HEALTHY EATING

რა არის კალორია

ერთი კილოკალორია არის სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 1 კგ წყლის გასაცხელებლად 1 გრადუსი ცელსიუსით.

ეს საზომი ნუტრიციოლოგიაში (მედიცინის დარგი კვების შესახებ) გამოიყენება იმ ენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად, რომელიც საკვებიდან მიეწოდება ორგანიზმს.

ამრიგად:
1გრ ნახშირწყალი და 1 გრ ცილა უზრუნველყოფს 4 კკალ ენერგიის გამონთავისუფლებას;
1 გრ ცხიმი შეიცავს 9 კკალ ენერგიას;
1 გრ ალკოჰოლი შეიცავს 7 კკალ ენერგიას.

ფორმალურად 1 კილოკალორია = 1 000 კალორიას, მაგრამ პრაქტიკულ გამოყენებაში ეს ორი მაჩვენებელი გაიგივებულია და ორივე აღნიშნავს კილოკალორიას.

ინდივიდების მიხედვით კალორიებზე/ენერგიაზე დღიური მოთხოვნა მკვეთრად განსხვავდება და დამოკიდებულია: ასაკზე, სქესზე, წონასა და სიმაღლეზე, სხეულის კომპოზიციაზე, კუნთოვანი მასისა და ცხიმოვანი ქსოვილის შეფარდებაზე, ფიზიკური აქტივობის დონეზე. მაგალითად, საშუალო სიმაღლის, გამხდარი ქალბატონისთვის, მსუბუქად აქტიური რეჟიმით, დღეში საკმარისია 1 700-2 000 კკალ ენერგია, ხოლო სპორტსმენი მამაკაცისთვის, მაღალი ფიზიკური აქტიურობით, განვითარებული კუნთოვანი მასით შესაძლოა საჭირო იყოს 4 000 კკალ-მდე ენერგია.