ფარისებრი ჯირკვალი

რა უნდა ვიცოდეთ იოდის შესახებ; იოდის დეფიციტი საქართველოში

 

რა უნდა ვიცოდეთ იოდის შესახებ:

იოდი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის სწორად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის.

იოდის ძირითადი წყარო ადამიანის ორგანიზმისთვის საკვებია.

საქართველო იოდდეფიციტური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში შემცირებულია ამ მიკროელემენტის რაოდენობა, რის გამოც ის ვერ ხვდება წყალსა და საკვებში, როგორიცაა მაგალითად რძე, რძის პროდუქტები, მარცვლეული, კვერცხი და შესაბამისად ვერ ხდება მოსახლეობის იოდის მიმართ დღიური მოთხოვნილების ბუნებრივი გზით შევსება.


იოდის დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას (დიფუზურ ჩიყვს) მისი ფუნქციის შენარჩუნებით, მომდევნო ეტაპზე ხდება ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ამას მოსდევს ტოქსიკური კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვის ჩამოყალიბება.


იოდის დეფიციტის პირდაპირი კავშირი ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნების გაჩენასთან დადგენილი არ არის, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ხშირად სწორედ იოდის დეფიციტის რეგიონებში ფიქსირდება.

 

იოდის დეფიციტი და ორსულობა:
იოდის დეფიციტი შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი ან გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან თანდაყოლილი ანომალიების განვითარება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნაყოფის თავის ტვინის ფორმირებაში, ამიტომ მათი ნაკლებობა შეიძლება გახდეს გონებრივი და ფიზიკური ჩამოყალიბების შეუქცევადი შეფერხების ან კრეტინიზმის განვითარების მიზეზი.

დედის მსუბუქი იოდ დეფიციტიც კი ასოცირდება ბავშვის დაბალ IQ -სთან.

დაბადების შემდეგაც იოდი კრიტიკულ როლს ასრულებს ბავშვის გონებრივი ჩამოყალიბების პროცესში. იოდით უზრუნველყოფა აუცილებელია მენტალური, ფიზიკური განვითარებისთვის და მომავალში ფარისებრი ჯირკვლის იოდდეფიციტური დაავადებებისგან თავის დასაცავად.

 

იოდის დეფიციტი საქართველოში:

საქართველოში იოდის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით გამოიყენება საკვები მარილის იოდირება;
იოდირებული მარილის დამზადება და იმპორტი ჩვენს ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება.

იოდირებული მარილის მოხმარების წესები:
    🔸თერმული დამუშავება იწვევს იოდის დაშლას, ამიტომ კერძი მარილით უნდა შეზავდეს მომზადების შემდეგ;
    🔸აუცილებელია დაცული იყოს იოდირებული მარილის შენახვის ვადა და პირობები, კერძოდ, ის უნდა ინახებოდეს მუქი ფერის თავდახურულ ჭურჭელში დაბალი ტენიანობის პირობებში.

თუ აქამდე ითვლებოდა, რომ პრევენციის ეს მექანიზმი არ იყო საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად, ამერიკელების მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ამჟამად იოდის დეფიციტი დაძლეულია და აღარ არის საჭირო პრევენციის მიზნით იოდის მედიკამენტების მიღება ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური დედების მიერ.

იოდის ბუნებრივ წყაროს იმ რეგიონებისთვის, რომლებიც ოკეანეების ახლოს მდებარეობენ და ამის გამო ნიადაგი მდიდარია იოდით, წარმოადგენს შემდეგი პროდუქტები:

ზღვის წყალმცენარეები
ოკეანის თევზი
რძე და რძის პროდუქტები
კვერცხი
მოცვი/ მარწყვი
თეთრი ლობიო
ბარდა
ბანანი და სხვა.

ბოლო განახლება: 10 ოქტომბერი, 2018წ