HEALTHY EATING

პრეტენზიული მჭამელი ბავშვები

ცუდი მჭამელი ბავშვი

ის, რასაც ბავშვი დაბადებიდან ადრეულ ასაკში ჭამს და სვამს, განსაზღვრავს მის ჯანმრთელობას მთელი მომავალი ცხოვრების მანძილზე.

ზოგადი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება სწორედ პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ჯანსაღი კვების წახალისება და დანერგვა.

აქედან გამომდინარე, როცა პატარა წუნიაა და ცუდი მჭამელია, მშობლების მღელვარება ამ საკითხზე სრულიად ბუნებრივია.

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის კვების თავისებურებებზე

კვებაზე ან ახალი პროდუქტის გასინჯვაზე უარის თქმა ზოგადად ნორმალური მოვლენაა ბავშვისთვის.

ზოგჯერ პატარებს აქვთ ისეთი ფაზები, როცა ისინი წყვეტენ იმ საკვების მიღებას, რასაც ადრე სიამოვნებით მიირთმევდნენ.

ცხადია, საუკეთესო ვარიანტია ყოველდღიური სრულფასოვანი კვება, მაგრამ თუ ეს ასე არ გამოდის, მთავარი ყურადღება უნდა მივაქციოთ არა იმას, თუ როგორ იკვება ბავშვმა დღის განმავლობაში და ჭამა თუ არა მან შეთავაზებული ულუფა ბოლომდე, არამედ იმას, მიიღო თუ არა მან საკმარისად მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვება კვირის განმავლობაში.

ბავშვის რაციონში უნდა მოხვდეს საკვების თითოეული 4 ძირითადი ჯგუფიდან ზოგიერთი პროდუქტი მაინც. ეს ჯგუფებია:

  • ხილი და ბოსტნეული
  • სახამებლიანი ნახშირწყლები, როგორიცაა, მაგალითად, კარტოფილი, პური, ბრინჯი, მაკარონი და სხვ.
  • რძე და მისი ნაწარმი
  • ცილოვანი პროდუქტები, მაგალითად: ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო და სხვ.

თუ ბავშვის კვების რეჟიმი რამდენიმე დღით ირღვევა, ეს მის მოქნილ ორგანიზმს ზიანს ვერ მოუტანს, მაგრამ თუ ასეთი პერიოდი გახანგრძლივდა, ეს უკვე საყურადღებოა. ამ დროს უნდა შეფასდეს როგორია ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, რამდენად აქტიურია ის, როგორია ზრდის ტემპი და წონაში მატება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს პრეტენზიულ მჭამელად ჩამოყალიბება

ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს იმის, თუ რატომ არ ჭამს ბავშვი ამა თუ იმ საკვებს.

  • პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს მგრძნობელობითი აღქმის თავისებურებები. ზოგი ბავშვი სხვებთან შედარებით გამძაფრებულად შეიგრძნობს გემოს, სუნს, ტექსტურას და საკვების ტემპერატურას
  • შესაძლოა ბავშვს სხვადასხვა საკვებზე ჰქონდეს ტრამვული მოგონებები, როგორიცაა, მაგალითად, გადაცდენის ეპიზოდი, კვებითი ინტოქსიკაცია, საკვების ზედმეტად დიდი ან უსიამოვნოდ დაბალი ტემპერატურა
  • თუ ბავშვი შედარებით მოზრდილია, შესაძლოა მას თავისი სხეულის ფორმები აღელვებდეს და ეს იყოს კვებისგან თავის არიდების მიზეზი
  • ზოგ ადამიანს და მათ შორის ბავშვსაც, არ მოსწონს რუტინის ცვლილება და ეს კვებით ჩვევებზეც შეიძლება აისახოს. ამ შემთხვევაში საკვები, რომელიც შეთავაზებულია განსხვავებული გზით, განსხვავებულ დროს და განსხვავებულ ადგილას, შესაძლოა უარყოფილი იქნას. ასეთივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საკვების განსხვავებულ შეფუთვასაც
  • ზოგჯერ ბავშვი უბრალოდ ,,აკოპირებს” მშობლის პრეტენზიულ ქცევას კვებასთან მიმართებაში.

ბავშვის ქცევასა და ინდივიდუალურ თავისებურებებზე დაკვირვება და ამ სავარაუდო მიზეზების გამოვლენა მშობელს აძლევს შესაძლებლობას, დაგეგმოს რა საჭმელი, სად და როდის შესთავაზოს ბავშვს, ისე, რომ გაზარდოს საკვების მიღების ალბათობა.

როგორ შევთავაზოთ საკვები პრეტენზიულ ბავშვებს – რჩევები მშობლებისთვის

ბავშვის კვების პროცესი გულისხმობს ვალდებულებების გაზიარებას მას და მის მშობელს შორის.

კერძოდ, მშობლის ვალდებულებაა, გააკონტროლოს რა, სად და როდის აჭამოს ბავშვს. ბავშვი კი წყვეტს, ჭამოს თუ არა ეს საჭმელი და რამდენი ჭამოს. ამიტომ ზოგადი დამოკიდებულება უნდა იყოს ამგვარი:

  • არ დააძალოთ ბავშვს ჭამა
  • როცა უარს იღებთ საჭმლის მიღებაზე, მაქსიმალურად მშვიდად და საყვედურების გარეშე გადადეთ კერძი გვერდით და არ შესთავაზოთ სხვა ალტერნატიული საკვები, ვიდრე მომდევნო კვების დრო არ მოვა
  • კვების წინ გარკვეული პერიოდი (სასურველია მინიმუმ 90 წუთი) არ მისცეთ წახემსების საშუალება ტკბილეულით ან სხვა ნებისმიერი ხემსით. ასევე არ მისცეთ სასმელები, რადგან მათი მიღება გამოიწვევს კუჭის სისავსის შეგრძნებას და შიმშილის დათრგუნვას, შედეგად კი იზრდება ალბათობა, რომ საკვების მიღებაზე უარს მიიღებთ
  • თუ ბავშვის ასაკი შესაბამისია, მიეცით არჩევანის საშუალება და წინასწარ შეეკითხეთ, თუ ორი სხვადასხვა კერძიდან რომელი ურჩევნია რომ მომზადდეს სადილად
  • შეეცადეთ მისცეთ მაგალითი და ხშირად ჭამოთ მასთან ერთად იგივე საკვები, რასაც მას სთავაზობთ
  • შესთავაზეთ საკვები მცირე ულუფებით და არ დაიშუროთ შექება იმ შემთხვევაშიც, თუ მცირე რაოდენობით შეჭამს
  • შესაძლოა ბავშვი ნელი მჭამელი იყოს და ეს მოთმინებას მოითხოვს მშობლის მხრიდან
  • ნუ გამოიყენებთ ტკბილეულს, როგორც ჯილდოს კვების შემდეგ, რადგან ამან შესაძლოა ისეთი შეხედულება ჩამოაყალიბოს, რომ თუ ტკბილეული ჯილდოა, ბოსტნეულის ჭამა სასჯელი გამოდის. ტკბილეულის ნაცვლად შეგიძლიათ შესთავაზოთ სკვერში გასეირნება, ერთად თამაში, გაფერადება ან სხვა ისეთი აქტივობა, რაც მას ძალიან უყვარს
  • თუ იცნობთ იგივე ასაკის კარგად მჭამელ ბავშვს, დაპატიჟეთ ხოლმე ის სახლში საერთო სუფრაზე, მაგრამ ზედმეტად ნუ გაამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად კარგები არიან სხვა ბავშვები იმის გამო, რომ უპრობლემოდ ჭამენ
  • შესაძლებელია ასევე ისეთ მოზრდილ ადამიანსაც სთხოვოთ მიირთვას თქვენთან ერთად, ვინც ბავშვს ძალიან მოსწონს
  • ზოგჯერ ბავშვი სხვა ადამიანის მიწოდებულს წინააღმდეგობის გარეშე მიირთმევს ხოლმე. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, ბებია, ბაბუა, ან ოჯახის სხვა წევრი
  • შესთავაზეთ ბავშვს საკვები სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, თუ ის არ ჭამს მომზადებულ სტაფილოს, შეიძლება უმად გახეხილი უფრო მოეწონოს
  • მიაღებინეთ მონაწილეობა მომზადების პროცესში
  • შეურჩიეთ საბავშვო მიმზიდველი ჭურჭელი
  • უზრუნველყავით ბავშვის სათანადო ფიზიკური აქტივობა და ზომიერი დაღლა დღის განმავლობაში
  • შეეცადეთ კვების პროცესი არ ასოცირდებოდეს სტრესთან და მაქსიმალურად მხიარული და დადებითი გარემო შეუქმნათ ამ დროს, თავადაც აღიჭურვოთ მოთმინებით და არ გამოხვიდეთ წყობიდან.

ახალი პროდუქტის შეთავაზება

ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის პედიატრიული ჯგუფის მტკიცებით, ახალი საკვების და გემოს შეთავაზება უნდა მოხდეს მრავალჯერადად.

შეიძლება 16-17 მცდელობაც კი დასჭირდეს, ვიდრე ბავშვი მიიღებს ახალ გემოს. ამიტომ მშობელი არ უნდა დანებდეს ნაადრევად.

ახალი გემოს შეთავაზება შეიძლება მოხდეს ნელი ტემპით საფეხურებრივად, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. დაუდეთ ახალი პროდუქტი მაგიდაზე
  2. დაუდეთ ის თეფშზე
  3. სთხოვეთ და წაახალისეთ, რომ ხელით შეეხოს მას
  4. წაახალისეთ, რომ ენით შეეხოს მას
  5. წაახალისეთ, რომ ჩაიდოს პირში
  6. წაახალისეთ, რომ დაღეჭოს
  7. წაახალისეთ, რომ გადაყლაპოს

დაჯექით მასთან ერთად, თავადაც გასინჯეთ იგივე პროდუქტი და აღუწერეთ თქვენი შეგრძნებები, მაგალითად ასეთი სიტყვებით: ..ტკბილია”, ,,ადვილად იღეჭება”, ,, ხრაშუნაა” და სხვა, რათა წინასწარი წარმოდგენა შეექმნას გემოსა და ტექსტურაზე.

ბავშვის გემოვნება ხშირად იცვლება ხოლმე. ის, რისი დანახვაც არ უნდათ დღეს, ცოტა ხნის შემდეგ საყვარელი საკვები შეიძლება გახდეს.

ამიტომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეგიძლიათ ისევ მიუბრუნდეთ იგივე პროდუქტების შეთავაზებას, რის მიღებაზეც ბავშვს ადრე უარი აქვს ნათქვამი.

Written by: Elga Giorgadze, MD