ექიმის გვერდი

ტოტალური თირეოიდექტომია შესაძლოა ამსუბუქებდეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის პერსისტენტულ სიმპტომებს

ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაში თიროქსინით ადექვატური მკურნალობის მიუხედავად ჰიპოთირეოზის სიმპტომები მაინც სტაბილურად რჩება, ტოტალური თირეოიდექტომია შესაძლოა მკურნალობის ვარიანტი იყოს. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა უახლესი კვლევის შედეგები.

აღნიშნული კვლევის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 2019 წლის მარტში და მასში აღწერილია პაციენტების მდგომარეობის ცვლილება თირეოიდექტომიის შემდეგ, მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით.

მიღებული ეფექტის ახსნა ემყარება იმ ჰიპოთეზას, რომ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა საერთო სისუსტე, ძილის დარღვევა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, პირის და თვალების სიმშრალე შესაძლოა გამომდინარეობდეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის აუტოიმუნური ბუნებიდან და მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარებოდეს ლევოთიროქსინით მკურნალობას იმ შემთხვევაშიც კი, როცა მიღწეულია ეუთირეოზი.

ამის საპირისპიროდ, კვლევის ავტორების მტკიცებით, ანტისხეულების სამიზნე ორგანოს – ფარისებრი ჯირკვლის ტოტალური ამოკვეთის შედეგად, შესაძლოა მოხდეს სიმპტომების გაქრობა, რადგან ხდება ანთებითი პროცესის შემცირება სისხლში პეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების დონის შემცირების გამო.

მოცემულ კვლევაში მხოლოდ ქირურგიულად ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა Anti-TPO ანტისხეულების დონის ნორმალიზაცია და სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

ანუ კვლევის ავტორი ამტკიცებს, რომ ჰაშიმოტოს თირეოიდიტი არის ქირურგიული დაავადება და მკურნალობის მიდგომა უნდა იყოს შესაბამისი. მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები საკმარისია გაიდლაინებში ცვლილებების შესატანად, რადგან ის ეყრდნობა რანდომიზირებულ კვლევას, რომლის შედეგებმა უჩვენა დიდი სხვაობა ორ საკვლევ ჯგუფს შორის და ამასთანავე პაციენტებისთვის მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

მაგრამ ენდოკრინოლოგი რ.ჰ. კობინი ნიუ იორკიდან არ ეთანხმება ამ კვლევის დასკვნას. მისი თქმით, ეს შედეგი შეიძლება მცდარი იყოს, რადგან არ არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს გამოხატული სიმპტომები ნამდვილად გენერალიზებული თირეოიდ-სპეციფიკური ანთებით არის გამოწვეული.

კობინი ასევე ყურადღებას ამახვილებს ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებულ რისკებზე, კერძოდ, კვლევაში მონაწილეთაგან სამ პაციენტში დაფიქსირდა ინფექცია და მეოთხეში ნერვის პარალიზება, რაც შემდგომში გამოსწორდა. მისი თქმით, არსებული მონაცემები ვერ ამტკიცებს სრულად მიზეზ – შედეგობრივ კავშირს აუტოიმუნურობას, ანთებასა და სიმპტომებს შორის და ამიტომ მას არ სჯერა, რომ სარგებელი აჭარბებს რისკს.

– – –

ჰაშიმოტოს დაავადება მსოფლიო მაშტაბით ყველაზე გავრცელებული აუტოიმინური დაავადებაა: T უჯრედებით განპირობებული უცნობი გენეზის ავადმყოფობა სისხლში anti-TPOab-ის და პროანთებითი ციტოკინების მომატებული რაოდენობით. საბოლოოდ, დაავადება იწვევს ჰიპოთირეოზს თანმხლები სიმპტომებით, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება დაემორჩილოს თიროქსინით ადექვატურ ჩანაცვლებით თერაპიას.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტის ორი ტიპი შეიძლება გამოვყოთ: პირველი, რომლის დროს სიმპტომები უმჯობესდება ლევოთიროქსინით ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე და მეორე, როცა ეუთირეოიდული სტატუსის მიღწევის მიუხედავად სიმპტომები მაინც რჩება.

გულდვოგმა და მისმა კოლეგებმა დააფიქსირეს სიმპტომების გაუმჯობესება ტოტალური თირეოიდექტომიის შემდეგ დიფუზური ჩიყვის ფონზე ჯერ კიდევ 2015 წელს ჩატარებული კვლევის დროს.

ახალი კვლევა კი ჩატარდა ნორვეგიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში.

კვლევაში ჩართული პაციენტები აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

-ასაკი იყო – 18 დან 79 წლამდე;

– იმყოფებოდნენ თიროქსინით ჩანაცვლებით თერაპიაზე;

– მიუხედავად მიღწეული ეუთირეოიდული მდგომარეობისა, სიმპტომების გაუმჯობესება მაინც არ აღენიშნებოდათ;

– Anti-TPO ანტისხეულების რაოდენობა აღემატებოდა 1000 IU/mL-ს.

ქირურგიული მკურნალობის ჯგუფში შემავალი პაციენტები ( n=73) იღებდნენ ლევოთიროქსინს კვირის განმავლობაში საშუალოდ 618 მკგ-ს. ხოლო ის პაციენტები, რომლებიც განაგრძობდნენ მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას (n = 74) – 550 მკგ-ს.

პაციენტების მცირე რაოდენობა ორივე ჯგუფიდან (10 პროცენტზე ნაკლები) იღებდა ან T4-ს და T3-ს ერთად, ან ღორის ფარისებრი ჯირკვლისგან დამზადებულ პრეპარატს მარტო ან ლევოთიროქსინთან ერთად.

ყველა მათგანთან მიღწეულ იქნა ეუთირეოიდული მდგომარეობა, რაც განისაზღვრება, როგორც ჰიპო ან ჰიპერთირეოზის ნიშნების და სიმპტომების არარსებობა და ლაბორატორიულად თირეოტროპული ჰორმონის, fT4-ისა და fT3-ის ნორმალური მაჩვენებლების დაფიქსირება.

ქირურგიული ჩარევიდან 18 თვის შემდეგ Anti-TPO ანტისხეულების რაოდენობა ნორმაში იყო თითქმის ყველა პაციენტთან ქირურგიულ ჯგუფში (საშუალო მაჩვენებელი 2232 IU/mL-დან შემცირდა 152-მდე)  და მხოლოდ მსუბუქი დაქვეითება აღინიშნა საკონტროლო მედიკამენტური მკურნალობის ჯგუფში (საშუალო მაჩვენებელი 2052-დან 1300-მდე).

ქირურგიულ ჯგუფში 4,1%-ს (3 – 73-დან) განუვითარდა პოსტოპერაციული ინფექცია. მათგან ერთი გამოწვეული იყო ტრაქეის დაზიანებით, დანარჩენი ორი _ ჭრილობის ინფიცირებით. ხანგრძლივი ჰიპოკალცემია დაფიქსირდა 4,1%-ში (3/73) და 5,5%-ში (4/73) აღინიშნა ხორხის შებრუნებული ნერვის პარეზი. 4 -ვე პაციენტის მდგომარეობა გამოსწორდა 12 თვის გასვლის შემდეგ. სერიოზული სისხლდენის შემთხვევა არ ყოფილა.

მხოლოდ პლაცებო ეფექტი სასოწარკვეთილ პაციენტებში?

კობინმა კვლევის კიდევ ერთ უარყოფით მხარედ დაასახელა ის, რომ პაციენტებში სიმპტომების გაუმჯობესება ძალიან სუბიექტური მაჩვენებელია, შეუძლებელია მისი განსაზღვრა ობიექტურად და რაოდენობრივად. ეს ფაქტი და ასევე სიმულაციის ალბათობაც ღიად ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ქირურგიას მხოლოდ პლაცებო ეფექტი ჰქონდა. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ პლაცებო ეფექტით ჯანმრთელოის მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნებოდეს 6 თვის განმავლობაში, მაგრამ საეჭვოა 18 თვე გასტანოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, საჭიროა კვლევების გაგრძელება, იდეალურ ვარიანტში ხანგრძლივი დროის განმავლობაში პოსტოპერაციური დაკვირვებით. თავად მოცემული კვლევის მომდევნო ეტაპიც ეს იქნება: დაკვირვება და პაციენტების მდგომარეობის შეფასება 5 წლის შემდეგ.

ორიგინალი სტატიის გამოცემის თარიღი: 11 მარტი, 2019 წელი