შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები და სკრინინგი

დიაბეტის სკრინინგი

შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით.

მისი ყველაზე ხშირი ფორმა _ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 , ადრეულ სტადიაზე ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დიაგნოზის დასმა ზოგჯერ რამდენიმე წელიც ჭიანურდება. მაშინ, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში არსებული და მიმდინარე ქრონიკული ჰიპერგლიკემია ასოცირებულია მრავალი ორგანოს, განსაკუთრებით: თვალების, თირკმლების, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების, მძიმე დაზიანებასთან და ფუნქციის მოშლასთან.

დიაბეტის ადრეული აღმოჩენა და მკურნალობის დროული დაწყება მნიშვნელოვნად ამცირებს მისი პროგრესირების და აღნიშნული გართულებების განვითარების რისკებს.

ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დაავადების სკრინინგი, ანუ გარკვეული კატეგორიის პირთა წინასწარი პერიოდული გამოკვლევა შემუშავებული გეგმის შესაბამისად.

როგორ ხდება გამოსაკვლევი პირების შერჩევა

ზოგად პოპულაციასთან შედარებით დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის მქონე ინდივიდთა იდენტიფიცირებისთვის შემუშავებულია რისკ-ფაქტორთა ჩამონათვალი.

დიაბეტის სკრინინგი უნდა ჩაუტარდეს ყველა პირს 45 წლის ასაკის ზემოთ ყოველ 3 წელში ერთხელ, განსაკუთრებით თუ აღინიშნება ჭარბი წონა ან სიმსუქნე. გამოკვლევა იწყება უფრო ადრეულ ასაკში და ტარდება უფრო ხშირად, თუ სახეზეა რისკ-ფაქტორებიდან რამდენიმე კომპონენტი.

რისკ-ფაქტორებსა და დიაბეტის განვითარებას შორის კორელაცია არასდროს არის 100%, თუმცა რაც უფრო მეტი ფაქტორია წარმოდგენილი, მით უფრო მაღალია დიაბეტის განვითარების რისკი და პირიქით, რისკ-ფაქტორების არმქონე პირებში გაცილებით ნაკლებად ვხვდებით დიაბეტით ავადობას.

ამიტომ უსიმპტომო მიმდინარეობის დიაბეტის აღმოჩენის შანსი გაცილებით მაღალია რისკ-ფაქტორების მქონე პირთა ჯგუფში, ვიდრე ზოგად პოპულაციაში.

დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორები მოიცავს:

დიაბეტი ტიპი 2-ის ოჯახური ისტორია – განსაკუთრებით მშობლებსა და დედმამიშვილებში დაავადების არსებობა;

სიმსუქნესხეულის მასის ინდექსი 27კგ/მ2 -ზე მეტი;

არააქტიური ცხოვრების სტილი;

რასა/ეთნიკური კუთვნილება – აფრო-ამერიკელები, ეთნიკური ამერიკელები, წყნარი ოკეანის კუნძულების მაცხოვრებლები;

ასაკი – 45 წელზე მეტი;

წარსულში დადგენილი პრედიაბეტი – გაუარესებული გლიკემია უზმოდ ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა;

არტერიული ჰიპერტენზია – 140/90 mmHg -ზე მეტი მოზრდილებში;

HDL ქოლესტეროლის დონე 35 მგ/დლ -ზე ნაკლები და/ან ტრიგლიცერიდების დონე – 250 მგ/დლ-ზე მეტი;

გესტაციური (ორსულთა ) დიაბეტი ანამნეზში ან 4 კგ-ზე მეტი წონის ნაყოფით მშობიარობა.

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.

სკრინინგის ჩასატარებელი ლაბორატორიული გამოკვლევებია: გლუკოზას განსაზღვრა სისხლში უზმოზე ან გლიკირებული ჰემოგლობინის გამოკვლევა.

დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია სხეულის მასის დაკლებით, არტერიული წნევისა და ლიპიდების ნორმალურ დონეზე შენარჩუნებით და რეგულარული ფიზიკური აქტივობით.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)