GENERAL

ოფლის გამოყოფა – ნორმა და პათოლოგია

ოფლის წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი სასიცოცხლო ფუნქციაა. მასში იგულისხმება უპირატესად მარილის (NaCl) შემცველი სითხის გამოყოფა კანში მრავლად განლაგებული საოფლე ჯირკვლების მიერ.

ფიზიოლოგიური როლი და მნიშვნელობა

ოფლის გამოყოფა ორგანიზმის თერმორეგულაციის მთავარი ინსტრუმენტია.

როცა სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესების შედეგად სხეულში წარმოქმნილი სითბო ჭარბად გროვდება, მის გასანეიტრალებლად და შინაგანი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ოფლი გამოიყოფა კანის ზედაპირზე, ატენიანებს მას, ორთქლდება და შედეგად ხდება სხეულის გაგრილება საჭირო დონემდე.

ეს პროცესი რეგულირდება ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ და არ ექვმედებარება პირად კონტროლს.

როცა ჰაერის ტენიანობა მაღალია, გამოყოფილი ოფლის აორთქლება შემცირებულია და ამიტომ ასეთ გარემოში სიცხის შეგრძნება უფრო გამძაფრებულია.

საოფლე ჯირკვლები კანის ყველა უბანშია განლაგებული და მათი რაოდენობა საერთო ჯამში დაახლოებით 4 მილიონამდეა, მაგრამ ოფლის გამოყოფა განსაკუთრებით ინტენსიურია შემდეგ მიდამოებში:

  • იღლიის ფოსო
  • სახე
  • ხელის გულები
  • ფეხის გულები

ოფლის შემადგენლობა

გავრცელებული მოსაზრება, რომ ოფლი მნიშვნელოვნად ანთავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ნაკლებად შეესაბამება სიმართლეს.

მართალია, ოფლთან ერთად ხდება მძიმე მეტალების და Bisphenol A (BPA)-ს გამოყოფა, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. ორგანიზმის დეტოქსიკაციის ძირითადი ნაწილი ღვიძლსა და თირკმელს აქვს აღებული თავის თავზე.

ოფლის 99% წყალია, დანარჩენი წილი კი უკავია მინერალებს და სხვადასხვა ქიმიურ ნაერთებს.

ზოგი სახეობის საოფლე ჯირკვალი ოფლთან ერთად გამოყოფს ნივთიერება ფერომონებს, რომლებიც ქმნიან სხეულის სპეციფიკურ სუნს.

ფერომონების როლი კარგადაა გამოხატული და შესწავლილი ცხოველებში. მათი დახმარებით ხდება ერთი სახეობის წარმომადგენლებს შორის სხვადასხვა ტიპის კონტაქტების დამყარება.

ადამიანებში კი ნაკლებადაა დამტკიცებული, თუმცა მიიჩნევა, რომ ეს სპეციფიკური სურნელი შესაძლოა გავლენას ახდენდეს სექსუალური პარტნიორის შერჩევის პროცესზე.

ოფლის გამოყოფის ბუნებრივი მასტიმულირებელი ფაქტორები

  • გარემოს ტემპერატურის მომატება
  • სხეულის ტემპერატურის მომატება ფიზიკური დატვირთვის/ვარჯიშის ან ცხელების გამო
  • ემოციური მდგომარეობა
  • საკვები – ცხარე სანელებლები
  • ყავა – ის ორი გზით ააქტიურებს ოფლის გამოყოფას: პირველი, უშუალოდ ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებით, რაც საოფლე ჯირკვლების მუშაობის გაძლიერებას ახდენს და მეორე, ცხელი სითხის მიღება იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის მომატებას და გაგრილების მოთხოვნილებას
  • ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოხმარება – ორივე მათგანი ზრდის არტერიულ წნევას, გულისცემის სიხშირეს და სხეულის ტემპერატურას.

ოფლის გამოყოფის ნორმა და ნორმიდან გადახრა

ცხელ ამინდში და გაძლიერებული ფიზიკური აქტივობისას ოფლის გამოყოფა სრულიად ნორმალურია, რადგან ამ დროს ორგანიზმს ესაჭიროება გაგრილება.

ოფლის გამოყოფის ნორმა, ორგანიზმის სხვა ფუნქციების მსგავსად, მკვეთრად ინდივიდუალურია.

ოფლიანობა შეიძლება ჩაითვალოს ჭარბად, როცა მისი რაოდენობა და ინტენსივობა აღემატება ორგანიზმისთვის საჭირო დონეს, შეუსაბამოა გარემო სიტუაციასთან და აღმოცენდება უმიზეზოდ.

მაგალითისთვის, როცა ადამიანი სახლშია, ზის სავარძელში ოჯახთან ერთად და უყურებს ტელევიზორს, არის მშვიდ მდგომარეობაში, ჰაერის ტემპერატურა არ არის მაღალი, მაგრამ მას მოსდის ოფლი – ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა.

ასევე, თუ ადამიანს ძინავს გრილ ოთახში, აცვია მსუბუქად, მაგრამ ოფლი გამოიყოფა იმდენად, რომ სველდება ტანსაცმელი, ბალიში, საწოლი – ესეც ნორმიდან გადახრაა.

ოფლის ჭარბად გამოყოფა მედიცინაში აღინიშნება ტერმინით: ჰიპერჰიდროზი.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვეაში ფიზიკურად უვნებელია, ჭარბი ოფლიანობა ძალიან შემაწუხებელია. მას შეუძლია მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ადამიანზე, რაც რიგ შემთხვევებში სოციალური და პროფესიული კონტაქტების ლიმიტირების მიზეზიც ხდება.

ამასთანავე, არის ალბათობა, რომ მუდმივი ოფლიანობით მოხდეს კანის გაღიზიანება ადგილობრივად და მოიმატოს სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკმა.

ცალკე დგას შემთხვევები, როცა ჰიპერჰიდროზის უკან რაიმე სერიოზული სამედიცინო პრობლემა დგას, როგორც მისი გამომწვევი მიზეზი.

ჰიპერჰიდროზის ტიპები

პირველადი იდიოპათიური ჰიპერჰიდროზი – როცა ჭარბი ოფლიანობა არ არის გამოწვეული რაიმე დაავადებით და მისი ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

მეორეული ჰიპერჰიდროზი – როცა ჭარბი ოფლის გამოყოფის უკან დგას სამედიცინო პრობლემა: რომელიმე დაავადება, მდგომარეობა ან მედიკამენტის მიღება.

ფოკალური(ადგილობრივი) ჰიპერჰიდროზი – როცა ოფლის ჭარბ გამოყოფას ადგილი აქვს სხეულის რომელიმე კონკრეტულ უბანში: იღლიის ფოსო, ხელის გულები, ფეხის გულები, სახე და თავის თმიანი საფარველი. შესაძლებელია ერთმანეთის პარალელურად გამოხატული იყოს რამდენიმე სხვადასხვა უბნის ჰიპერჰიდროზი, მაგალითად, ხშირია ხელის და ფეხის გულების და იღლიის ფოსოს ჰიპერჰიდროზის თანხვედრა. ოფლიანობის ეს ტიპი უმეტესად პირველად იდიოპათიურ ჰიპერჰიდროზთან ასოცირდება და მისი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი – როცა ჭარბი ოფლის გამოყოფა აღინიშნება სხეულის მთლიან ზედაპირზე. ამ ტიპის ოფლიანობა უმეტეს შემთხვევაში რაიმე დაავადების სიმპტომს წარმოადგენს და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

პირველადი ფოკალური ჰიპერჰიდროზი

ჰიპერჰიდროზის ეს ტიპი ჭარბი ოფლიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია.

არ არის დაავადების გამოხატულება და თავადაც არ იწვევს ავადობას.

იწყება ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში.

ლოკალიზებულია სხეულის კონკრეტულ უბნებში: იღლია, ხელის ან ფეხის გულები, თავი, სახე, საზარდულის მიდამო.

ოფლიანობა სიმეტრიულია და თანაბრად არის გამოხატული სხეულის ორივე მხარეს.

გამომწვევი მიზეზი დაზუსტებით არ არის ცნობილი. მის უკან არ დგას არც რაიმე დაავადება და არც რაიმე მედიკამენტის მიღება.

სავარაუდოდ მისი განვითარება განპირობებული უნდა იყოს ნერვულ სისტემაში გაჩენილი მცირედი დარღვევებით.

ხშირად აღინიშნება გენეტიკური განწყობა – ოჯახური შემთხვევები.

სამედიცინო თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი, თუმცა გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.

ოფლიანობის ეპიზოდები ვითარდება კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც, მაგრამ არ ახასიათებს ღამის საათებში გამოვლინება.

მეორადი გენერალიზირებული ჰიპერჰიდროზი

ჰიპერჰიდროზის ეს ტიპი სამედიცინო თვალსაზრისით უფრო სერიოზულია, რადგან მისი მიზეზი ხშირად სხვადასხვა მდგომარეობა ან დაავდებაა.

ამ დროს ოფლის გამოყოფის სტიმულირება ხდება სხვადასხვა პათოფიზიოლოგიური მექანიზმებით.

ეს შეიძლება იყოს ნერვის დაზიანება, ზედმეტი სითხის შეკავება ორგანიზმში, ტემპერატურის ან მეტაბოლიზმის რეგულირების ცვლილებები/დარღვევები.

ასეთი მდგომარეობებია:

  • მენოპაუზა
  • PREGNANCY
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
  • diabetes
  • ალკოჰოლიზმი
  • ინფექციური დაავადება, როგორიცაა ტუბერკულოზი
  • პარკინსონის დაავადება
  • რევმატოიდული ართრიტი
  • გულის უკმარისობა
  • ენდოკარდიტი
  • სიმსივნური დაავადებები, როგორიცაა ლეიკემია ან ლიმფომა

ის შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა. ესენია:

  • ზოგი ფსიქიატრიაში გამოყენებადი პრეპარატი
  • არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები
  • პირის სიმშრალის საწინააღმდეგო მედიკამენტები
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი
  • ზოგიერთი საკვები დანამატი
  • დიაბეტის სამკურნალო ზოგი მედიკამენტი
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები

მეორეული ჰიპერჰიდროზის ენდოკრინული მიზეზები

diabetes – დიაბეტის დროს ორგანიზმს უჭირს საკვების გზით მიღებული ზედმეტი შაქრის კონტროლი, სწორი გადანაწილება და განეიტრალება. ამის შედეგად დგება ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაჩვენებლის მატება), რაც დიაბეტის მთავარი მახასიათებელი სიმპტომია, მაგრამ, რადგან საქმე შაქრის რაოდენობის რეგულირების დარღვევას ეხება, დიაბეტის მქონე ადამიანებს უწევთ ასევე ჰიპოგლიკემიის ანუ სისხლში შაქრის ნორმაზე დაბალი რაოდენობის ეპიზოდების გამოცდაც. სწორედ ჰიპოგლიკემია ხდება დიაბეტის დროს ჭარბი ოფლის გამოყოფის ერთერთი მიზეზი.

გარდა ამისა, სისხლში მუდმივად ჭარბი რაოდენობით შაქრის არსებობა დროთა განმავლობაში იწვევს ნერვების დაზიანებას. მათ შორის შესაძლოა მოხვდეს საოფლე ჯირკვლების მარეგულირებელი ნერვებიც. ასეთი დაზიანების შედეგად, როგორც წესი, ეს ნერვები განიცდის აქტივაციას, რაც ოფლის გაძლიერებული გამოყოფით ვლინდება.

Hyperthyroidism -ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის პათოლოგიური მომატებაა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობენ ისეთ მნიშვნელოვას სასიცოცხლო პროცესებში, როგორიცაა: მეტაბოლიზმის, სუნთქვის, გულისცემის, სხეულის მასის, ტემპერატურის და სხვათა რეგულირება. ამ ჰორმონების ნორმაზე ჭარბად გამომუშავება იწვევს მეტაბოლიზმის გაძლიერებას და გულისცემის სიხშირის გაზრდას, რაც თავის მხრივ ხდება ჭარბი ოფლის გამოყოფის მიზეზი.

ჭარბი წონა – ჭარბი წონის და სიმსუქნის მქონე ადამიანები ბუნებრივ მასტიმულირებლებზეც შეიძლება იმაზე მეტად გაოფლიანდნენ, ვიდრე იგივე პირობებში მყოფი სხეულის ნორმალური მასის მქონე ადამიანები. ცხიმოვანი ქსოვილი ორგანიზმისთვის მოქმედებს როგორც სითბოს შემნახველი, რის გამოც ადვილად ხდება სხეულის შიდა ტემპერატურის მატება და გაგრილების მოთხოვნილება უფრო დიდია, რასაც მოსდევს ოფლის ინტენსიური გამოყოფა.

ასევე, ჭარბი მასის მქონე პირებში გართულებულია ფიზიკური მოძრაობების შესრულება, მასზე იხარჯება უფრო მეტი ძალისხმევა ორგანიზმის მხრიდან, რაც სისხლის ცირკულაციის გაძლიერებას იწვევს და ამ ფაქტორსაც საბოლოოდ ოფლის გამოყოფის სტიმულირებამდე მივყავართ.

აღსანიშნავია, რომ ოფლის ჭარბად გამოყოფა აღინიშნება კუნთოვანი მასის კარგად განვითარების პირობებშიც, მაგალითად ათლეტებში, იმის მიუხედავად, რომ ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება არ იყოს ჭარბად წარმოდგენილი. ამას განაპირობებს კუნთოვანი უჯრედების მიერ კალორიების გაძლიერებული ათვისება, რასაც ორგანიზმში შესაბამისი რაოდენობით სითბოს დაგროვება მოჰყვება და მისი გაგრილების მოთხოვნილებაც იმატებს.

სტრესული ოფლიანობა

როცა ადამიანი აღელვებულია, ორგანიზმი ამას იღებს როგორც სტრესს და იწყებს მობილიზებას მის წინააღმდეგ, კერძოდ, ხშირდება სუნთქვა და გულისცემა, ფართოვდება თვალის გუგები, კუნთების ტონუსი იზრდება და მატულობს სხეულის ტემპერატურა. ეს ყველაფერი კი იწვევს ოფლის ჭარბად გამოყოფას.

ღამის ოფლიანობა

ამ ტიპის ოფლიანობა აღმოცენდება ღამის საათებში, ძილის დროს სველდება ტანსაცმელი და საწოლი, მაშინ როცა ტანსაცმლის სისქე და ოთახის ტემპერატურა გამორიცხავს ოფლის გამოყოფის ბუნებრივ სტიმულაციას.

მისი ყველაზე ხშირი მიზეზი არის 45-50 წლის ასაკიდან ქალებში მენოპაუზისთვის დამახასიათებელი წამოხურებები – ე.წ. ალები.

ამის გარდა, ღამის ოფლიანობის უკან შეიძლება იდგეს: ინფექციური დაავადებები-ტუბერკულოზი, ბაქტერიული ინფექციები, შიდსი, დიაბეტი და მეორეული ჰიპერჰიდროზის სხვა მიზეზები.

ცხადია, ამ დაავდებების დროს ოფლიანობის გარდა გამოხატულია მათი მახასიათებელი სხვა სიმპტომებიც და ანამნეზის დეტალური შესწავლით იქმნება წარმოდგენა, თუ რა მიმართულებით უნდა წარიმართოს დიაგნოსტიკის პროცესი.

პოსტმენოპაუზური ჰიპერჰიდროზი

ჰიპერჰიდროზი წამოხურების ეპიზოდებთან, ე.წ. ალებთან ერთად მენოპაუზის ჩვეული გამოვლინებაა.

ქალის სასქესო ჰორმონის – ესტროგენების რაოდენობის მკვეთრი ცვლილება ზემოქმედებას ახდენს თავის ტვინზე და მის მიერ სხეულის ტემპერატურის კონტროლზე.

ორგანიზმის სასოწარკვეთილი მცდელობის შედეგად, გამოყოს ზედმეტი სითბო, კანის სისხლძარღვები ფართოვდება და საოფლე ჯირკვლებიც ზედმეტად აქტიურდება.

ქალების დაახლოებით 75%-სთვის მენოპაუზის დროს ალები და ჭარბი ოფლიანობა ცხოვრების გარდაუვალი პერიოდია. დარჩენილ უმცირესობას კი მეტად უმართლებს და ამის გამოცდა არ უწევს.

მენოპაუზის ეს სიმპტომი უმეტესად გაივლის რამდენიმე წელში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მისი გამოვლინება შეიძლება ცხოვრების ბოლომდეც გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში ეპიზოდების სიხშირე და სიმწვავეც დროთა განმავლობაში ნაკლები ხდება.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

ექიმის კონსულტაცია საჭირო ხდება:

  • როცა აღინიშნება ღამის ოფლიანობა – თუ ცივი ოფლი გაღვიძებთ ან დილით ბალიში სველი გხვდებათ
  • როცა ოფლიანობა გამოხატულია არა ერთ რომელიმე უბნში, არამედ მთელ სხეულზე
  • თუ ოფლიანობის ინტენსივობა მკვეთრად და სწრაფად იცვლება
  • როცა ოფლიანობა აღმოცენდება ცხოვრების შედარებით გვიან ეტაპზე: საშუალო ასაკში ან შემდეგ. (პირველადი ფოკალური ჰიპერჰიდროზი, როგორც წესი, იწყება თინეიჯერებში ან ახალგაზრდა ასაკში)
  • როცა ოფლიანობის დაწყება ემთხვევა ახალი მედიკამენტის მიღებას
  • როცა ოფლიანობას ახლავს სხვა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, უძილობა, გაძლიერებული წყურვილი, გაძლიერებული შარდვა ან ხველა
  • ან უბრალოდ, როცა ოფლიანობა ძალიან შემაწუხებელია და მკვეთრად უარყოფითად აისახება ცხოვრების ხარისხზე.

მკურნალობა

მეორეული ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში თერაპიის მთავარი მიმართულებაა ოფლიანობის გამომწვევი დაავადების მკურნალობა, ხოლო თუ მისი განკურნება ვერ ხერხდება, შეიძლება გამოყენებული იქნას იგივე საშუალებები, რასაც მიმართავენ პირველადი ფოკალური ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, როცა ოფლიანობის კონკრეტული მიზეზები დაუდგენელია.

ესენია – პირველ რიგში ადგილობრივი საშუალებები, როგორიცაა, ანტიპერსპირანტები, მალამოები. სტრესული ოფლიანობის შემთხვევაში შესაძლოა შერჩეული იქნას დამამშვიდებელი პრეპარატები ემოციური დაძაბულობის დონის შესამცირებლად. მათი უეფექტობის შემთხვევაში კი განიხილება შემდეგი პროცედურები:

ბოტოქსის ინექციები – რაც ახდენს საოფლე ჯირკვლების აქტივობის მარეგულირებელი ნერვების დროებით ბლოკირებას.

იონოფორეზი – გულისხმობს სპეციალური მოწყობილობით გამომუშავებული მსუბუქი ელექტრული იმპულსებით საოფლე ჯირკვლების დროებით დაბლოკვას.

ენდოსკოპიური თორაკალური სიმპატექტომია – მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევით ხდება საოფლე ჯირკვლებთან მიმავალი ნერვული ჯაჭვების გაწყვეტა, რაც იწვევს საოფლე ჯირკვლების აქტივობის დაქვეითებას.

ჰიპერჰიდროზის უბნებში ოფლიანობის დაბლოკვით არ ხდება ორგანიზმიდან საჭირო რაოდენობის ოფლის გამოყოფის შეზღუდვა, რამდენადაც სხვაგან განლაგებული რამდენიმე მილიონი საოფლე ჯირკვალი, ცხადია, განაგრძობს თავის ნორმალურ აქტივობას.

სასარგებლოა თუ არა ოფლის გამოყოფის სტიმულირება და იწვევს თუ არა ის წონაში კლებას

,,ოფლის მოდინებას” ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერენ.

ნიშნავს თუ არა ვარჯიშის დროს ოფლის ინტენსიური გამოყოფა კალორიების ინტენსიურ წვას და არის თუ არა ის ვარჯიშის ეფექტურობის საზომი?

ამ შეკითხვაზე პასუხია NO. რადგან, როგორც უკვე განვიხილეთ, ოფლის გამოყოფა ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობის გარდა სხვა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა: გარემო პირობები – ტემპერატურა და ტენიანობა, სქესი, ასაკი, გენეტიკა, ემოციური მდგომარება, ჰიდრატაციის ხარისხი, ტანსაცმელი.

ოფლის გამოყოფა ვარჯიშის დროს ასევე არ ასახავს ცხიმის წვის ხარისხს. ოფლის საშუალებით ორგანიზმიდან გამოდის ძირითადად წყალი. გარკვეული რაოდენობით სითხის დაკარგვა აისახება სასწორზეც, მაგრამ ეს არ უნდა იქნას შეფასებული, როგორც ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება.

დეჰიდრატაციის, ანუ გაუწყლოვნების პრევენციისთვის ინტენსიური ოფლიანობის საპასუხოდ უნდა მოხდეს დაკარგული წყლის და ელექტროლიტების რაოდენობის შევსება დღის განმავლობაში. წყლის დალევა საჭიროა ვარჯიშის დაწყებამდე, პროცესის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ.

რეალურად, ვარჯიშის დროს გაოფლიანება პირველ რიგში მიანიშნებს, რომ მიღწეულია ფიზიკური აქტივობის ისეთი დონე, როცა უკვე იწყება მისი დადებითი გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ანუ, ამ დროს სასარგებლოა არა თავად ოფლის გამოყოფა, არამედ ის შინაგანი პროცესები, რასაც ოფლის გამოყოფამდე მივყავართ.

იგივე შეიძლება ითქვას საუნის ეფექტზეც.

დადგენილია, რომ რეგულარული სტუმრობა საუნაში ძალიან დადებით გავლენას ახდენს გულის ჯანმრთელობაზე და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ის აქვეითებს არტერიულ წნევას და აჯანსაღებს სისხლძარღვებს. ამ შემთხვევაშიც ოფლის გამოყოფა არის ამ პოზიტიური ცვლილებების არა გამოწვევი, არამედ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების თანმდევი მოვლენა.

ოფლის გამოყოფის თავისებურებები ბაშვებში

ბავშვებში ოფლის გამოყოფის რეგულაცია ისევე მიმდინარეობს, როგორც მოზრდილებში.

საოფლე ჯირკვლების პირველი ტიპი – ეკრინული ჯირკვლები, რომლებიც განაწილებულია სხეულის მთელ ზედაპირზე, აქტიურია დაბადებიდან და შესაბამისად, ოფლის გამოყოფა იწყება უკვე დაბადების მომენტიდან.

რაც შეეხება ოფლის სუნის წარმოქმნას, ეს უკავშირდება მეორე ტიპის – აპოკრინული საოფლე ჯირკვლების გააქტიურებას. მისი მიზეზია სქესობრივი მომწიფების პროცესების დაწყება და როგორც წესი, თავს იჩენს დაახლოებით 8 წლის ასაკიდან. ამ პერიოდიდან შესაძლოა ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, მაინც რთული გახდეს ოფლის სუნთან ბრძოლა სხვა დამხმარე საშუალებების, მაგალითად, ანტიპერსპირანტების და დეოდორანტების გარეშე.

თავად ოფლს სუნი არ გააჩნია. სუნის წარმოქმნა ხდება, როცა ოფლის კომპონენტები შეერევა კანის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს.

აპოკრინული ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ოფლის შემადგენლობაში შედარებით მაღალია ცხიმოვანი ნაერთების შემცველობა, რომლებიც განსაკუთრებულად უყვართ კანზე არსებულ ბაქტერიებს. ამ ტიპის ჯირკვლები კი განსაკუთრებით მრავლადაა კონცენტრირებული იღლიის ფოსოში. სწორედ ამას უკავშირდება სხეულის ამ მიდამოში ოფლის სუნის გაჩენა.

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, სუნის შემცირების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის რეგულარულ დაცვას, როგორ ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, რათა შემცირდეს კანის ბინადარი ბაქტერიების რაოდენობა.

ოფლის სუნის გაჩენა ბავშვებში საყურადღებო ხდება, თუ ის ვლინდება 7-8 წელზე ადრე ასაკში. ასეთ შემთხვევებში მდგომარეობა უნდა შეფასდეს პედიატრის მიერ.

Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)