ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის  ულტრასონოგრაფია

მეთოდი გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის და მისი მიმდებარე სტრუქტურების ვიზუალიზაციისთვის, რათა დაფიქსირდეს ორგანოს ზომის, კონტურის, ქსოვილისა და სისხლძარღვების ცვლილებები და მოხდეს პათოლოგიური კვანძოვანი წარმონაქმნების აღმოჩენა.

გამოკვლევის გამოყენების ყველაზე ხშირი მიზნებია:

🔸დადგინდეს კისრის მიდამოში ხელით გასინჯვისას აღმოჩენილი კვანძოვანი წარმონაქმნი ფარისებრ ჯირკვალშია თუ ირგვლივ მდებარე ქსოვილში;

🔸კვანძის შეფასება: აქვს თუ არა ისეთი მახასიათებლები, რომელიც მიუთითებს მის კეთილთვისებიან ბუნებას ან პირიქით, ბიოფსიის საჭიროებას;

🔸კვანძოვანი წარმონაქმნების რაოდენობის დაზუსტება;

🔸კვანძის ზომების ცვლილების შეფასება დინამიკაში.

კვანძის ზოგიერთი ულტრაბგერითი მახასიათებელი მკაცრად მიუთითებს მის კეთილთვისებიანობაზე, ზოგი კი ბადებს ეჭვს, რომ ის შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი იყოს.
ასევე ხშირია შემთხვევები, როცა რადიოლოგისთვის შეუძლებელია კვანძის ხასიათის დიფერენცირება სრული სიზუსტით.
პირველ შემთხვევაში საკმარისია ხოლმე პერიოდულად ულტრასონოგრაფიული დაკვირვება, ბოლო ორი სიტუაციისთვის კი მოწოდებულია ბიოფსიით პათოლოგიური წარმონაქმნიდან ნიმუშის აღება და მიკროსკოპით დათვალიერება/შეფასება.

ულტრაბგერითი გამოკვლევით შეუძლებელია ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, ამისთვის საჭიროა დამატებით ჰორმონალური ტესტების ჩატარება და ზოგ შემთხვევაში რადიონუკლიდური სკანირება.