GENERAL

კალციუმი

კალციუმი

კალციუმი ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, მასზე არის დამოკიდებული ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ფორმირება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და შენარჩუნება მოზრდილებში, ასევე გულის, კუნთების, ნერვების და სისხლის შედედების სისტემის გამართული ფუნქციონირება.

გარდა ამ ძირითადი მოვალეობებისა, სხვადასხვა კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ კალციუმს შესაძლოა ჰქონდეს დამცავი უნარი სიმსივნური დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის და დიაბეტის წინააღმდეგ. თუმცა ეს ინფორმაცია დამატებით დადასტურებას საჭიროებს.

კალციუმის ცვლის თავისებურებები

კალციუმის მთლიანი რაოდენობის 99% თავმოყრილია ძვლებში, ხოლო დანარჩენი 1% ცირკულირებს სისხლთან ერთად.

მისი გარკვეული ნაწილი მუდმივად გამოიყოფა ორგანიზმიდან კანის, თმის, ფრჩხილების, შარდისა და ოფლის გზით.

იმ შემთხვევაში, თუ ამ დანაკარგის შევსება ვერ ხდება გარედან, იწყება კალციუმის მობილიზაცია ძვლებიდან, რათა მოხდეს სისხლში მისი კონცენტრაციის აღდგენა.

ეს პროცესი ნორმალურია ერთეულ შემთხვევებში, მაგრამ თუ მას სისტემატიური ხასიათი ეძლევა, ირღვევა ძვლების სტრუქტურა და შესაბამისად, ვლინდება ძვლების სისუსტესთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემები:

  • ბავშვებში ვითარდება რაქიტი; ან მათ შესაძლოა ვერ მიაღწიონ სავარაუდო პოტენციურ სიმაღლეს;
  • მოზრდილებში მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა, რაც ოსტეოპოროზის წინაპირობას წარმოადგენს.

დღიური მიღება

კალციუმის დღიური ნორმა განისაზღვრება ასაკისა და სქესის მიხედვით:

კალციუმი

კალციუმის ნაკლებობის რისკი უფრო მაღალია ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბდეს მტკიცე ძვლები, რის გამოც მოთხოვნა მაღალია და 50 წელს გადაცილებულ პირებში, განსაკუთრებით ქალებში, რადგან სასქესო ჰორმონ ესტროგენის შემცირება უარყოფითად აისახება ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვაზე.

მისი მიღება ხდება საკვებიდან. კალციუმის კარგი წყაროა შემდეგი პროდუქტები:

  • რძე და მისი ნაწარმი: ყველი, ხაჭო, იოგურტი,
  • მუქი მწვანე შეფერილობის ბოსტნეული, როგორიცაა მაგალითად ბროკოლი
  • დაკონსერვებული თევზი დარბილებული ძვლებით
  • კალციუმით ხელოვნურად გამდიდრებული სხვადასხვა პროდუქტი.

D ვიტამინის როლი

საკვებთან ერთად მიღებული კალციუმის ასათვისებლად კრიტიკულ როლს ასრულებს D ვიტამინი, რადგან მისი საკმარისი რაოდენობის გარეშე კალციუმი ვერ შეიწოვება ნაწლავებიდან.

D ვიტამინის ძირითადი მარაგი წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.

ის მცირე რაოდენობით შედის კვერცხის გულში, დაკონსერვებულ ძვლიან თევზში, ასევე ხელოვნურად გამდიდრებულ სხვადასხვა მზა საკვებში.

კალციუმი

კალციუმის ნაკლებობა

მიუხედავად ჯანსაღი ბალანსირებული კვებისა, კალციუმის ნაკლებობა შეიძლება აღენიშნებოდეს პირებს, რომლებიც:

  • არიან ვეგეტარიანელები;
  • ლაქტოზას აუტანლობის გამო შეზღუდული აქვთ რძის პროდუქტების მიღება;
  • იღებენ დიდი რაოდენობით ცილას და მარილს, რაც შეიძლება ორგანიზმოდან კალციუმის ჭარბად გამოყოფის მიზეზი გახდეს;
  • აქვთ ოსტეოპოროზი;
  • ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უწევთ კორტიკოსტეროიდული პრეპარატების მიღება;
  • აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი სახის დაავადება, რომელიც ხელს უშლის კალციუმის შეწოვას, როგორიცაა ნაწლავების ანთებითი დაავადებები და კრონის სინდრომი.

კალციუმის ნაკლებობა ანუ ჰიპოკალცემია ასევე ასოცირებულია სხვადასხვა დაავადებებთან და მდგომარეობებთან, როგორიცაა მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის, პარათირეოიდული ჯირკვლის, თირკმლის და სიმსივნური დაავადებები.

ჰიპოკალცემიის დამახასიათებელი სიმპტომები უმეტეს შემთხვევაში არ ვლინდება, თუ კონცენტრაციის ცვლილება არ ხდება ძალიან სწრაფად ან მკვეთრად.

ეს სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • კუნთების ტკივილი და სპაზმი
  • ხელების კანკალი
  • დაბუჟების შეგრძნება პირის გარშემო, ხელებისა და ფეხების მიდამოებში.

კალციუმის ნაკლებობის დადასტურება ხდება მისი იონიზირებული (თავისუფალი) ფორმის, ან საერთო (თავისუფალი და ცილასთან შეკავშირებული) რაოდენობის განსაზღვრით სისხლის ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ანალიზი განსაზღვრავს მხოლოდ სისხლში არსებული კალციუმის დონეს და არ იძლევა წარმოდგენას ძვლებში მისი რაოდენობის შესახებ, ამ უკანასკნელის დასადგენად ტარდება სპეციალური გამოკვლევა – დენსიტომეტრია.

ჰიპოკალცემიის მკურნალობის თავისებურებები

უკვე დადგენილი კალციუმის ნაკლებობა მისი შემცველი პრეპარატების გამოყენების ჩვენებაა.

კალციუმის პრეპარატების სხვადასხვა ფორმა არსებობს და თითოეულს გამოყენების განსაზღვრული წესი აქვს.

ასე მაგალითად, უმეტესობა მიიღება საკვებთან ერთად, მაგრამ გამონაკლისია ერთ-ერთი ფორმა – კალციუმის ციტრატი, რომელიც უკეთ შეიწოვება ცარიელი კუჭიდან.

ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება ყველა შემთხვევაში უმჯობესია მცირე დოზით, რაც გულისხმობს 200-300 მგ/დღ ერთი კვირის განმავლობაში.

ზოგადად, ერთ მიღებაზე უმჯობესია 500-600 გრ-ს არ გადააჭარბოს კალციუმის რაოდენობამ.

ეს ეხება როგორც პრეპარატს, ასევე კალციუმით მდიდარ საკვებს. ორგანიზმი ბევრად უკეთ აითვისებს მას დღის განმავლობაში რამდენიმე მიღებაზე გადანაწილებით.

კალციუმის პრეპარატების შესაძლო გვერდითი მოვლენის – მეტეორიზმის შემცირება შესაძლებელია წყლის მოხმარების გაზრდით, მაგრამ თუ დისკომფორტი მაინც რჩება, მიზანშეწონილია სხვა ფორმაზე გადასვლა.

თუ ადგილი აქვს პარალელურად D ვიტამინის ნაკლებობას, საჭიროა კალციუმი + D ვიტამინის კომბინირებული ფორმის გამოყენება.

ასევე საყურადღებოა სხვა წამლებთან ურთიერთქმედება.

მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს არტერიული წნევის სამკურნალო, რკინის შემცველ და სინთეზურ თირეოიდულ ჰორმონებზე, ასევე ბიფოსფონატებზე, ანტიბიოტიკებზე და კალციუმის არხის ბლოკერებზე. მიაწოდეთ მკურნალ ექიმს ინფორმაცია ამ პრეპარატების მიღების შესახებ.

დიდი რაოდენობით კალციუმის მიღება არ ნიშნავს უფრო ჯანმრთელ ძვლებს. დღიური მაქსიმალური ლიმიტის გადაჭარბება ქმნის ჰიპერკალცემიის საფრთხეს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა დარღვევების განვითარებასთან. მაგალითად, გულის რითმის ცვლილებები, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ძვლების ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება, კუნთების ტკივილი, ქრონიკული სისუსტე და დაღლილობა.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)

კონსულტაცია:

დიაგნოსტიკური ცენტრი დნმ პოლისი – თბილისი, მირიან მეფის ქ. 11ა, ტელ.: +995591523434