GENERAL

ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი

ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი

ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარისებრ ჯირკვალთან ასოცირებულ დარღვევებს შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა.

როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროს მწყობრიდან გამოსული იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების წინააღმდეგ.

ანტისხეულები არის იმუნური სისტემის პროდუქტი, რომლებიც ნორმალურ პირობებში გამომუშავდება ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულის (ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი და სხვ.) აღმოსაჩენად და გასანადგურებლად.

საკუთარ სტრუქტურებზე, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ფარისებრ ჯირკვალზე, თავდასხმის შედეგად კი ზიანდება მისი ჰორმონწარმომქმნელი უჯრედები, ვითარდება ამ ჰორმონების დეფიციტი და თანმხლები ჰიპოთირეოიდული მდგომარეობა.

ქრონიკული აუტოიმუნური თირეოდიტი ასევე მოიხსენიება სხვა სახელწოდებებითაც, როგორც ჰაშიმოტოს თირეოიდიტი (დაავადება პირველად აღწერა იაპონელმა ექიმმა ფარაკუ ჰაშიმოტომ 1912 წელს გერმანიაში) ან ქრონიკული ლიმფოციტური თირეოიდიტი.

გავრცელება

სტატისტიკის მიხედვით, დაავადება ქალებში გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.

ყოველი 1000 კაციდან 0,8 დაავადების შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად.

ხოლო ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის – 1000-დან 3,5.

დაავადების გამოვლენის რისკები და სიხშირე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.

გამომწვევი მიზეზები

აუტოიმუნური თირეოიდიტის განვითარების მიზეზები ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ არის.

მონაცემების შეჯერების საფუძველზე, დაავადების განვითარებას 79%-ით განსაზღვრავს გენეტიკა, დარჩენილი 21% კი ეკუთვნის სასქესო ჰორმონების ზეგავლენას და მაპროვოცირებელ გარემო ფაქტორებს (როგორიცაა, ვირუსული ინფექცია, სტრესი, რადიაცია და სხვ.).

აუტოანტისხეულები წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა სტრუქტურული კომპონენტის მიმართ.

მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები (Anti-TPO) და თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულები (Anti-TG).

იშვიათად, არის შემთხვევებიც, როცა კლინიკურად გამოხატულია აუტოიმუნური თირეოიდიტის სრული სურათი, თუმცა აუტოანტისხეულების არსებობა ლაბორატორიულად არ დასტურდება. ამ დროს სავარაუდოა სხვა უცნობი ანტისხეულების არსებობა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღმოჩენილი ანტისხეულების რაოდენობა არ არის დადებით კორელაციაში დაავადების სიმწვავესთან. ანუ ანტისხეულების მაღალი მაჩვენებლები არ ნიშნავს, რომ დაზიანების პროცესი უფრო აგრესიულად მიმდინარეობს და ასევე დაბალი მაჩვენებელიც არ იძლევა იმის პირობას, რომ მდგომარეობა არ იქნება მწვავე.

დაავადების მანიფესტაცია

ჰაშიმოტოს თირეოიდიტის კლინიკური გამოვლინება დაავადების ხასიათიდან გამომდინარე, საკმაოდ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს.

ვარიანტი 1:

ხშირად არის სიტუაცია, როდესაც ლაბორატორიულად ფიქსირდება ანტისხეულების მომატებული მაჩვენებლები, თუმცა ჯირკვალი ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებს თავის ჰორმონებს და შესაბამისად, ჰორმონული მაჩვენებლები ნორმაშია.

მდგომარეობას, როცა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმალურია, ეუთირეოიდულს ვუწოდებთ.

შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეუთირეოიდული მდგომარეობა მომატებული ანტისხეულების ფონზე. ეს პერიოდი შესაძლებელია საკმაოდ ხანგრძლივიც გამოდგეს ან საერთოდ არც გადავიდეს ფუნქციურ დარღვევებში.

ასეთ დროს ვამბობთ, რომ გაზრდილია ჰიპოთირეოზის – ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების და მისი ჰორმონების დეფიციტის განვითარების რისკები.

ასეთ დროს, როგორც წესი, ულტრასონოგრაფიულად ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში უკვე ვლინდება აუტოიმუნური პროცესისთვის დამახასიათებელი არაერთგვაროვნება.

ვარიანტი 2:

იმ შემთხვევაში, თუ ანტისხეულები უფრო აგრესიულად ზემოქმედებს ჯირკვალზე და დაზიანების პროცესი მწვავეა, საწყის ეტაპზე შესაძლოა ხანმოკლე პერიოდით ჯირკვლის ჰიპერფუნქციის ნიშნები გამოვლინდეს. ასეთი რამ ხდება შემთხვევათა დაახლოებით 5%-ში.

ეს ხდება ჯირკვალში არსებული თირეოიდული ჰორმონების მარაგების დაზიანების და სისხლში მათი ერთბაშად გადმოსროლის შედეგად.

ამ ფაზას ჰაში-ტოქსიკოზის სახელით მოიხსენიებენ და ის გრძელდება დაახლოებით 1-2 თვის განმავლობაში.

ჯირკვალი აქტიური ანთებითი პროცესის გამო დაავადების ამ ეტაპზე შეიძლება იყოს ზომაში გადიდებული.

ეს პერიოდი გარდამავალია და როცა ჯირკვლის უჯრედების დაზიანება უკვე იმ დონემდე მივა, რომ მისი გამომუშავებული ჰორმონები აღარ იქნება ორგანიზმითვის საკმარისი, დგება ჰიპოთირეოზის ფაზა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სუბკლინიკური ან სრული კლინიკური ფორმით.

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს მაღალია TSH მაჩვენებელი, ანუ გაზრდილია ჯირკვლის სტიმულაციის დონე, მაგრამ FT4 ნარჩუნდება ნორმის ფარგლებში.

კლინიკური ჰიპოთირეოზის დროს კი TSH-ის მომატებასთან ერთად ნორმაზე მეტად დაქვეითებულია FT4 მაჩვენებელიც.

ხშირად ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის აღმოჩენა სწორედ ჰიპოთირეოზის ფაზას ემთხვევა, ანუ ეს არის დაავადების მანიფესტაციის მესამე ვარიანტი.

ულტრასონოგრაფიული სურათი

ჰაშიმოტოს თირეოიდიტის რადიოლოგიური გამოვლინებაც ასევე მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და პროცესის სიმწვავეზე.

ამ დიაგნოზის ქვეშ ფარისებრი ჯირკვლის დახასიათება უმეტესად ასეთია: ორგანოს სტრუქტურა არაერთგვაროვანია, შეიძლება აღინიშნებოდეს ღრუბლისებრი შენება, ასევე კვანძოვანი წარმონაქმნები, როგორც მცირე, ისე დიდი ზომის, რომელბიც იშვიათადაა ცისტური, ანუ სითხოვანი შემცველობით. სისხლმომარაგება ჯირკვალში გაზრდილია.

რაც შეეხება ჯირკვლის ზომას, საწყის ეტაპზე შეიძლება დაფიქსირდეს ზომაში გაზრდილი ჯირკვალი, ხოლო მოგვიანებით, პროცესის ქრონიკულად მიმდინარეობის ფონზე პირიქით, შემცირდეს და ატროფიული გახდეს.

ზოგჯერ კისრის მიდამოში ფიქსირდება ე.წ. რეაქტიული ხილული ლიმფური კვანძები ნორმალური სტრუქრურით, რაც ფარისებრ ჯირკვალში აუტოანტისხეულებით გამოწვეულ ანთებით პროცესზე რეაქციით შეიძლება აიხსნას.

სიმპტომები

დაავადება პროგრესირებს ძალიან ნელა, უმეტესად წლების განმავლობაში. სიმპტომური გამოვლინება კი იწყება მხოლოდ მაშინ, როცა ორგანიზმში უკვე ჰორმონების დეფიციტი იქმნება.

სიმპტომები როგორც სუბკლინიკური, ისე კლინიკური ჰიპოთირეოზის შემთხვევაში შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • კანის მხრივ; სიმშრალე, აქერცვლა, მუკოზური შეშუპება, სიფერმკრთალე
  • თმა: ზრდის შენელება, გაძლიერებული ცვენა, მტვრევადი, გაყოფილი ბოლოები. შესაძლებელია ბუდობრივი ან დიფუზური ალოპეცია
  • გულის რითმის შემცირება – ბრადიკარდია, ზოგად სისუსტესთან და კუნთოვანი ძალის დაქვეითებასთან ერთად.
  • ყაბზობა (შეკრულობა) და წონაში მატება ან კლების გართულება.
  • სიცივის აუტანლობა
  • ენერგიის დაქვეითება, ძილიანობა
  • დეპრესია
  • სახსრების და კუნთების ტკივილი
  • სმენის დარღვევები
  • მეხსიერების დაქვეითება
  • ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა.

თანმხლები მდგომარეობები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ჰაშიმოტოს თირეოიდიტმა და ჰიპოთირეოზმა, არის:

  • პროლაქტინის დონის მატება
  • increase of cholesterol level
  • ანემია.

დიაგნოსტიკა

ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის სადიაგნოსტიკოდ ტარდება:

იმუნოლოგიური კვლევა – სპეციფიური აუანტისხეულების აღმოსაჩენად: Anti-TPO, Anti-TG.

ჰორმონული კვლევა – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად: TSH, FT4.

ინსტრუმენტული კვლევა – ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის, ზომის შესაფასებლად და კეროვანი დაზიანების აღმოსაჩენად: ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია).

ამ მაჩვენებლების ანამნეზთან ( ეს არის ავადმყოფობის განვითარების ისტორია, შედგენილი ექიმის მიერ პაციენტის ჩვენებათა მიხედვით) შეჯერების შედეგად დგინდება დიაგნოზი და ირჩევა სათანადო მკურნალობის და/ან მონიტორინგის გეგმა.

მკურნალობა

მკურნალობის სტრატეგიის შემუშავება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

თუ სახეზე გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა (ჰიპოთირეოზი), ეუთირეოიდული მდგომარეობის აღსადგენად ინიშნება ჩანაცვლებითი მკურნალობა თიროქსინის პრეპარატებით, რაც დაავადების ქრონიკული ხასიათიდან გამომდინარე მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაგრძელდეს.

მკურნალობა, რომელიც შეამცირებს ანტისხეულების რაოდენობას, ან დაიცავს ფარისებრ ჯირკვალს მათი ზემოქმედებისგან, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არსებობს.

ამიტომ, თუ ჯირკვლის ფუნქცია შენარჩუნებულია, არ ვიწყებთ პრეპარატებით მკურნალობას და ვადგენთ ჰორმონების დონის პერიოდული მონიტორინგის გეგმას.

აუცილებელია კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობისას მათზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში ასპირაციული ბიოფსიის ჩატარებაც.

თანხვედრა სხვა აუტოიმუნურ დაავადებებთან

სხვადასხვა ორგანოთა აუტოიმუნური დაავადებები ხშირად თანხვდება ხოლმე ერთმანეთს, რაც აუტოიმუნური პროცესებისაკენ ორგანიზმის ზოგადი გენეტიკური მიდრეკილებით და/ან საერთო მაპროვოცირებელი გარემო ფაქტორებით შეიძლება აიხსნას.

ასე, მაგალითად, ჰაშიმოტოს თირეოიდიტის პარალელურად შეიძლება განვითარდეს:

  • აუტოიმუნური გასტრიტი – თირეოიდიტის პარალელურად გასტრიტის არსებობა საკმაოდ ხშირია, რადგან ჩამოყალიბების პროცესში ფარისებრი ჯირკვალი და კუჭ-ნაწლავის სისტემა ერთი სტრუქტურიდან წარმოიქმნება და ბევრ საერთოს იზიარებს აგებულებაში, ამიტომ ერთი ორგანოს უჯრედების მიმართ წარმოქმნილი ანტისხეულები ხშირად მეორესაც აზიანებს.
  • ალოპეცია – რაც თმის ფოლიკულების აუტოიმუნურ დაზიანებას და თმის შეუქცევად ცვენას გულისხმობს.
  • ვიტილიგო – კანის აუტოიმუნური დაავადება, რაც კანის პიგმენტის გაქრობას და უფერული ლაქების გაჩენას იწვევს.
  • რევმატოიდული ართრიტი – ქრონიკული აუტოიმუნური დარღვევაა, უპირატესად სახსრების დაზიანებით მიმდინარეობს, თუმცა ხშირად ზარალდება სხვა ორგანოებიც.
  • ასევე: ცელიაკია, ტიპი 1 დიაბეტი, ადისონის დაავადება და სხვა.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი და ორსულობა

სავარაუდოდ, სწორედ თანმხლები აუტოიმუნური პროცესები (რეპროდუქციული ორგანოების მიმართ) არის უშუალო მიზეზი იმის, რომ ჰაშიმოტოს თირეოდიტის ფონზე გაზრდილია ადრეულ ვადებზე ორსულობის შეწყვეტის რისკები. თუმცა, ასეთ შემთხვევებში მომდევნო ორსულობები, როგორც წესი, ნორმალურად მიმდინარეობს ხოლმე.

თავად ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი შეიძლება გახდეს ორსულობის დადგომის ხელის შემშლელი ფაქტორი იმ შემთხვევაში, თუ ჰორმონული მაჩვენებლები არ არის მოწესრიგებული. ამიტომ ამ დიაგნოზის მქონე ქალებმა ორსულობის დაგეგმვის ეტაპი ყურადღებით უნდა გაიარონ ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)