არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია მსოფლიოში და საქართველოშიც.
შემთხვევების უმეტესობაში ის აღმოცენდება და მიმდინარეობს სხვა დაავადებებისგან დამოუკიდებლად და აღინიშნება პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზიის სახელწოდებით.
შემთხვევათა დაახლოებით 15%-ში კი ჰიპერტენზია მეორადია. ანუ მის უკან დგას გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა დაავადების სახით.
ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და შეადგენს 30%-ს. ბავშვების შემთხვევაში კი 50%-მდეც ადის.
მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზები ძირითადად მოიცავს თირკმლის დაავადებებს, სისხლძარღვოვან დაზიანებებს და ენდოკრინულ პათოლოგიებს.
მეორადი ჰიპერტენზიის დიფერენცირებას იდიოპათიური ფორმისგან დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან სპეციფიკური ჩარევა მისი გამომწვევი დაავადებების საწინააღმდეგოდ, რაც მოიცავს როგორც ქირურგიულ, ასევე მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხშირად იძლევა ჰიპერტენზიის განკურნების შესაძლებლობას.
ჰიპერტენზიის მართვა კი აუცილებელია მისი ისეთი გართულებებისგან თავის დასაცავად, როგორიცაა გულის დაზიანება, თირკმლების უკმარისობა, ინსულტი.
ენდოკრინული არტერიული ჰიპერტენზია
ჰიპერტენზია შესაძლებელია იყოს 15-მდე ენდოკრინული დაავადების სიმპტომი.
ყველაზე ხშირად პროცესში ჩართულია თირკმელზედა ჯირკვალი და მისი ჰორმონები. მათგან კი უხშირესად ეჭვი მიიტანება პირველადი ალდოსტერონიზმის არსებობაზე.
პირველადი ალდოსტერონიზმი
ეს მდგომარეობა დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ ალდოსტერონის ჭარბ წარმოებასთან. ამ დარღვევის შედეგად ორგანიზმში წარმოქმნილი ძვრების კასკადს კი მივყავართ არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებამდე.
ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს დაავადება ძალიან იშვიათია და მის გამოკვლევას არ ეთმობოდა სათანადო ყურადღება. თუმცა, დღეს უკვე ის მეორადი ჰიპერტენზიის მიზეზებს შორის წამყვანია და ჰიპერტენზიის საერთო შემთხვევების 5-10%-ზეა პასუხისმგებელი.
დაავადება უმეტესწილად 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებში დიაგნოსტირდება.
სიმპტომური გამოვლინების თვალსაზრისით, ცხადია, წამყვანია არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქიც და ძალიან მწვავედ გამოხატულიც.
შემთხვევათა გარკევულ ნაწილში პირველად ალდოსტერონიზმს ახლავს კალიუმის დონის შემცირება სისხლში და ასეთ დროს შესაძლებელია გამოიხატოს ჰიპოკალემიის თანმხლები სიმპტომებიც: ხშირი შარდვა (მათ შორის ღამის საათებშიც), კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, პარესთეზიები.
ფეოქრომოციტომა და პარაგანგლიომა
ეს იშვიათი ნეიროენდოკრინული სიმსივნეებია, რომელიც შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვალში ან ნერვული წნულების სხვადასხვა ლოკაციაზე.
სიმპტომური გამოვლინება ვარიაბელურია და მერყეობს სიმპტომების არარსებობიდან სიცოცხლისთვის საშიში მწვავე მდგომარეობების განვითარებამდე.
კლასიკური სიმპტომური ტრიადა არის მძაფრი თავის ტკივილი, ძლიერი ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა. ამ სიმპტომების გამოვლინებას შეტევის ხასიათი აქვს, უეცრად აღმოცენდება და გრძელდება რამდენიმე წუთიდან 1 საათამდე. ეპიზოდების სიხშირე კი შეიძლება იყოს დღეში რამდენიმე ან თვის განმავლობაში რამდენიმე.
არტერიულ ჰიპერტენზიასაც კრიზული მწვავე ხასიათი აქვს და ხშირად სრულდება მიოკარდიუმის ინფარქტით, ინსულტით, გულის მწვავე უკმარისობით.
კუშინგის სინდრომი
ამ შემთხვევაში მთავარი მოქმედი გმირი ჰორმონი კორტიზოლია. რომელიც ასევე თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავდება.
მიზეზები, რომლებიც იწვევენ კორტიზოლის ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას და თანმხლებ არტერიულ ჰიპერტენზიას, არის: ჰიპოფიზის ადენომა, თავად თირკმელზედა ჯირკვლის წარმონაქმნი ან მისი გადიდება-ჰიპერპლაზია, ასევე გლუკოკორტიკოიდული პრეპარატების მიღება.
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციები
მაღალი არტერიული წნევის მიზეზი შეიძლება გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების როგორც სიჭარბე (Hyperthyroidism), ისე მისი შემცირებული წარმოქმნა და დეფიციტი ორგანიზმში, რაც ჰიპოთირეოზის სახელით არის ცნობილი.
DIABETES MELLITUS
გარდა იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტს და პირველად არტერიულ ჰიპერტენზიას ბევრი საერთო რისკფაქტორები აქვს და ხშირია ამ ორი დიაგნოზის დამთხვევა, შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული დარღვევები თავადაც შეიძლება გახდეს ჰიპერტენზიის გამომწვევი.
ინსულინრეზისტენტობა, გლუკოზას მაღალი დონე სისხლში, დიაბეტური ნეფროპათიის შედეგად თირკმლების დაზიანება – ის ფაქტორებია, რაც დიაბეტის დროს მეორადი ჰიპერტენზიის განვითარების წინაპირობას ქმნის.
ჰიპერპარათირეოზი
პარათირეოიდული ჯირკვლების მიერ კონტროლდება კალციუმის და ფოსფორის დონეები სისხლში.
მის მიერ პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი სეკრეცია მეორად არტერიულ ჰიპერტენზიასთან არის ასოცირებული. ზუსტი მექანიზმი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ სისხლში კალციუმის შემცველობის გაზრდაა ის უშუალო მიზეზი, რამაც შესაძლოა არტერიული წნევის მატებამდე მიგვიყვანოს.
Obesity
სხეულის მასის მატება ორგანიზმში მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს.
სხვადასხვა ჰორმონების სიჭარბე, სიმპათიკური ნერვული სისტემის ზედმეტად გააქტიურება, არტერიული წნევის მარეგულირებელ მექანიზმებზე ზემოქმედება, თირკმლებზე დატვირთვის გაზრდა, ინსულინრეზისტენტობა – არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებას იწვევს.
თუმცა სიმსუქნე ხშირად განიხილება, როგორც არა მეორადი ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი, არამედ როგორც პირველადი ჰიპერტენზიის რისკ-ფაქტორი.
მეორადი ჰიპერტენზიის არაენდოკრინული მიზეზები
- თირკმლის პოლიკისტოზი
- რენოვასკულური ჰიპერტენზია
- ობსტრუქციული ძილის აპნოე
- აორტის კოარქტაცია
მეორადი ჰიპერტენზიის კვლევის კრიტერიუმები
მეორად ჰიპერტენზიაზე ეჭვის მიტანა და სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება მიზანშეწონილია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერტენზიის ადრეული განვითარება 30 წელზე ნაკლებ ასაკში, მაშინ, როცა არ არის წარმოდგენილი მისი რისკ-ფაქტორები (ოჯახური ანამნეზი, სიმსუქნე და სხვ.)
- უეცრად და მწვავედ განვითარებული არტერიული ჰიპერტენზია
- თუ არტერიული ჰიპერტენზია სტაბილურად აღემატება 150/100 mm Hg- ს
- თუ ჰიპერტენზია (>140/90 mm Hg) არ ემორჩილება მკურნალობას სამი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტით, როცა მათ შორისაა შარდმდენიც
- კონტროლირებული ჰიპერტენზიის დროს (<140/90 mm Hg) როცა დანიშნულია ოთხი ან მეტი ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული საშუალება
- როცა ჰიპერტენზიას ახლავს სპონტანურად განვითარებული ან შარდმდენით გამოწვეული ჰიპოკალემია
- ჰიპერტენზია და თირკმელზედა ჯირკვლის ინციდენტალომა
- ჰიპერტენზია და ობსტრუქციული ძილის აპნოე
- ჰიპერტენზია და ოჯახური ისტორია ახალგაზრდა (40 წელზე ნაკლებ) ასაკში განვითარებული ჰიპერტენზიის და კარდიოვასკულარული მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის
- პირველადი ალდოსტერონიზმის დიაგნოზის მქონე პაციენტის პირველი რიგის ნათესავებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერტენზია.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)