ექიმის გვერდი

COVID-19-ის ზემოქმედება ფარისებრ ჯირკვალზე

ახალი კვლევის თანახმად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა შორის თირეოტოქსიკოზის სიხშირე არის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი, ვიდრე ამავე განყოფილების იმ ავადმყოფთა შორის, რომელთაც არ აქვთ კორონავირუსი, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ COVID-19-ს შეუძლია ატიპიური თირეოიდიტის გამოწვევა.

,,ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას მოხდეს კორონავირუსით დაავადებული იმ პაციენტების ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რუტინული კვლევა, რომელთაც ესაჭიროებათ ინტენსიური თერაპია, რადგან მათ შორის ხშირია COVID-19-თან ასოცირებული ქვემწვავე თირეოიდიტის შედეგად განვითარებული თირეოტოქსიკოზი” – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ასევე საყურადღებოა, რომ ამ კვლევის ფარგლებში არ დაფიქსირებულა უკვე არსებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ფონზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების ან მისი მძიმედ მიმდინარეობის რისკის მატება.

კვლევის ფარგლებში ქვემწვავე თირეოიდიტი განხილულია, როგორც ახალი კორონავირუსით გამოწვეული სისტემური ანთებითი პროცესის კომპონენტი.

სხვა ინფექციებით გამოწვეულ თირეოიდიტთან შედარება

კლასიკური თირეოიდიტისა და COVID-19-თან დაკავშირებული თირეოიდიტის მიმდინარეობა რამდენადმე განსხვავებულია.

კერძოდ, ახალი კორონავირუსით გამოწვეული თირეოდიტი გამოირჩევა უფრო მსუბუქი მიმდინარეობით, ვიდრე კლასიკური ქვემწვავე თირეოიდიტის შემთხვევები.

გარდა ამისა, სხვა ვირუსული ინფექციების ფონზე გამოვლენილი თირეოიდიტი უფრო ხშირია ქალებში, მაშინ, როცა კორონავირუსთან ასოცირებული თირეოიდიტის მქონე პაციენტებს შორის უფრო მეტი მამრობითი სქესისაა.

დამატებით, თუ კლასიკური თირეოიდიტი ვითარდება ასოცირებული ვირუსული ინფექციების განკურნების შემდეგ, COVID-19-ის შემთხვევაში მისი აღმოცენება ხდება ადრიანად – კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის პარალელურად.

განსხვავებულია სიმპტომური გამოვლინებაც: ახალი კორონავირუსით გამოწვეული თირეოიდიტის დროს პაციენტები არ უჩივიან ტკივილს ყელის მიდამოში და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევა კორელაციაშია COVID-19-ის მიმდინარეობის სიმძიმესთან.

ატიპიური ქვემწვავე თირეოიდიტის განვითარების გაზრდილი რისკის გარდა, მძიმე მიმდინარეობის კორონავირუსული ინფექციის დროს მომატებულია არათიროიდული დაავადების სინდრომის – T4 ტოქსიკოზის გამოვლენის შემთხვევვებიც.

ექნება თუ არა ადგილი გრძელვადიან ზემოქმედებას ფარისებრ ჯირკვალზე?

შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, თუ როგორი გრძელვადიანი ეფექტი შეიძლება დატოვოს COVID-19-მა ფარისებრი ჯირკვლზე. ჰიპოთეტურად, რადგან კლასიკური ვირუსული თირეოდიტის გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვავათა 5-დან 20%-ში ვითარდება პერმანენტული ჰიპოთირეოზი, შესაძლებელია ასეთივე ეფექტი ჰქონდეს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ თირეოიდიტსაც. ავტორთა თქმით, კვლევა დასრულებული არ არის და მასში მონაწილე პირებზე გაგრძელდება დაკვირვება, რათა ამ შეკითხვასაც გაეცეს პასუხი.

ამ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია, რომ COVID_19-ის მართვის დროს დროულად იქნას აღმოჩენილი თირეოტოქსიკოზის არსებობა, რადგან ეს კიდევ უფრო ამძიმებს დაავადების ისედაც რთულ მიმდინარეობას.

თირეოიდიტის მკურნალობის ოქროს სტანდარტია სტეროიდების გამოყენება. ამრიგად, თიროიდული დისფუნქციის არსებობა შესაძლოა აღმოჩნდეს COVID-19-ის მკურნალობაში ამ მედიკამენტის ჩართვის საფუძველი.

ACE2 -ის განლაგება ფარისებრ ჯირკვალში

კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი 2 – პროტეინი, რომელსაც ახალი კორონავირუსი იყენებს როგორც რეცეპტორს ორგანიზმში თავისი ზემოქმედების განსახორციელებლად, ფარისებრ ჯირკვალში განლაგებულია უფრო მეტი რაოდენობითაც კი, ვიდრე ფილტვებში, სადაც ის ახდენს COVID-19-ის კარგად ცნობილ პულმონურ ეფექტებს. ეს ფაქტი დამატებით შესწავლას და განმარტებებს მოითხოვს.

დასკვნის სახით: არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ COVID_19 -ს შეუძლია გამოიწვიოს თირეოტოქსიკოზი, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ფარისებრ ჯირკვალში განვითარებულ ანთებით პროცესებთან.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ COVID_19-ის დროს აღმოჩენილ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას შესაძლოა აზვიადებდეს არათიროიდული დაავადების სინდრომის არსებობა.

The Lancet Diabetes and Endocrinology. 30/07/2020