პრედიაბეტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგაშის ზარი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ.
ეს არის მდგომარეობა, როცა შაქრის შემცველობა სისხლში უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ გასცდენია იმ ნიშნულს, რაც შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი.
როგორ ყალიბდება პრედიაბეტური მდგომარეობა
ნორმის პირობებში ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონ ინსულინს, რომელიც ეხმარება უჯრედებს გლუკოზას ათვისებაში და სისხლში მისი რაოდენობის კონტროლს ახორციელებს.
პრედიაბეტის არსებობა ნიშნავს, რომ ეს მექანიზმი არ მოქმედებს ისე , როგორც საჭიროა: ან არ ხდება საკმარისი რაოდენობით ინსულინის წარმოქმნა, ან ორგანიზმი ვერ პასუხობს მის მოქმედებას სათანადოდ.
ზუსტი გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ გენეტიკა და ოჯახური ისტორია წამყვან როლს თამაშობს დაავადების განვითარებაში.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე არააქტიური ცხოვრების წესი და ჭარბი წონა, განსაკუთრებით ჭარბი ცხიმოვანი მასის არსებობა წელის მიდამოში.
პრედიაბეტი ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მაღალ რისკთან, მაგრამ ამ რისკის თავიდან აცილება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის აღნიშნულ სტადიაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია.
სიმპტომები როგორც წესი არ არის გამოხატული, ამიტომ უნდა მოხდეს 45 წლის ასაკის ზემოთ მყოფი ყველა პირის სკრინინგული გამოკვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ან უფრო ადრეულ ასაკშიც, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორები. მათი ჩამონათვალი იხილეთ აქ.
დიაგნოსტიკის მეთოდები
პრედიაბეტის აღმოსაჩენად გამოიყენება სამი ტიპის ლაბორატორიული კვლევა:
გლუკოზას რაოდენობის განსაზღვრა სისხლში უზმოზე – დიაგნოსტიკური მაჩვენებელია 100-125 მგ/დლ (5,6 – 6,9 მმოლ/ლ);
ორალური გლუკოზოტოლერანტობის ტესტი – პირველ რიგში კეთდება ანალიზი უზმოზე, შემდეგ გამოსაკვლევი პირი სვამს წყალში გახსნილ გლუკოზას და აქედან ორ საათში ტარდება სისხლში შაქრის შემცველობის განმეორებითი კვლევა. დიაგნოსტიკური მაჩვენებელია 140 – 199 მგ/დლ (7,7 – 11 მმოლ/ლ);
გლიკირებული ჰემოგლობინი – დიაგნოსტიკური მაჩვენებელია 5,7 – 6,4 %.
პრედიაბეტის ცნება თავის თავში მოიცავს ორ დიაგნოზს იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ დიაგნოსტიკურ გამოკვლევაში ფიქსირდება დარღვევა. ესენია:
გაუარესებული გლიკემია უზმოდ (უზმოზე შაქრის ზენორმული მაჩვენებლის მიღების საფუძველზე)
ან/და
გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა (გლუკოზოტოლერანტობის ტესტით აღმოჩენილი ცვლილების საფუძველზე).
Treatment
ცხოვრების წესის მოდიფიკაცია შესაძლებლობას აძლევს პრედიაბეტით დაავადებულებს გადაავადონ ან თავიდან აიცილონ დარღვევის პროგრესირება და შაქრიანი დიაბეტის განვითარება.
ამისათვის დაცული უნდა იქნას სამი „ოქროს“ წესი:
- წონის კონტროლი: თუ აღინიშნება ჭარბი წონა ან სიმსუქნე, უფრო მაღალია პრედიაბეტის დიაბეტში პროგრესირების რისკი. სხეულის მასის 5-დან 10 % მდე დაკლება უკვე თვალშისაცემ შედეგს იძლევა.
- ფიზიკური აქტივობა: უნდა გამოიყოს მინიმუმ 30 წუთი ყოველდღე ან კვირის უმეტეს დღეებში საშუალო დატვირთვის ფიზიკური აქტივობისთვის, როგორიცაა ველოსიპედით სიარული, ცურვა, ან უბრალოდ ფეხით სეირნობა. იდეალური ვარიანტია აერობიკული ვარჯიშები, რომლებიც გულისცემის სიხშირის მომატებას იწვევს, მაგრამ მსგავსი ტიპის სავარჯიშოების პირველად დაწყება სპეციალისტის რეკომენდაციებს საჭიროებს.
- კვება: საჭიროა საკვები შედგებოდეს ნაკლებ ცხიმიანი პროტეინების, მთლიანი მარცვლების პროდუქტებისა და ბოსტნეულისგან. უნდა შემცირდეს კალორიები, ულუფის მოცულობა, შაქრისა და სახამებლიანი ნახშირწყლების მიღება. უნდა გაიზარდოს უჯრედისით მდიდარი საკვების წილი, რადგან ის ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნების დაჩქარებას და აიოლებს საკვების რაოდენობის კონტროლს.
რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, შესაბამისი პრეპარატების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
პრედიაბეტი აქტუალური პრობლემაა ასევე ბავშვებშიც. იგივე ცვლილებები ცხოვრების წესში, რაც რეკომენდირებულია მოზრდილების შემთხვევაში, ხელს უწყობს დაავადების პროგრესირების შეჩერებას ბავშვთა ასაკშიც.
Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)
Read also:
- GLUCOSE LEVEL IN THE BLOOD: TERMINOLOGY, TESTING METHODS AND NORMAL RANGES
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია
- შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები და სკრინინგი
- ზოგადი მონაცემები შაქრიანი დიაბეტის შესახებ
- ყველაზე ხშირად დასმული კითხვები