HEALTHY EATING, DIABETES MELLITUS

DIABETES EATING / DIABETES AND ALCOHOL

შაქრიანი

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დადგენის მომენტიდან პაციენტს უწევს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება ცხოვრების წესში.

ესაა: რეგულარული კონტაქტი ექიმთან, პერიოდული გამოკვლევები, შაქრის დონის ყოველდღიური თვითკონტროლი გლუკომეტრით, მედიკამენტების მიღება საჭიროების შემთხვევაში, თამბაქოზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვებითი ჩვევების შეცვლა – დიეტა.

რას წარმოადგენს დიაბეტური დიეტა

ეს არის ჯანსაღი კვების რეჟიმი, ანუ საკვების მიღება რეგულარულად დღის ფიქსირებულ მონაკვეთებში და ზომიერი რაოდენობით (დღეში 4-5 ჯერ, 3-4 საათიანი ინტერვალებით).

ამ დროს ,,დაშვებული” საკვები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და შეიცავს ნაკლები ოდენობით ცხიმსა და კალორიებს.

ეს დიეტა საუკეთესო კვების სქემაა ზოგადად ყველასთვის.

ის უზრუნველყოფს ასევე წონაში კლებას უსაფრთხოდ და ჯანსაღად, რაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მართვაში ერთერთი წამყვანი კომპონენტია.

საკვები, რომელსაც ვიღებთ, პირდაპირ კავშირშია სისხლში გლიკემიის კონტროლთან.

თუ შაქრიანი დიაბეტის ფონზე ხდება საჭიროზე მეტი რაოდენობის საჭმლის მიღება, ეს ნიშნავს, რომ სისხლში შაქრის დონე სამიზნეზე მაღლა აიწევს.

მართალია, ყველაზე მკვეთრი ეფექტი ამ მხრივ ნახშირწყლებს აქვთ, მაგრამ შაქრის დონეზე მოქმედებს ასევე სხვა ტიპის საკვებიდან მიღებული კალორიებიც.

დიეტის მთავარი ინგრედიენტებია: ჯანსაღი ნახშირწყლები; უჯრედისით მდიდარი საკვები; თევზი და “კარგი” ცხიმი.

ნახშირწყლები და უჯრედისი

ნახშირწყალი გლუკოზას მთავარი წყაროა და ის აუცილებელია ორგანიზმისთვის, რადგან წარმოადგენს ენერგიის ძირითად მიმწოდებელს უჯრედებისთვის.

თუმცა პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს ზოგიერთი ნახშირწყლოვანი პროდუქტი ძალიან სწარფად ზრდის გლუკოზას დონეს სისხლში, რაც ართულებს დაავადების მართვას.

ასეთი ნახშირწყლები ცნობილია, როგორც მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე და მათი მოხმარება მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული. ეს პროდუქტებია: თეთრი პური, მაკარონი, თეთრი ბრინჯი, შაქრის შემცველი საკვები და სასმელები.

ჯანსაღ ვარიანტად მიიჩნევა დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლები, რომლებიც შეიცავენ უჯრედისს.

უჯრედისი უზრუნველყოფს საკვების გადამუშავების და შეწოვის პროცესის გახანგრძლივებას და მოწესრიგებას. შედარებით დიდი დროა საჭირო მისი დაშლისთვის და შაქრის დონის მატებაც არ ხდება სწრაფად.

ანუ ჯანსაღი ნახშირწყალი ამავე დროს გულისხმობს უჯრედისით მდიდარ საკვებსაც: მთლიანი მარცვლეულით დამზადებული (ცეხვილი) პურეული, ასეთივე მაკარონი და ყავისფერი ბრინჯი; ხილი და ბოსტნეული; ლობიო, ბარდა; ნახშირწყლების კარგი წყაროა ასევე რძე და ყველი (დაბალცხიმიანი).

თევზი და ცილა

ცილის კარგი წყაროა კვერცხი, რძის პროდუქტი, უცხიმო ხორცი, თხილი/კაკალი. დამუშავებული ხორცის (ძეხვი, სოსისი და ა.შ.) გამოყენება უმჯობესია შეიზღუდოს. ცხიმით და ომეგა 3-ით მდიდარი თევზის მიღება რეკომენდირებულია კვირაში 2-ჯერ.

ცხიმი

ჯანმრთელი ცხიმები არ იწვევს ქოლესტერინის მომატებას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას.

ესენია: ზეითუნის ზეთი, სხვადასხვა ბოსტნეულისგან დამზადებული ზეთი, ავოკადო, ცხიმიანი თევზი, კაკლის ზეთი, თხილის კარაქი.

ისევე, როგორც ზოგადად ჯანმრთელი კვებისას, დიაბეტის დროსაც კვება არ უნდა გულისხმობდეს ყოველდღე ერთი და იგივე პროდუქტის გამოყენებას, არამედ უნდა იყოს მრავალფეროვანი, ბალანსირებული, შეიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს.

არასწორია მიდგომა, რომ დიაბეტით დაავადებულს ესაჭიროება განსაკუთრებული კვება და ოჯახში მისთვის ცალკე უნდა მომზადდეს განსხვავებული საკვები. სინამდვილეში გაცილებით უკეთესი იქნება, თუ მთელი ოჯახი გაიზიარებს იგივე კვებით რეჟიმს, რადგან , კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნება, რომ დიაბეტური დიეტა უნივერსალური ჯანსაღი დიეტაა ყველასთვის.

კონკრეტულად დღიური კალორაჟის, ნახშირწყლების რაოდენობის განსაზღვრა და გადანაწილება კვებაზე ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

შაქრიანი დიაბეტი და ალკოჰოლი

თუ შაქრის მაჩვენებელი კონტროლის ქვეშაა, ალკოჰოლის მიღება დიაბეტის დროს შეიძლება დაშვებული იქნას ექიმთან შეთანხმებით.

ალკოჰოლის დღიური დასაშვები რაოდენობა, რომელიც არ ცვლის სიხლში შაქრის დონეს, არის: 100 მლ ღვინო, 330 მლ ლუდი, 30 მლ მაგარი სასმელი, როგორიცაა არაყი, ვისკი, ჯინი და სხვ.

ამაზე მეტი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება შაქრიანი დიაბეტის დროს იწვევს გლიკემიის (სისხლში შაქრის შემცველობის) ჯერ მომატებას, შემდეგ კი მკვეთრ შემცირებას, რაც საზიანოა ორგანიზმისთვის.

ჰიპოგლიკემიის ანუ სისხლში შაქრის ზედმეტად დაბალი შემცველობის საფრთხე განსაკუთრებით მაღალია ინსულინოთერაპიაზე მყოფი პირებისთვის.

The risk of hypoglycemia is particularly high for those being on insulin therapy.

ნებისმიერ შემთხვევაში ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ აუცილებელია გლუკომეტრით ხშირი კონტროლი. 

დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება ცარიელ კუჭზე.

ალკოჰოლის სხვა უარყოფითი ეფექტები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში არის:

– არტერიული წნევის მატება (რეგულარული მოხმარებისას);

– სხეულის მასის მომატება, რადგან ზოგი სახეობის ალკოჰოლური სასმელი კალორიებით არის დატვირთული;

– დიაბეტური ნეიროპათიის გამოვლინების შესაძლო გაუარესება: ტკივილის გაძლიერება და მგრძნობელობის დაკარგვის გაღრმავება.

შაქართან და გაზირებულ სითხესთან შერეული ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.

ზოგადად ყველა ორგანიზმის მგრძნობელობა განსხვავებულია, ამიტომ უმჯობესია გლუკომეტრით შეფასდეს ალკოჰოლის ეფექტი და გათვალისწინებული იქნას შემდგომში. (იგივე მეთოდი შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა საკვების შაქრის დონეზე გავლენის შესამოწმებლად).

Written by: Elga Giorgadze, MD (ექიმი ენდოკრინოლოგი)