GENERAL, HEALTHY EATING

UNDERWEIGHT HEALTH RISKS AND RECOMMENDATIONS ABOUT HEALTHY WEIGHT GAIN

წონის დეფიციტი

თანამედროვე მსოფლიოში არსებული ,,სიმსუქნის პანდემიის” ფონზე გამხდარი აღნაგობა ბევრისთვის სასურველი პრობლემაა, მაგრამ ძალიან მცირე წონა შეიძლება არც თუ ისე კარგი იყოს ჯანმრთელობისთვის.

მართალია, ორგანიზმში დაგროვილი ზედმეტი ცხიმი ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, მაგრამ მისი სრული უქონლობა არანაკლებ ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს.

გარკვეული რაოდენობით ცხიმის არსებობა ორგანიზმისთვის აუცილებელია.

ცხიმი ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ის მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, სითბოს წარმოქმნაში, ანთებითი რეაქციის შემცირებაში, შიმშილის და სიმაძღრის შეგრძნებების რეგულაციაში და სხვა.

სხეულის მცირე წონას შეიძლება ახლდეს:

  • ბავშვებში ზრდის და განვითარების შეფერხება
  • ძვლების სისუსტე
  • სუსტი იმუნური სისტემა
  • შვილოსნობის პრობლემები
  • თმის ცვენა, კანის სიმშრალე.

წონის დეფიციტი რიცხვებში

წონასთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად 18 წელზე მეტი ასაკის პირებში გამოიყენება სხეულის მასის ინდექსის ფორმულა.

მის გამოსათვლელად მეტრებში გაზომილი სიმაღლის მაჩვენებელი აგვყავს კვადრატში და მიღებულ რიცხვზე ვყოფთ კილოგრამებში გაზომილ სხეულის მასას (კგ/მ2).

უფრო მარტივად კი შესაძლებელია სპეციალურ მზა ცხრილში მოიძებნოს სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი.

წონის დეფიციტი
სხეულის მასის ინდექსის ცხრილი

როცა სხეულის მასის ინდექსი 18,5 ზე ნაკლებია, ეს უკვე წონის დეფიციტის მაჩვენებელია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ფორმულას აქვს მხოლოდ საორიენტაციო დანიშნულება და არ არის უნივერსალური სადიაგნოსტიკო საშუალება, რადგან ვერ იძლევა სრულყოფილ წარმოდგენას ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის პროცენტულ შემცველობაზე.

ამიტომ სხეულის აგებულების გათვალისწინებაც ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში აუცილებელია.

მიზეზები

გენეტიკა – თუ სიგამხდრე მოდის ბავშვობიდან და ოჯახის წევრებს შორისაც არიან მსგავსი აღნაგობის პირები, დიდია იმის ალბათობა, რომ ასეთი პიროვნება დაბადებულია ჩვეულებრივზე უფრო აჩქარებული მეტაბოლიზმით. ამას გარდა, შეიძლება თანდაყოლილად აღინიშნებოდეს დათრგუნული მადაც.

კვება – როცა კვება არასრულფასოვანია და ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობისთვის საჭირო ენერგიით.

ფიზიკური აქტივობის მაღალი დონე – როცა მოძრაობის შედეგად დიდი რაოდენობით კალორიები იხარჯება დღის განმავლობაში. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პროფესიულ საქმიანობასთანაც ან პიროვნულ თავისებურებებთან (ენერგიული და მოძრავი ადამიანის შემთხვევაში).

დაავადებები – თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში მკვეთრად შემცირდა სხეულის მასის ციფრები, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა, დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები. არაიდენტიფიცირებადი მიზეზით წონის უეცარი კარგვა ექიმთან ვიზიტის ჩვენებაა.

medications – ზოგი პრეპარატის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს მადის დაქვეითება ან ღებინება და შედეგად – წონაში კლება.

მენტალური ჯანმრთელობა – ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა სტრესი და დეპრესია სერიოზულ გავლენას ახდენენ სხეულის მასაზეც. პათოლოგიური ღელვა სხეულის ფორმებზე ასევე შეიძლება გახდეს სხვადასხვა კვებითი აშლილობის მიზეზი.

წონაში უსაფრთხოდ მომატების გზები

თუ წონის დეფიციტის გამომწვევი დაავადებები გამორიცხულია და სპეციფიკური მკურნალობის საჭიროება არ აღინიშნება, ამ შემთხვევაში წონაში მომატების ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:

პირველ რიგში, წონაში მატების საბაბით არ უნდა მოხდეს ისეთი პროდუქტების ჭარბი მოხმარება, როგორიცაა რაფინირებული ცხიმების და დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტები – ტკბილეულობა, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სასმელები.

მართალია, მათი კალორაჟი დიდია, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ორგანიზმს აუცილებელი ჯანსაღი ელემენტებით.

მათ გამოყენებას ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბად დაგროვება და ქოლესტერინის დონის აწევა შეიძლება ახლდეს თან.

წონის უსაფრთხო მატება კი გულისხმობს უფრო მეტად კუნთოვანი მასის გაზრდას და შედარებით ნაკლებად ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას.

ამიტომ, უნდა შეირჩეს კალორიებით მდიდარი, მაგრამ ამავე დროს ვიტამინებით და მინერალებით გაჯერებული საკვები.

ასეთი შეიძლება იყოს: ნუში, მზესუმზირა და სხვა მსგავსი მცენარეული თესლები, ჩირი, ჩურჩხელა, ასევე ,,ჯანსაღი ცხიმის” შემცველი პროდუქტები – თხილეული და ავოკადო.

ძირითადი საკვები უნდა შეიცავდეს საკმაო რაოდენობით ცილას – ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტი. ასევე მთლიანი მარცვლეულით დამზადებულ ნახშირწყლოვან პროდუქტებს: ცეხვილი პური, ყავისფერი ბრინჯი.

კვება უნდა იყოს მრავალჯერადი და მცირე ულუფებით.

ბოლო კვების მიღება შესაძლებელია დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში, ეს დრო იდეალურია მიღებული კალორიების მაქსიმალურად ,,შესარგებად”.

აერობიკული ვარჯიშები უფრო კალორიების დახარჯვას და წონაში კლებას იწვევს, ამიტომ მის სანაცვლოდ უმჯობესია ვარჯიში სიმძიმეებით და იოგა, რაც კუნთების განვითარებას და მისი მასის მომატებას შეუწყობს ხელს.

დაბალი წონა ბავშვებში

ბავშვის წონა დაბადების მომენტიდან რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს პედიატრის მიერ. ნორმასთან შესაბამისობის დასადგენად ამ ასაკისთვის განკუთვნილია სპეციალური ცხრილები.

ბავშვის წონა ასაკთან და სიმაღლესთან მიმართებაში ფასდება დინამიკაში. ყოველ ვიზიტზე დაფიქსირებული მაჩვენებლების შეერთებით იქმნება მრუდი, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინოდ გამოხატავს ზრდა-განვითარების პროგრესს.

ეს მრუდი უნდა იყოს აღმავალი და თუ მისი მიმართულება შეიცვალა და პირიქით, დაღმავალი გახდა, ეს უკვე პრობლემის მანიშნებელია.

გარდა ამისა, სახლის პირობებში მშობლები შეიძლება დააკვირდნენ ბავშვის ზრდას იმის მიხედვით, თუ როგორ ერგება მას ტანსაცმელი. თუ დაბალი ასაკის ბავშვებში მომდევნო წლის იგივე სეზონზე ტანსაცმლის ზომის გაზრდა არ ხდება საჭირო, უმჯობესია დაიგეგმოს პედიატრთან ვიზიტი განვითარების შესაფასებლად.

ბავშვებში წონის დეფიციტის მიზეზებიდან წამყვანია გენეტიკა და არასრულფასოვანი კვება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეტენზიულ მჭამელობასთან, სხვადასხვა საკვების მიმართ ალერგიულ რეაქციებთან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთ დაავადებებთან, რაც საკვების ათვისებაზე ახდენს გავლენას.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში ბავშვის წონასთან დაკავშირებით, საჭიროა პედიატრის მიერ შეფასება, ორგანული დარღვევების გამორიცხვა და სათანადო კვებითი რეკომენდაციების დაცვა.

სტატიები ბავშვთა კვების შესახებ:

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)