Thyroid gland

რა არის ჩიყვი

ჩიყვი

დღემდე საზოგადოებაში არასწორად აღიქმება ტერმინი “ჩიყვის” მნიშვნელობა და ხდება შეცდომით მისი გაიგივება ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი სახის დაავადებასთან.

სინამდვილეში „ჩიყვი“ დამოუკიდებლად არ გულისხმობს დაავადებას, ის არის სიმპტომი და გამოხატავს ჯირკვლის პათოლოგიურ გადიდებას. შესაბამისად, მიუთითებს ისეთი დაავადების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ამ დარღვევის გამომწვევი იყოს.

გამოიყოფა ჩიყვის ორი ძირითადი ტიპი:
დიფუზური ჩიყვი – როდესაც მთელი ჯირკვლის ქსოვილი თანაბრად დიდდება;
კვანძოვანი ჩიყვი – როდესაც ჯირკვალში ჩნდება კვანძოვანი წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება იყოს:
🔸რაოდენობრივად _ ერთეული ან მრავლობითი; 
🔸აგებულების მიხედვით _ ქსოვილოვანი ან სითხის შემცველი.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილებაა და მას ყოველთვის არ ახლავს თან ჯირკვლის ფუნქციონირების პროცესის დარღვევა.

ჩიყვი შეიძლება ჩამოყალიბდეს ჯირკვალში, რომელიც პათოლოგიურად აქტიურია, რომლის აქტივობა პათოლოგიურად დაქვეითებულია ან რომლის ფუნქცია სრულიად ნორმალურია.

აქედან გამომდინარე, როდესაც ლაპარაკია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაზე, ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს როგორც სტრუქტურულ (ულტრასონოგრაფიულ), ასევე ფუნქციურ (ჰორმონულ) კვლევებს. შედეგების ერთიანობაში განხილვის გარეშე სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.

ჩიყვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი ზომა. ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია, თუმცა უმეტესწილად გადიდება მცირე ხარისხისაა და რაიმე სიმპტომს არ იწვევს.

მხოლოდ უკიდურესად დიდი ზომის ჩიყვის შემთხვევაში აღინიშნება კისრის ორგანოებზე ზეწოლის ნიშნები: ხველა, ხმის შეცვლა, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება.

ჩიყვის აღმოჩენის შემდეგ უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი დაავადება, რისთვისაც საჭიროა პირველ რიგში ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა ჰორმონალური გამოკვლევების დახმარებით.

ჩიყვის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები და თანხმლები ფუნქციის დარღვევის მოკლე აღწერა:

1) იოდის დეფიციტი _ მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის საქართველოში სიხშირით ერთერთი პირველია. ამ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია საწყის ეტაპზე ნორმალურია, შემდეგ – დაქვეითებული.

2) ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი იგივე ჰაშიმოტოს თირეოიდიტი _ ფუნქციის ცვლილება ადრეულ ეტაპზე ვარიაბელურია, საბოლოოდ , როგორც წესი, პროგრესულად ქვეითდება.

3) დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი ანუ გრეივსის დაავადება _ აღინიშნება ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური მატება.

4) კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვი _ ფუნქცია შეიძლება იყოს მომატებული, ნორმალური ან დაქვეითებული.

5) სხვა ნაკლებად გავრცელებული მიზეზები: ანთებითი პროცესები, რადიაცია, გარკვეული პრეპარატების მიღება, სიმსივნური წარმონაქმნები – როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი.

მკურნალობა ყოველი კონკრეტული დაავადებისას განსხვავებულია და გულისხმობს როგორც მედიკამენტური, ასევე ქირურგიული მეთოდების გამოყენებას.

ჩიყვი შეიძლება ყველა ინდივიდს განუვითარდეს, მაგრამ რისკები იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, ამასთან, ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.