ნახშირწყლოვანი ცვლა

რა არის ინსულინ რეზისტენტობა

ინსულინრეზისტენტობა

ინსულინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება პანკრეასში. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა უზრუნველყოს უჯრედების მიერ გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს, ათვისება.

უფრო მეტი ინსულინის მოქმედების მექანიზმზე: ინსულინი

ინსულინის მიმართ რეზისტენტობა გულისხმობს უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითებას მის მოქმედებაზე.
იმისთვის, რომ უჯრედებს არ მოაკლდეს ენერგიის წყარო და სისხლში არ მოიმატოს აუთვისებელი გლუკოზას რაოდენობამ, ორგანიზმს უწევს ჩართოს კომპენსაციის მექანიზმი, რაც გულისხმობს პანკრეასის მიერ ინსულინის უფრო მეტი რაოდენობით გამოყოფას, რითიც უზრუნველყოფს უჯრედების სრულყოფილ ფუნქციონირებას. თუმცა აქ უკვე თავს იჩენს სხვა პრობლემები, რასაც ჰიპერინსულინემია უდებს სათავეს.

ინსულინის რაოდენობის მომატება იწვევს ინსულინრეზისტენტობასთან ასოცირებული მდგომარეობების განვითარებას, როგორიცაა:

  • სიმსუქნე
  • ცხიმოვანი ცვლის მოშლა
  • ათეროსკლეროზი
  • არტერიული წნევის მატება
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
  • უშვილობა

ეს ჩამონათვალი შეიძლება ამით არ დასრულდეს. თუ ადგილი აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას, ასევე გარემო ფაქტორების ზემოქმედებას, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პანკრეასის გაძლიერებული მუშაობა იწვევს მის გადაღლას,გამოფიტვას და საბოლოოდ ინსულინის გამოყოფა მცირდება, რაც იწვევს გლუკოზას რაოდენობის მატებას სისხლში და ჯერ პრედიაბეტის, ხოლო შემდეგ უკვე დიაბეტი ტიპი 2-ის ჩამოყალიბებას.

პრედიაბეტი არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის წინამორბედი მდგომარეობა და მოიცავს დიაგნოზებს: გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება და/ან გაუარესებული გლიკემია უზმოდ. ამ დროს სისხლში ფიქსირდება გლუკოზას ისეთი მაჩვენებელი, რომელიც ნორმაზე მაღალია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დიაბეტისთვის დამახასიათებელ საზღვრებში.

ინსულინრეზისტენტობის განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორებია:

  • ჭარბი წონა და სიმსუქნე (განსაკუთრებით მუცლის არეში ცხიმის დაგროვება)
  • უმოძრაო ცხოვრების წესი
  • არასწორი კვების რეჟიმი
  • არასრულფასოვანი ძილი
  • თამბაქოს მოხმარება

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე უკვე ახალგაზრდა ასაკიდან მნიშვნელოვნად გახშირდა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევები.

თავად ინსულინრეზისტენტობა შეიძლება უსიმპტომოდ ან მინიმალური გამოვლინებით მიმდინარეობდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში იწვევს ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა:

  • უშვილობა
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2

ინსულინრეზისტენტობის მკურნალობის მთავარი პრინციპია მისი რისკ-ფაქტორების განეიტრალება, შესაბამისად, იგეგმება:

  • ჯანმრთელი დაბალანსებული კვების რეჟიმი და სხეულის მასის შემცირება
  • ფიზიკური აქტივობის გაზრდა
  • ძილის რეჟიმის მოწესრიგება
  • თამბაქოზე უარის თქმა

ინსულინრეზისტენტობა და სიმსუქნე

ინსულინ რეზისტენტობას და სიმსუქნეს შორის იმდენად მჭიდროა კავშირი, რომ რთულია გამოყოფა, რომელი ფაქტორია პირველადი გამომწვევი.

ცნობილია, რომ ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა იწვევს ინსულინრეზისტენტობის ჩამოყალიბებას/გაღრმავებას, თავად ინსულინ რეზისტენტობის გამო განვითარებული პათოლოგიური პროცესები კი ინსულინის რაოდენობის მატების თაოსნობით, სიმსუქნის ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება.

როგორც დადგინდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჭარბი ცხიმის განაწილების ადგილს და სიმსუქნის შეფასების საყოველთაოდ მიღებული ერთეული _ სხეულის მასის ინდექსი არ არის საკმარისი მაჩვენებელი ინსულინ რეზისტენტობის რისკის შესაფასებლად. ამ შემთხვევაში წამყვანი კრიტერიუმია ცხიმის უპირატესი დაგროვება მუცლის მიდამოში, რადგან ამ ლოკაციაზე ის მეტაბოლურად გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე პერიფერიაზე არსებული კანქვეშა ცხიმი. ამიტომ, ინსულინრეზისტენტობის რისკის შეფასების მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევა სწორედ წელის გარშემოწერილობა, რომლის ნორმებია მამაკაცისთვის _ 102 სმ-ზე ნაკლები, ხოლო ქალისთვის _ 88 სმ-ზე ნაკლები.

ამრიგად, ნორმალური სხეულის მასის ინდექსი არ გამორიცხავს ინსულინრეზისტენტობის არსებობას.

სიმსუქნის მართვის ერთერთი პირველი კომპონენტი უნდა იყოს ინსულინ რეზისტენტობის აღმოჩენა და მკურნალობა, რადგან ინსულინის მომატებული რაოდენობის ფონზე სასურველი შედეგის მიღება გაძნელებულია.

ინსულინრეზისტენტობის სადიაგნოსტიკო გამოკვლევა

ინსულინრეზისტენტობის გამოსავლენად გამოიყენება HOMA ინდექსი, რომელიც იშიფრება, როგორც ჰომეოსტატიკური დამხმარე მოდელი. ინდექსის გამოსათვლელად საჭიროა:

  1. ინსულინის და გლუკოზას რაოდენობის განსაზღვრა უზმოდ აღებულ ვენურ სისხლში;
  2. მიღებული შედეგების გამოყენება ფორმულაში: HOMA IR = (გლუკოზა – mmol/L X ინსულინი – mU/L) / 22,5

HOMA IR მაჩვენებლისთვის უმეტეს ლაბორატორიაში ნორმას შეადგენს 0,5-1,4.

  • HOMA IR 1,4-1,9 – მიუთითებს მსუბუქ დარღვევაზე
  • HOMA IR 2.0-2.9 – მიუთითებს ადრეულ ინსულინრეზისტენტობაზე
  • HOMA IR 3,0-ზე მეტი – გამოხატული ინსულირეზისტენტობის მაჩვენებელია.

HOMA ინდექსის ანალიზი კეთდება დილით უზმოზე (ბოლო კვებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი).

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)

კონსულტაცია:

დიაგნოსტიკური ცენტრი დნმ პოლისი – თბილისი, მირიან მეფის ქ. 11ა, ტელ.: +995591523434