წინარე მდგომარეობა და მოიცავს დიაგნოზებს: გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება და/ან გაუარესებული გლიკემია უზმოდ, რაც გულისხმობს სისხლში გლუკოზის ისეთი მაჩვენებლის არსებობას, რომელიც ნორმაზე მაღალია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დიაბეტისთვის დამახასიათებელ საზღვრებში.

ინსულინ რეზისტენტობის როგორც მკურნალობის, ასევე პრევენციის უმთავრესი კომპონენტია ცხოვრების წესის ცვლილება და გაჯანსაღება.

ინსულინ რეზისტენტობის მთავარი რისკ-ფაქტორებია:
🔸 ჭარბი წონა და სიმსუქნე (განსაკუთრებით მუცლის არეში ცხიმის დაგროვება);
🔸 უმოძრაო ცხოვრების წესი;
🔸 არასწორი კვების რეჟიმი;
🔸 არასრულფასოვანი ძილი;
🔸 თამბაქოს მოხმარება.

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე უკვე ახალგაზრდა ასაკიდან მნიშვნელოვნად გახშირდა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევები.

თავად ინსულინ რეზისტენტობა შეიძლება უსიმპტომოდ ან მინიმალური გამოვლინებით მიმდინარეობდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში იწვევს ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა:
🔸 უშვილობა;
🔸 გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
🔸 შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

დარღვევის კუპირება მჭიდრო კავშირშია რისკ-ფაქტორების აღმოფხვრასთან, შესაბამისად, მკურნალობის მთავარი კომპონენტებია:
🔸 ჯანმრთელი დაბალანსებული კვების რეჟიმი და სხეულის მასის შემცირება;
🔸 ფიზიკური აქტივობის გაზრდა;
🔸 ძილის რეჟიმის მოწესრიგება;
🔸 თამბაქოზე უარის თქმა.