GENERAL, HEALTHY EATING

როგორ ქმნის კვების მარკეტინგი სიჯანსაღის ყალბ განცდას

კვების მარკეტინგი

ბოლო წლების მანძილზე ჯანმრთელობის პრობლემების მზარდი მაჩვენებლების გამო სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი იცხოვროს ჯანსაღად.

ისინი ცდილობენ საკვების არჩევისას ჯანსაღ პროდუქტს მიანიჭონ უპირატესობა და ეს ტენდენცია თავისთავად ძალიან დადებითი მოვლენაა.

თუმცა, ეს ფაქტი არცთუ ისე სასიამოვნოა ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ, მაგალითად, ტკბილ სასმელებს, სნექებს, ჩიფსებს, სხვადასხვა ტკბილეულობას.

მათ კარგად იციან, რომ მათი პროდუქცია არ არის ჯანსაღი. მთავარ მიზანს კი წარმოადგენს მომხმარებლის ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესების ფონზეც არ შემცირდეს გაყიდვები და შეინარჩუნონ ბიზნესი კარგი მოგებით.

ამისთვის მწარმოებლებს უწევთ მიმართონ სხვადასხვა ხრიკებს, რათა პროდუქტის შეფუთვა და რეკლამა გამოიყურებოდეს მაქსიმალურად ჯანსაღად. რა მიზნითაც ხშირად იყენებენ ისეთ აღნიშვნებს, როგორიცაა: ნატურალური, ორგანული, უშაქრო, დიეტური, ვიტამინების დღიური დოზის შემცველი და ბევრი სხვა.

ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიები ზრუნავენ უფრო ჯანსაღი გახადონ მათი პროდუქტი.

მათ სრულებითაც არ აღელვებთ ჩვენი ჯანმრთელობა. ისინი მხოლოდ სიჯანსაღის ყალბი განცდის შექმნაზე მუშაობენ.

პროდუქტი ხილის არომატით

ჩვენს ცნობიერებაში მყარად არის დალექილი, რომ ხილის წვენი აუცილებლად ჯანსაღი პროდუქტია, რადგან ის ხილთან და ვიტამინების წყაროსთან ასოცირდება.

ხილი ნამდვილად ჯანსაღი საკვებია, მაგრამ ხილის ე.წ. ნატურალური წვენები – NO.

რეკლამები ხშირად ირწმუნებიან, რომ ერთი ჭიქა ნატურალური წვენი ერთი ცალი ხილის მირთმევის ტოლფასია, ან თითქოს ერთი ბოთლი სასმელი ვიტამინების დღიური დოზის მნიშვნელოვან ნაწილს შეიცავს.

სიმართლე ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ასეთ სასმელებში ხილის გემო მიიღება არა ნამდვილი ნაყოფის, არამედ ხელოვნური არომატიზატორების წყალობით. გარდა ამისა, ისინი გაჯერებულია დიდი რაოდენობით შაქრით და ასევე სხვადასხვა ქიმიური დანამატით.

იმ შემთხვევაშიც, თუ წვენის დასამზადებლად ნამდვილი ხილია გამოყენებული, დამუშავების და პასტერიზების პროცესში ის კარგავს უჯრედისის, ვიტამინების, მინერალების, ანუ მისი სასარგებლო თვისებების მნიშვნელოვან ნაწილს.

ამიტომ არ ღირს თავის მოტყუება, თითქოს ამ პროდუქტების მიღებით რაიმე სარგებელს ვაძლევთ ორგანიზმს.

ასევეა სხვა ტიპის ნაწარმის შემთხვევაშიც. როცა კამფეტებს, საღეჭ რეზინებს, იოგურტებს და სხვ. ამა თუ იმ ხილის გემო აქვს და შეფუთვის დიდი ნაწილიც მის გამოსახულებას უჭირავს, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად ხილისაა.

აქაც, როგორც წესი, გემო მიიღება ხელოვნური არომატიზატორების დახმარებით, რასაც არაფერი აქვს საერთო ხილში შემავალ სასარგებლო ნუტრიენტებთან.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთ პროდუქტებში ნამდვილი ხილია დამატებული, მას დამუშავების შედეგად იმდენად ეკარგება სასარგებლო კომპონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი და ამავე დროს, იმდენად მცირე რაოდენობითაა, რომ მისი სარგებელი ვერანაირად გადაწონის იმ უარყოფით მოქმედებას, რაც შაქრით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთებით გაჯერებულ საკვებს აქვს ორგანიზმზე.

მეტი ინფორმაცია შაქარზე: შაქარი, თაფლი და შაქრის შემცვლელები

უშაქრო და დიეტური სასმელები

გაზიანი სასმელების ცნობილი ბრენდების უმეტესობას შექმნილი აქვს მისი პროდუქციის უშაქრო ანალოგიც, რომელიც ბევრისთვის ჯანსაღ და უსაფრთხო პროდუქტად მიიჩნევა.

მართალია, ჩვეულებრივ ვარიანტთან შედარებით მასში ნაკლებია შაქრის და კალორიების შემცველობა, სამაგიეროდ გემოს შესანარჩუნებლად ბევრად მეტად არის გაჯერებული ქიმიური დანამატებით, ხელოვნური დამატკბობლებით, საღებავებით, არომატიზატორებით.

მიუხედავად კალორიების სიმცირისა, აღმოჩნდა, რომ მათი რეგულარული გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საბოლოოდ შემცირების ნაცვლად, პირიქით, ზრდის სიმსუქნის, მეტაბოლური დარღვევების, ტიპი 2 დიაბეტის განვითარების, თირკმლის დაზიანების რისკებს.

ამიტომ ეს სასმელები რეალურად არ არის ჯანსაღი კვების რაციონის ნაწილი. უმჯობესიც კი არის, ისევ შაქრის შემცველ ვარიანტზე შეჩერდეს არჩევანი.

ტიპიური მარკეტინგული ხრიკის მაგალითია ე.წ. ცივი ჩაის სასმელების გამოჩენა ბაზარზე. რადგან სახელწოდებაში სიტყვა ,,ჩაი” ფიგურირებს, ბევრისთვის ეს პროდუქტი ჯანსაღ და უსაფრთხო სასმელად მიიჩნევა. სინამდვილეში კი მისი შემადგენლობა არაფრით განსხვავდება სხვა ტკბილი სასმელების ინგრედიენტებისგან და მას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ჩაისთან.

პროდუქტი ვიტამინების და სხვა სასარგებლო ნაერთების შემცველობით

ხშირად მწარმოებლები მომხმარებლის მისაზიდად თავის არაჯანსაღ პროდუქტში ამატებენ მცირე რაოდენობით სხვადასხვა ვიტამინს, ანტიოქსიდანტს, ომეგა-3-ს და მისი სახელწოდება საპატიო სივრცეს იკავებს ხოლმე შეფუთვაზე.

ეს ხრიკი ხშირად გამოიყენება ბავშვთა კვების პროდუქტებშიც.

სინამდვილეში სასარგებლო კომპონენტების ეს მცირე რაოდენობა ვერ იძლევა იმდენ სარგებელს, რომ შეძლოს ამ პროდუქტებში შემავალი ინგრედიენტების მავნე მოქმედების განეიტრალება.

პროდუქტები, რომლიდანაც ამოღებულია ესა თუ ის მავნე ნაერთი

ისეთი კომპონენტების გამოცლა, როგორიცაა ცხიმი, გლუტენი, შაქარი, იწვევს პროდუქტის გემოვნური თვისებების დაკარგვას და არასასურველი ხდება მომხმარებლისთვის.

ამიტომ ამ ამოღებული ინგრედიენტების სანაცვლოდ ნაწარმს ემატება ჩვეულებრივზე უფრო დიდი ოდენობით ქიმიური ნაერთები, რათა გაუმჯობესდეს მისი გემო, რაც ამ უცხიმო, უშაქრო თუ უგლუტენო პროდუქტს იმაზე მავნეს ხდის საბოლოოდ, ვიდრე მისი სრული შემადგენლობით ანალოგი შეიძლება იყოს.

როგორ ამოვიცნოთ ტყუილი

მარკეტინგული ხრიკით შენიღბული არაჯანსაღი პროდუქტის ამოცნობა რთული არ არის. ამისთვის საკმარისია ნაკლები ყურადღება მივაქციოთ შეფუთვაზე დიდი ასოებით დატანილ ინგრედიენტებს და ჩავხედოთ შედარებით წვრილი შრიფტით აღნიშნულ სხვა შემადგენელ ნივთიერებებს.

რაც მეტი უცხო და გაუგებარი სიტყვა გვხვდება პროდუქტის შემადგენლობის ჩამონათვალში, მით უფრო არაჯანსაღია ის.

მაგალითად, თუ ავიღებთ ჩიფსის შეფუთვას, რომელსაც დიდი ფერადი ასოებით აწერია, რომ დამზადებულია 100%-ით ნატურალური კარტოფილისგან, ერთი თვალის შევლებით ამას გონება აღიქვამს ისე, რომ მთლიანი პროდუქტი არის სრულად ნატურალური. მაგრამ თუ მოვძებნით და გავეცნობით სრულ შემადგენლობას, აქ ამოკითხული ინგრედიენტები ნამდვილად დაგვავიწყებს სიტყვა ,,ნატურალურს”.

ზოგადად კი, საკმარისია გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტ დამუშავებას გადის ესა თუ ის პროდუქტი დახლზე მოხვედრამდე, მით უფრო ნაკლებად ჯდება ის ჯანსაღი კვების კრიტერიუმებში.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)