ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ინსულინი

ინსულინი გამომუშავდება პანკრეასის მიერ, რომელსაც მეორენაირად კუჭქვეშა ჯირკვალსაც უწოდებენ. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონის დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვების სახით მიღებული ნახშირწყლებიდან აითვისოს და გამოიყენოს შაქარი (გლუკოზა) ენერგიის წარმოქმნის მიზნით და ასევე, შექმნას გლუკოზას მარაგი მისი შემდგომი გამოყენებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან.

ორგანიზმის უჯრედებს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ენერგია, ენერგიის წყაროს კი წარმოადგენს გლუკოზა. საკვებში შემავალი ნახშირწყალი კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ განიცდის დაშლის და გადამუშავების პროცესებს, რის შედეგადაც მიიღება გლუკოზა. უჯრედების უმეტესობა გლუკოზას პირდაპირ ვერ ითვისებს. მას შემდეგ, რაც ხდება საკვების მიღება და სისხლში გლუკოზას დონის მომატება, ეს წარმოადგენს სიგნალს პანკრეასის ბეტა უჯრედებისთვის , რომ გამოყოს ასევე სისხლში საჭირო რაოდენობით ინსულინი. ინსულინს ხშირად ახასიათებენ, როგორც გასაღებს, რომელიც „აღებს“ უჯრედების კარს , რათა მისცეს საშუალება გლუკოზას შეაღწიოს მათში და გამოყენებულ იქნას , როგორც ენერგია.

თუ ორგანიზმში მოხვდა იმაზე მეტი შაქარი, ვიდრე მას იმ მომენტში ესაჭიროება, ინსულინი ახდენს მის დამარაგებას ღვიძლში, რათა გამოიყენოს ისეთ დროს, როდესაც სისხლში შაქრის დონე დაიწევს დაბლა, ან საჭირო გახდება დამატებითი ენერგია, კერძოდ, საკვების მიღებებს შორის შუალედში და ფიზიკური დატვირთვის დროს. რაც მეტი გლუკოზა ხვდება ორგანიზმში, მით მეტი ინსულინის გამომუშავება უწევს პანკრეასს, რათა უზრუნველყოს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება.

თუ პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან უჯრედები სხვადასხვა მიზეზის გამო რეზისტენტულია მისი მოქმედების მიმართ, ორგანიზმში შეიძლება განვითარდეს ჰიპერგლიკემია. თუ შაქრის დონე სისხლში დიდი ხნის განმავლობაში დარჩა მომატებული, ის იწვევს სერიოზულ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 -ით დაავადებულთა პანკრეასი ვერ წარმოქმნის ინსულინს, რადგან შესაბამისი უჯრედები არის დაზიანებული ან განადგურებული. რის გამოც საჭირო ხდება ინსულინის ინექციები, რათა მოხდეს გლუკოზას ათვისება და ჰიპერგლიკემიის გართულებების თავიდან აცილება.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 -ით დაავადებულთა ორგანიზმის უჯრედები არ პასუხობს ინსულინის მოქმედებას სათანადოდ ანუ რეზისტენტულია მის მიმართ, დიაბეტის ამ ტიპის  მკურნალობა, როგორც წესი, მედიკამენტებით და ცხოვრების წესის ცვლილებით იწყება, თუმცა, რადგან დაავადება პროგრესირებადია,  არასათანადო თერაპიის პირობებში მოგვიანებით ეტაპებზე თავს იჩენს ინსულინის დეფიციტი და აქაც ინსულინის ინექციების დამატება ხდება ხოლმე საჭირო.