შაქრიანი დიაბეტი

ფაქტები დიაბეტი ტიპი 1-ის შესახებ

ტიპი 1

დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარების მიზეზებში გარკვევა არ არის მარტივი, რადგან დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზოგი ადამიანი უბრალოდ იბადება ამ დაავადების განვითარებისადმი უფრო მეტი მიდრეკილებით.

გენეტიკის როლი

დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში ტიპი 2-თან შედარებით გენეტიკის როლი ნაკლებია.

შეიძლება თუ არა დიაბეტი ტიპი 1 ჩაითვალოს მემკვიდრეობით დაავადებად, ჯერ კიდევ საკამათოა, რადგან შემთხვევათა 90%-ში დაავადებულის ნათესავებში არ აღინიშნება ეს პათოლოგია.

საქმე იმაშია, რომ გენეტიკა განსაზღვრავს მხოლოდ წინასწარგანწყობის არსებობას, მაგრამ ეს ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია და დაავადების გამოვლენისთვის საჭიროა ამ განწყობას თან დაერთოს სხვადასხვა გარემო ფაქტორის ზემოქმედებაც.

სავარაუდო ხელშემწყობი ფაქტორები

თუ დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში წამყვანი გარემო ფაქტორული მიზეზები ცნობილია (ჭარბი წონა/სიმსუქნე და მჯდომარე ცხოვრების წესი), იგივეს ვერ ვიტყვით ტიპი 1-ზე, ამიტომ მეცნიერები საკითხში მეტი სიცხადის შესატანად ცდილობენ გარკვეული ასოციაციების აღმოჩენას სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ამ დაკვირვების საფუძველზე დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარებასთან დაკავშირებული სავარაუდო ფაქტორებია:

რასა: თეთრი რასის წარმომადგენლებში გაცილებით ხშირია დიაბეტი ტიპი 1-ით ავადობა.

კლიმატი: ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი შესაძლოა იყოს ცივი ამინდი. ამაზე მიუთითებს პირველ რიგში ის, რომ დაავადება უფრო ხშირად იწყება ზამთრის პერიოდში და ცივი კლიმატის ქვეყნებში უფრო მეტი შემთხვევები ფიქსირდება.

ჩვილ ბავშვთა კვების თავისებურებები: ამ ფაქტორს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა, კერძოდ, დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარება ნაკლებად ემუქრება იმ ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან ბუნებრივ კვებაზე და შედარებით გვიან იწყებენ მყარი საკვების მიღებას.

ვირუსები: დიაბეტი ტიპი 1-ის გააქტიურებაში თავისი სავარაუდო როლი აქვს სხვადასხვა სახის ვირუსებს (მაგ.: წითელას, ყბაყურას, კოქსაკის ვირუსები).

ასაკი: ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი არის ასაკიც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს ეს დაავადება, მისი მანიფესტაცია უმეტესად მაინც 18 წლამდე ასაკში გვხვდება.

მემკვიდრეობით გადაცემის რისკების შეფასება

ყველა დიაბეტით დაავადებულს აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, მის შვილსაც განუვითარდეს იგივე დაავადება.

თუ დიაბეტი ტიპი 1-ის რისკებს ციფრებში გადავიტანთ, მივიღებთ შემდეგ სურათს:

დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებული მამაკაცის შემთხვევაში შვილზე გადაცემის ალბათობა არის 17 -დან 1.

ქალის შემთხვევაში, თუ ბავშვი გაჩენილი ყავს 25 წლამდე ასაკში, ეს რისკი გამოიყურება, როგორც 1 : 25-ში, ხოლო 25 წლის შემდეგ ასაკში მშობიარობის შემთხვევაში – 1:100-ში.

შვილის დიაბეტის რისკი ორმაგდება, თუ მშობელს დიაბეტი ტიპი 1 დაუდგინდა 11 წლამდე ასაკში.

თუ ორივე მშობელია დაავადებული დიაბეტი ტიპი 1-ით, მაშინ რისკი მერყეობს 1:10-ს და 1:4-ს შორის.

მითები დიაბეტი ტიპი 1-ზე

დიაბეტის შესახებ მოსახლეობაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციიდან ზოგიერთი მათგანი გარკვეულწილად მართებულია დიაბეტი ტიპი 2-სთვის, მაგრამ არ შეესაბამება სინამდვილეს ტიპი 1-ის შემთხვევაში.

ასე მაგალითად:

  • ტიპი 1 ვითარდება სიმსუქნის გამო: ეს მოსაზრება არასწორია, რადგან დიაბეტი ტიპი 1 აუტოიმუნური დაავადებაა და შესაბამისად, მისი განვითარება დაკავშირებულია იმუნური სისტემის გაუმართავ მუშაობასთან, ამიტომ შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ფორმის, ზომის და წონის ადამიანში. ამავე მიზეზის გამო დაავადების განვითარება არ არის დაკავშირებული დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარებასთან.
  • ტიპი 1-ის უკუგანვითარება შესაძლებელია დიეტის და ვარჯიშის საშუალებით: მართალია ასეთი რეჟიმი ბევრად აიოლებს დაავადების მართვას, მაგრამ არ შეუძლია განკურნება. დიაბეტი ტიპი 1 ქრონიკული ხასიათისაა და მისი უკუგანვითარების გზები დღეისათვის არ არის ცნობილი. დაავადების მართვა კი მიმდინარეობს ინსულინის პრეპარატების ინექციებით.
  • დიაბეტი ტიპი 1-ის დროს აკრძალულია ტკბილეულის მიღება და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავება: ეს არ შეესაბამება სიმართლეს, დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულებს შეუძლიათ ჩვეულებრივ მოიხმარონ ტკბილეულობა და ზოგადად იკვებონ ან დაკავდნენ ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობით, ისევე, როგორც ჯანმრთელი ადამიანები აკეთებენ ამას. ამისთვის საკმარისია დაგეგმილ აქტივობასთან თუ მისაღებ საკვებთან ინსულინის დოზის შესაბამისობაში მოყვანა.

განკურნების პერსპექტივები

სამწუხაროდ, დაავადების განკურნების გზები ჯერჯერობით არ არის მიგნებული, თუმცა ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

კერძოდ, განიხილება პანკრეასის, როგორც მთლიანი ორგანოს, ან მისი მხოლოდ ინსულინწარმომქმნელი უჯრედების ეფექტური ტრანსპლანტაციის გზები.

ასევე ძიების პროცესშია იმუნურ სისტემაზე ზემოქმედების საშუალებები, რომელთაც შეეძლებათ გადაავადონ აუტოიმუნური შეტევა საკუთარ უჯრედებზე და შესაბამისად, დიაბეტის განვითარებაც.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)