ნახშირწყლოვანი ცვლა

ინსულინ რეზისტენტობა და სიმსუქნე

ინსულინ რეზისტენტობას და სიმსუქნეს შორის იმდენად მჭიდროა კავშირი, რომ რთულია გამოყოფა, რომელი ფაქტორია პირველადი გამომწვევი.
ცნობილია, რომ ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა იწვევს ინსულინ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას/გაღრმავებას, თავად ინსულინ რეზისტენტობის გამო განვითარებული პათოლოგიური პროცესები კი ინსულინის რაოდენობის მატების თაოსნობით, სიმსუქნის ხელისშემწყობ ფაქტორად გვევლინება.

როგორც დადგინდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჭარბი ცხიმის განაწილების ადგილს და სიმსუქნის შეფასების საყოველთაოდ მიღებული ერთეული _ სხეულის მასის ინდექსი არ არის საკმარისი მაჩვენებელი ინსულინ რეზისტენტობის რისკის შესაფასებლად.
ამ შემთხვევაში წამყვანი კრიტერიუმია ცხიმის უპირატესი დაგროვება მუცლის მიდამოში, რადგან ამ ლოკაციაზე ის მეტაბოლურად გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე პერიფერიაზე არსებული კანქვეშა ცხიმი.ამიტომ, ინსულინ რეზისტენტობის რისკის შეფასების მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევა სწორედ წელის გარშემოწერილობა, რომლის ნორმებია მამაკაცისთვის _ 102 სმ-ზე ნაკლები, ხოლო ქალისთვის _ 88 სმ-ზე ნაკლები.

ამრიგად, ნორმალური სხეულის მასის ინდექსი არ გამორიცხავს ინსულინ რეზისტენტობის არსებობას;

სიმსუქნის მართვის ერთერთი პირველი კომპონენტი უნდა იყოს ინსულინ რეზისტენტობის აღმოჩენა და მკურნალობა, რადგან ინსულინის მომატებული რაოდენობის ფონზე სასურველი შედეგის მიღება გაძნელებულია.